2010 წლის 29 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩები. ტურის ბოლო შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ქვეყნის ჩემპიონ რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპს” ...
დღევანდელი მატჩისადმი ზესტაფონელთა მზადებაზე თხრობას იმ სასიამოვნო სიურპრიზის ხსენებით დავიწყებთ, რომელიც ზესტაფონელთა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა საკუთარ გულშემატკივრებს მოუწყვეს - გუნდის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მარგველთათვის გადაცემული ბრინჯაოს მედლების ერთ-ერთი კომპლექტი საზეიმო ვითარებაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბს გადაეცა ...
შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, ზესტაფონელები რამდენიმე ეპიზოდში ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ ერთ ეპიზოდში მოხერხდა - 18-ე წუთზე ირაკლი ძარიამ გამოზომილი გადაცემით ნიკოლოზ გელაშვილი რუსთაველთა მეკარე გრიგოლ ბედიაშვილთან პირისპირ დატოვა და ამ უკანასკნელმა მახვილი კუთხიდან ბურთი სტუმართა კარის ბადეში გადაგზავნა. იმერლები მატჩის მიმდინარეობას შეხვედრის მეორე ნახევარშიც აკონტროლებდნენ და საქმე კანონზომიერ გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან პაექრობაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ეროვნული პირველობის სატურნირო ცხრილს სწორედ ზესტაფონელები მოექცნენ სათავეში.
საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 11 სექტემბერს ზუგდიდში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”ბაიასთან ” გამართავს.