ზესტაფონელები თურქეთთან მატჩის წინ.
|
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ზესტაფონელი წევრები უკრაინულ "კარპატისთან" შეხვედრაში.
|
დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საქარიაში თურქ თანატოლებს ეთამაშება. ოთარ გაბელიას შეგირდებმა გუშინ 18 საათზე იქაურ სტადიონზე გენერალური რეპეტიცია გაიარეს. ვნახოთ, რა განწყობაა ჩვენს ფეხბურთელებში...
გიორგი ხიდეშელი: არ ვიცი, თამაშის დაწყებისას რა მომივა...
- გიორგი, სომხეთთან მატჩის შემდეგ დისკვალიფიცირებული ხართ. არადა, თურქეთის დარ ქვეყანაში თამაში კარიერისთვისაც სასურველია...
- მოედანზე გასვლისას, ჯერ მაინც ხალხზე ვფიქრობთ, რომ იქნებ, გავახაროთ და წარმატებას მივაღწიოთ. თავისთავად ცხადია, კარიერაზეც ვფიქროთ. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, ერევანში მიღებული ყვითელი ბარათის გამო, რამხელა მნიშვნელობის თამაშს ვტოვებ. ბიჭებთან ერთად ვემზადები და ამ უსიამოვნო განცდას ცოტათი მაინც ვივიწყებ. თუმცა, მე არ ვიცი, თამაშის დაწყებისას რა მომივა.
- ასეთი ემოციური ხართ?
- დიახ, ემოციური ვარ და განვიცდი, რომ ბიჭებს ვერ დავეხმარები. ძალიან ვნერვიულობ მაშინაც, როცა "ზესტაფონის" თამაშს ტრიბუნიდან ვუყურებ. ნაკრების თამაშზე ლაპარაკიც ზედმეტია. იმედია, გავიმარჯვებთ.
- ახალგაზრდულ ნაკრებში ყოველთვის საიმედოდ თამაშობდი, მაგრამ სომხეთთან საკუთარ თავს არ ჰგავდი. ასეთი რა მოგივიდა?
- ერევანში დაცვაში ყველაზე კარგად კაკუბავამ ითამაშა, მე კი მხარი ვერ ავუბი. საქმე ისაა, რომ 11 დღეში მესამე შეხვედრა ჩავატარე. "ზესტაფონს" მნიშვნელოვანი მატჩები ჰქონდა, ძალიან დავიღალე, ფიზიკურადაც სუსტად ვიყავი, რადგან თამაშის წინა დღეს სიცხეც მქონდა. ამ ყველაფრის გამო, მეორე ტაიმში დავიღალე და ბევრი შეცდომაც დავუშვი. ახლა ბევრად უკეთ ვარ.
- ეროვნულშიც გითამაშიათ, ახალგაზრდულში კი ლამის მეოთხე წელია გიწვევენ. ცოტა უცნაურია, რომ ასეთი სტატისტიკით დღემდე საქართველოში ხართ...
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი მიწვევა მქონდა. ყველაზე სასურველი ახლახანს იყო - გერმანიის ბუნდესლიგის სერიოზულ კლუბზე იყო ლაპარაკი, სახელის დაკონკრეტება არ მსურს. თუმცა ერთია სურვილი და მეორე, კლუბების შეთანხმება. "ზესტაფონთან" კონტრაქტი ერთ წელიწადში მიმთავრდება და დიდი სურვილი მაქვს, ევროპულ კლუბში ვითამაშო. ამ პერიოდში მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, ასეც რომ მოხდეს. ისეთ ასაკში ვარ, ახლა წყდება - ან წავალ, ან დავრჩები ჩვენი პირველობის დონეზე და ვეღარ გავიზრდები.
ბუბა დაუშვილი:
- ბუბა, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ნაკრებში დაბრუნდით. როგორც ვიცით, თქვენი გამოძახება ეროვნულშიც სურდათ...
- საბოლოოდ ისევ ახალგაზრდულში მიმიწვიეს, რადგან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. თურქეთში წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება, თავისთავად ცხადია, რევანშის აღება სურთ. ამიტომ, ორმაგად მონდომება გვჭირდება.
