ინტერვიუ გიორგი გეგუჩაძესთან.
ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა არ არის!
საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეში საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მოექცა. იმერლებმა "დავით აბაშიძეზე" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი რუსთავის "ოლიმპი" დაამარცხეს.
წლეულს "ზესტაფონი" რომ მხოლოდ ქართული ოქროსთვის იბრძოლებს, ამას თქმა რად უნდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის ამბიცია მხოლოდ ჩემპიონობით როდი შემოიზღუდება. გვესაუბრება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე.
- ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ვხვდებოდით და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენი პირველი კითხვა გუნდში არსებულ ზოგად სიტუაციას შეეხებოდა და გეტყვით, რომ ძალიან კარგი სამუშაო სიტუაციაა. ჩვეულებრივი მუშა პროცესი მიმდინარეობს. ვემზადებით მომავალი მატჩებისთვის.
- საყოველთაო აღიარებით, "ზესტაფონი" "ოლიმპთან" უპირატესობას ფლობდა და მატჩის შედეგი კანონზომიერია ...
- ჩვენი მიზანი იყო, ეს შეხვედრა დადებითი შედეგით დაგვესრულებინა. დადებით შედეგში კი მხოლოდ და მხოლოდ მოგება იგულისხმება. მოხარული ვარ, რომ ამ მიზნის მიღწევა შევძელით. ეს ჩვენი დიდი შრომის შედეგია. აქვე მინდა ვთქვა, რომ "ოლიმპი" ძალიან კარგი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი შემადგენლობიდან ბევრი ფეხბურთელი აღარ ირიცხება კლუბში, მაინც ძლიერი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. აქედან გამომდინარე, გამარჯვება ორმაგად სასიამოვნოა.
- თქვენ არაერთხელ მოგისინჯავთ 4-3-3 ტაქტიკური სქემა. ბოლო დროს "ზესტაფონს" 4-4-2 განლაგებით ათამაშებდით. რუსთავის "ოლიმპთან" კი ერთი გამოკვეთილი ფორვარდი დააყენეთ ძირითად შემადგენლობაში. ცოტა მოულოდნელად გვეჩვენა ეს გადაწყვეტილება ...
- უცნაური და მოულოდნელი აქ არაფერი ყოფილა. გეთანხმებით, აქამდე ორი გამოკვეთილი ფორვარდით ვთამაშობდით. მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, რომ ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით შეგვეტია. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ თავდამსხმელს უკან ოთხი შემტევი სტილის ნახევარმცველი უმაგრებდა ზურგს.
- "ზესტაფონი" სატურნირო ცხრილის სათავეშია. ბუნებრივია, გუნდის მიზანი საქართველოს ჩემპიონობაა...
- ჩვენი მიზანი საქართველოს ჩემპიონობა არ არის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობა ვერაფრით დაგვაკმაყოფილებს. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში თამაშია.
|