სანაკრებო პაუზა და ”ზესტაფონის” მზადება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველმა და მეორე გუნდებმა საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის განახლებისათვის მზადება დაიწყეს. ორივე კოლექტივი ზესტაფონში მიმდინარე წლის 3 სექტემბერს შეიკრიბა.
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ ჩემპიონათში თორმეთდღიანი სანაკრებო პაუზაა გამოცხადებული. ქვეყნის ძირითად და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებში იმერელთა ერთბაშად 6 ფეხბურთელია გამოძახებული. ნიკოლოზ გელაშვილსა და თორნიკე აფციაურს თემურ ქეცბაიამ ბერძნებთან და ებრაელებთან გასამართი მატჩებისათვის ეროვნულ ნაკრებში უხმო, ხოლო როინ კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი, რატი წინამძღვრიშვილი და გიორგი ხიდეშელი ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, თურქეთში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ხვალ "მიხეილ მესხზე" სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
ყველა დანარჩენი ფეხბურთელი იმერელთა დამრიგებლის განკარგულებაშია. 5 სექტემბერს ზესტაფონელებმა ერთმანეთში სპარინგ-მატჩი გამართეს. გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად, "ლურჯებად" და "წითლებად" დაჰყო და საქმეში, როგორც "ზესტაფონის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, ასევე უახლოესი რეზერვიც იხილა. შეხვედრა "ლურჯების" გამარჯვებით 3-1 დასრულდა, გამარჯვებულთაგან თავი თორნიკე გორგიაშვილმა, საბა ლომიამ და გოგი ფიფიამ გამოიჩინეს, "წითელთაგან" კი გატანილი გოლით ბერდია შარვაძემ დაგვამახსოვრა თავი.
ეროვნული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას ზემოიმერლები ზუგდიდის "ბაიასთან" გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე 11 სექტემბებრს გამართავენ. |