31.08.2010

 

 

მსაჯების, სტრატეგიისა და ”გაღმა შედავების” შესახებ.

 

 

 

 

გაზეთ ”ლელოს”  2010 წლის 30 აგვისტოს (№ 203(13 191)) ნომერში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით ”მახარაძე: ასეთი მსაჯობა არ შეიძლება”, რომელშიც პუბლიკაციის ავტორი დავით კოხრეიძე გაზეთის მკითხველს მოუთხრობს 2010 წლის 29 აგვისტოს გამართულ საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონისა” და რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპის” კოლექტივები დაუპირისპირდნენ.

 


ხსენებული სტატიის დასკვნით ნაწილში მოყვანილია რუსთაველთა დამრიგებლის თემურ მახარაძის მატჩისშემდგომი კომენტარი, რომელშიც ქვემოქართლელთა დამრიგებელი  მისი გუნდის ”საწინააღმდეგოდ მიზანმართული მსაჯობით” აღშფოთებას ვერ მალავს: ”რას უნდა გახდე, როცა 12 კაცს ეთამაშები?!  ასეთი მსაჯობა არ შეიძლება!  სხვადასხვა სათამაშო თუ სადავო ეპიზოდებში მასპინძლების მხარეს იჭერდნენ და მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ?!”.


მიზეზი იმისა, რომ საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გადაწყვიტა გამოხმაურებოდა  ამ პუბლიკაციას სულაც არ გახლავთ ის, რომ  დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხებული გუნდის  დამრიგებელი ცდილობს გაამართლოს თავის გუნდის წარუმატებლობა ”მისტიური შეთქმულებით” ან რაიმე სხვა მიზეზით. არ გახლავთ ამის მიზეზი არც ის გარემოება, რომ დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ  ძალიან ბევრ ეპიზოდში მსაჯთა მიერ „ოლიმპის“ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების გამო გამოხატა, რბილად რომ ვთქვათ,  უკმაყოფილება მატჩის მომსახურე არბიტრების (მთავარი მსაჯი - დავით ხარიტონაშვილი)  ქმედებათა   გამო  და მათი ეს ქმედებები  ტრიბუნებიდან მოწყობილი ”ობსტრუქციითაც შეაფასა”.


ყველას, ვინც  ზემოთხსენებულ სტატიას გაეცნო, გაახსენდებოდა ერთი წლის წინანდელი მოვლენები, როდესაც ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი, ყოველი (თუნდაც მოგებული !!!) მატჩის შემდეგ, გაზეთისა თუ ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში,  გაუთავებლად გაიძახოდა იმის შესახებ, რომ მის გუნდს მსაჯები არ სწყალობენ. ვფიქრობთ, რომ არ გაგაკვირვებთ, როდესაც შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი რუსთავის ”ოლიმპი” გახლდათ (გუნდი, რომელიც იმ სეზონში არბიტრებთან და მათ ქმედებებთან დაკავშირებული ბევრი სკანდალის თანხლებით  ჩემპიონი გახდა).  იმის მიუხედავად, რომ გუნდს მაშინ ოთარ კორღალიძე წვრთნიდა, რიტორიკა დღესაც აბსოლუტურად უცვლელია.


ჩვენთვის არაა საინტერესო იმის დადგენა, თუ რა ”იმალება”  რუსთავული კლუბის მოქმედებათა ასეთი ”სტრატეგიის” უკან,  საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს იმის შესახებ, რომ  უახლოეს დღეებში კლუბი მიმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და დამკვირვებელთა კომიტეტს, რათა შესაბამისი შეფასება მიეცეს ”ზესტაფონისა” და რუსთავის ”ოლიმპის” მატჩის მომსახურე არბიტრთა ბრიგადის მუშაობას  და   სათანადო რეაქცია მოჰყვეს საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპის” მთავარი მწვრთნელის თემურ მახარაძის  არაადექვატურ განცხადებებს.



საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005