20.09.2006

ინტერვიუ გიორგი განუგრავასთან : ”მახარაძე თავისას დაამტკიცებს”

 

გიორგი განუგრავას თავის გამოჩენის შანსი კვლავ მიეცა. ბოლო დროს საქართველოს ნაკრების წევრობის ახალგაზრდა კანდიდატი იშვიათად ჩნდებოდა ”ზესტაფონი”-ს შემადგენლობაში.

გუნდში თემურ მახარაძის მოსვლის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა - გიორგი ”ზესტაფონი”-ს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.

გიორგი, გილოცავთ ნაკრებში გამოძახებას! ბოლო პერიოდში მოკლებული იყავით სათამაშო პრაქტიკას  და მოულოდნელი ხომ არ იყო ნაკრებში გამოძახება ?

სათამაშო პრაქტიკას მოკლებული ნამდვილად არ ვიყავი. ”ზესტაფონი-2”-ს შემადგენლობაში სისტემატურად ვთამაშობდი. გარდა ამისა, რამდენჯერმე ვითამაშე ”ზესტაფონი”-ს პირველ გუნდის შემადგენლობაში და პრაქტიკა ნამდვილად არ მაკლდა.

ბოლო ტურში ბათუმის ”დინამო”- სთან არ გითამაშია.

ბათუმში იმიტომ ვერ დავეხმარე ჩემს გუნდს, რომ ვირუსი შემეყარა. ამავე მიზეზის გამო გამოვტოვე შეხვედრა ”მერან”-თან.

ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერები ხართ. ბათუმში კი ვერ გაიმარჯვეთ. რით ახსნით ამას, მეტოქის დაუფასებლობამ ხომ არ იქონია გავლენა?

ზესტაფონში ყოველთვის ვაფასებთ მეტოქეს. ბათუმშიც კარგად ითამაშეს ბიჭებმა. უბრალოდ, ეს ფეხბურთია და ყოველთვის ვერ მოიგებ.

”ზესტაფონ”-ს ალბათ შესწევს იმის ძალა, რომ ჩემპიონობისათვის იბრძოლოს. კოკნკურენტებად ამ ბრძოლაში ვინ გესახებათ ?

”დინამო”, ”ამერი”, ”ოლიმპი” და ”ვიტ-ჯორჯია”, ვინც ცოტა ხნის წინ სამარცხვინოდ დაგვამარცხა, თუმცა ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, თუ ჩვენი თამაში ვითამაშეთ, საქართველოში პირველები ვიყოთ.

ცოტა ხნის წინ მთავარ მწვრთნელად თემურ მახარაძე დაგინიშნეს. გუნდში როგორ შეხვდით ამ ცვლილებას ?

მახარაძეს თავისი სიძლიერე უამრავჯერ დაუმტკიცებია და კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებს. რა თქმა უნდა , ყველას გაგვიხარდა, რომ გუნდს სათავეში ჩაუდგა ისეთი ძლიერი სპეციალისტი, როგორიც ბატონი თემურია. მე მის მოსვლამდე დუბლებში ვიყავი და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ პირველ გუნდში გადმომიყვანეს.

თქვენს ასაკში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებით და რით ახსნით, რომ გარკვეული პერიოდი დუბლებში იყავით ?

როგორც ამიხსნეს, სათამაშო ფორმაში არ ვიყავი, მაგრამ რაც მთავარია, ახლა ყველაფერი დალაგდა.

უცხოეთიდან ხომ არ გაქვთ შემოთავაზებები ?

ჯერჯერობით არა, თუმცა წასვლაზე არც ვფიქრობ, რადგან ახალა ”ზესტაფონ”-ში ვარ და ჩემი უახლოესი გეგმები ამ გუნდს უკავშირდება.

კონტრაქტით კიდევ რამდენ ხანს ეკუთვნით ”ზესტაფონ”-ს ?

დაახლოებით ექვსი თვე. ისე, შეიძლება კონტრაქტი გავაგრძელო კიდეც.

 

გაზეთი ”ოლიმპი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005