- ახალგაზრდული ყოველთვის ერთი საყრდენით თამაშობს. თურქებთან, მარტო არ როლის შესრულება საკმაოდ რთული იქნება.
- რა თქმა უნდა, თამაში მხოლოდ შეტევა არაა, დაცვაც საჭიროა. თუმცა, ჩვენთან ყველაფერი დაბალანსებულია. ზოგი შეტევაშია ძლიერი, ზოგიც დაცვაშიც, მაგრამ ბურთის ამოტანასა და დაცვაზე ნახევარდაცვაში მხოლოდ მე არ ვფიქრობ, ყველა ერთმანეთის დახმარებას, დაზღვევასა და გატანას ცდილობს. ამიტომაა მეგობრული და მებრძოლი ნაკრები. იმედია, თურქეთშიც ასე მოხდება და წარმატებით ვითამაშებთ. ზესტაფონში 4:0-ის შემდეგ, თურქები ჩვენთან არა უბრალოდ მოგებას, არამედ, სრულფასოვანი რევანშის აღებას შეეცდებიან. ვიცით კიდეც, რომ სერიოზულად ემზადებიან. ვფიქრობ, ეს ჩვენი კოზირია, დიდი მოგების იმედად, მთელი ძალეით შეუტევენ და კონტრშეტევებზე უნდა დავიჭიროთ. შეუძლებელი არაფერია, აქ თუ დიდი ანგარიშით მოვუგეთ, იგივეს საქარიაში რატომ არ შევძლებთ? მთავარია საკუთარი ძალების ვირწმუნოთ. არა ერთი მაგალითია, როცა ძლიერი ნაკრები შინ დაუმარცხებიათ.
- ძლიერ დარტყმას ადრე უფრო ხშირად იყენებდით, ბოლო დროს კი ამ თვისებით ნაკლებად სარგებლობთ. რატომ?
- გუნდში დარტყმებზე საგანგებოდ ვვარჯიშობთ, მეც ძალიან მიყვარს შეტევა. თუმცა ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მეტოქის ნახევარზე იშვიათად ვარ და კარში დარტყმაც იშვიათად მიწევს.
- დიდი დაკვირება არ სჭირდება, რომ ჩვენი მოთამაშეების თავდაჯერებულობა ევროთასების შემდეგ ქრება. "ზესტაფონი" ლვოვის "კარპატთან" გამოვარდა და სანაკრებო თამაშებისთვის როგორ განწყობაზე ხარ?
- დროც გავიდა და სულ წაგებაზე ფიქრი არაფერს გვარგებს. თანაც, "კარპატი" უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მასთან წაგება ისეთი სამარცხვინო ნაღდად არაა, როგორც მაგალითად, მალტის გუნდთან. "კარპატი" რომ ძლიერია, "გალათასარაისთან" დაამტკიცა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. სხვათაშორის, ლვოვში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ზესტაფონში. არადა, პირიქით უნდა ყოფილიყო და ამის ახსნა გამიჭირდა... ამ წაგების შემდეგ ვერ ვიტყვი, რომ თავდაჯერებულობა დავკარგე.
- "ზესტაფონზეც" ვილაპარაკოთ. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ამ გუნდს ყოველთვის "მარილი" აკლდა. ამ "ტრადიციას" ვითომ მიმდინარე სეზონში დაარღვევთ?
- ძნელი სათქმელია, მაგრამ ამისთვის დიდი ხანია ვიბრძვით, რაღაც არ გამოგვდის. არადა, საჩემპიონო პოტენციალი და ძალა ნაღდად გაგვაჩნია.
- აბა, რა გჭირთ?
- რა და ქულებს ხშირად უაზროდ ვკარგავთ. "ზესტაფონი" ახალგაზრდული გუნდია და ეტყობა, ეს არასტაბილურობაც ასაკის ბრალია. თუმცა, უკვე გამოცდილება შევიძინეთ, ბავშვებიც აღარ ვართ, გუნდი კარგადაა დაკომპლექტებულები და თითოეული ფეხბურთელი ჩემპიონობაზე ფიქრობს. |