21.08.2010

 

 

პირველი საშინაო მატჩი ახალ სეზონში.

 

 

 

 

2010 წლის 20-22 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXII-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები. შაბათს, ტურის ბოლოსწინა შეხვედრაში, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს” ...

 

ახალი საფეხბურთო სეზონის პირველი საშინაო მატჩის დაწყების წინ ზესტაფონის სტადიონზე ერთბაშად რამდენიმე საზეიმო ცერემონია გაიმართა. თავდაპირველად სტადიონზე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” აწგარდაცვლილი გენერალური დირექტორის, ბატონი დავით აბაშიძის მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ამის შემდეგ ზესტაფონელთა კაპიტანმა თორნიკე აფციაურმა და მისმა ცხინვალელმა კოლეგა ნიკა მგელაძემ, ეროვნული ჰიმნის ჰანგების თანხლებით, საქართველოს ეროვნული დროშა აღმართეს, ხოლო საზეიმო ღონისძიებათა დასკვნითი აკორდი საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტის ბატონი გია ფირცხალავას მიერ ზესტაფონელებისათვის განვლილი, XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების გადაცემა გახლდათ.

შეხვედრა მასპინძელთა უდიდესი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიშის გახსნა მხოლოდ 31-ე წუთზე მოხერხდა - ნიკოლოზ გელაშვილის ფლანგური რეიდი ირაკლი ძარიაზე ზუსტი გადაცემითა და ამ უკანასკნელის უძლიერესი დარტმყით დასრულდა, ცხინვალელთა გოლკიპერი სოსო გრიშიკაშვილი უძლური აღმოჩნდა.

მეორე ტაიმიც მარგველთა კარნახით წარიმართა, მასპინძლებმა უამრავი სახიფათო მომენტი შეჰქმნეს და პირველი ტაიმის "მონაგარს" კიდევ 3 გატანილი გოლიც შეჰმატეს. სასიამოვნოა რომ "დუბლით" გამოიჩინა თავი საფეხბურთო მინდორზე ახლახან დაბრუნებულმა რატი წინამძღვრიშვილმა - 67-ე წუთზე რატიმ დასწრებაზე ითამაშა კარგად, დააგვირგვინა რა შოთა გრიგალაშვილისა და ნიკოლოზ გელაშვილის მიერ წამოწყებული შეტევა, ხოლო 79-ეზე კახაბერ ალადაშვილის გამოზომილი ფლანგური გადაცემის შემდეგ ბრწყინვალე თავური დარტყმით ანგარიში 3-0 გახადა. დღევანდელ შეხვედრაში "ბოლო სიტყვა" ზესტაფონელებმა მატჩის არბიტრ ჯენერი ხორავას მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე თქვეს - ნიკოლოზ გელაშვილმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო საგოლე შეხების ავტორად ამჯერად შოთა გრიგალაშვილი მოგვევლინა, ლამაზი გამარჯვება - 4-0.

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "ლელო"):

გელა ინალიშვილი (სპარტაკი): "ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ფეხბურთელების უმეტესობას გამოცდილება აკლია. რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ზესტაფონი კი გამოუყენებელ მომენტებს არავის პატიობს. მასპინძლებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. ვულოცავ მათ გამარჯვებას, ჩვენ კი თამაშის გამოსასწორებლად ბევრი მუშაობა გვმართებს".


გია გეგუჩაძე (ზესტაფონი): "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ეს მოგება მომავალი მატჩებისთვის გუნდს ფსიქოლოგიურად უკეთ განაწყობს. ლამაზი, კომბინაციური და შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ, რამაც ლოგიკურ შედეგამდე მიგვიყვანა".

 

 

21/08/2010 - ”ზესტაფონი” - ”სპარტაკი” (ცხინვალი) 4-0

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 29 აგვისტოს ისევ შინ გამართავს. ზემოიმერელთა მეტოქე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, რუსთავის საფეხბურთო კლუბი ”ოლიმპი” იქნება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005