28.08.2010

 

 

პრევიუ: "ზესტაფონი" – "ოლიმპი" (რუსთავი).

 

 

 

რა თქმა უნდა, ზესტაფონი – ოლიმპი (რუსთავი) ტურის მთავარი მატჩია. შემადგენლობაშეცვლილი ჩემპიონი იმერეთს სტუმრობს და მორიგი ფავორიტის ძლევას შეეცდება: “დინამოსთან” მოგების შემდეგ, თემურ მახარაძის გუნდზე ვერავინ იტყვის, ჩემპიონობას იოლად დათმობსო. შარშან ფეროელებმა შინ ვერცერთი მატჩი ვერ მოუგეს რუსთაველებს (ორივე ფრედ, 2:2 და 1:1 დასრულდა) და ახლა შეეცდებიან ნავსის გატეხვას.

 


რამდენი წელია, “ზესტაფონი” ჩემპიონობისთვის იბრძვის და თავიდან მთავარ ფავორიტადაც თვლიან ხოლმე. თითქოს, ახლაც ასეა: კლუბს საქართველოში სანიმუშო ინფრასტრუქტურა აქვს და გუნდსაც არ დაეწუნება შემადგენლობა, მითუმეტეს, თუ რატი წინამძღვრიშვილი მომდევნო მატჩებშიც შედეგიანად ითამაშებს... რატიმ გასულ უქმეებზე დუბლი შეასრულა “სპარტაკთან”. ის რომ ნიჭიერი ფორვარდია, ამაზე არავინ კამათობს, უბრალოდ, ხშირმა და მძიმე ტრავმებმა იმდენი გააცდენინა, რომ მის ადგილზე ბევრი ფეხბურთელი ხელს ჩაიქნევდა.


და ერთიც, იმედია, ეს მატჩი გასული სეზონის მესამე წრის შეხვედრას არ დაემსგავსება, როცა ბოლო წუთებში, “ოლიმპის” სათადარიგოთა სკამიდან ბურთი შეაგორეს თამაშში (ფეროელთა შეტევის ჩაშლის მიზნით) და ამას რაც მოჰყვა, გეხსომებათ; მეტოქე ფეხბურთელებმა ერთმანეთში იჩხუბეს, მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამ კი, მატჩი შეწყვიტა. 1:1 “დამთავრდა”, მაგრამ ორივე გუნდს წაგება ჩაუთვალეს და პლუს, “ოლიმპს” სამი ქულაც დააკლეს.


ერთი კი არის, მაშინდელი “ოლიმპი” სულ სხვა იყო – მწვრთნელი და კლუბის სახელწოდება დარჩა, თორემ შემადგენლობას ვეღარ იცნობთ, თითქმის მთლიანად შეცვლილია...



გაზეთი ”მსოფლიო სპორტი”
   
FC ZESTAFONI © 2005