17.08.2010

 

 

ინტერვიუ გიორგი გეგუჩაძესთან.

ეს ჩავარდნა არ არის!

 

 

 

 

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად შერაცხულმა "ზესტაფონმა" სეზონი უშუალო კონკურენტთან მარცხით დაიწყო. ლვოვის "კარპატისთან" გავარდნამ და "დინამოსთან" წაგებამ არაერთი კითხვა გააჩინა - მაინც რა ვითარებაა "ზესტაფონში", არის თუ არა გუნდი მზად იმისთვის, რომ ოქროს მედლებს შეეჭიდოს, რით უნდა აიხსნას ზემოთ ნახსენები წარუმატებლობები...
ამ და სხვა კითხვებით "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს მივმართეთ...

 

- რამდენად ნაყოფიერად გამოიყენეთ მოსამზადებელი ეტაპი და რა დონეზე შეხვდა გუნდი ახალ სეზონს?

- შეიძლება ითქვას, რომ გუნდის მომზადება გეგმის მიხედვით წარიმართა და კარგია, რომ ხარვეზები არ გვქონია. ფეხბურთელების მდგომარეობიდან გამომდინარე, უმნიშვნელო კორექტივების შეტანამ მოგვიწია. ორგანიზაციული თვალსაზრისით, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო. დღეისათვის გუნდი ფორმის პიკზე არ არის და ეს ბოლო თამაშებმაც დაგვანხვა. ამჟამად გუნდი შესაძლებლობების 80 %-ს ავლენს. თუმცა ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და მჯერა მატჩიდან მატჩამდე გუნდი უკეთ ათამაშდება.

- ზაფხულის პაუზისას რამდენიმე ფეხბურთელი გამოგაკლდათ, რამდენიმე მოთამაშე დაიმატეთ. ახლა უკეთესი შემადგენლობა გყავთ, თუ გასულ სეზონში?

- ჩვენი გუნდი პროგრესზეა ორიენტირებული და ყოველთვის მზარდი ამოცანების წინაშე ვდგავართ. წასული ფეხბურთელების ნაცვლად ახლები დავიმატეთ, რომლებიც საკმაოდ ცნობილი და გამოცდილი მოთამაშეები არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდთან ამ ახალწვეულების შერწყმა უპრობლემოდ მოხდა.

- "ზესტაფონმა" ევროისტორიაში ხალი ფურცელი ჩაწერა, გუნდი პირველად გავიდა მესამე ეტაპზე. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ მეტის მიღწევაც შეიძლებოდა...

- პირდაპირ გეტყვით, ჩემი აზრით, შეიძლებოდა კი არა, აუცილებელიც იყო "კარპატის" ბარიერი დაგვეძლია. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს. ვთვლი, რომ უკრაინული ბარიერის გადაულახაობა, წარუმატებლობა იყო. ჩემი აზრით, უარყოფითი შედეგიც შედეგია, რადგან ის ხარვეზები დავინახეთ, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. სამწუხაროდ, ამ ხარვეზების აღმოფხვრას ერთი და ორი დღე არ ეყოფა. ყოველთვის გვინდა, რომ ყველაფერი მოკლე დროში მოხდეს, მაგრამ ეს ხარვეზები, თუნდაც მენტალური პრობლემები, ფსიქოლოგიური მომენტი, ფეხბურთელების განწყობა, ხასიათის სიმტკიცის გამოვლინება და სხვა ფაქტორები, დროს საჭიროებს და ამ მიმართულებით დიდი მუშაობა გვმართებს.

- ევროტურნირებზე, რომელ მატჩში აჩვენა "ზესტაფონმა" იმ დონის თამაში, რასაც ესწრაფვით?

- კარგი და ცუდი თამაშები იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ერთ მატჩში იდეალური თამაში ვაჩვენეთ. თუნდაც "დუკლასთან" შინ კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ არა სრულყოფილი. იმ მატჩშიც იყო შეცდომები, რომელიც ამ დონეზე დასაშვები არ არის. ზოგი ფეხბურთელი მნიშვნელოვნად წარმატებულია, ზოგი შეფერხებულია. ცალკეული ფეხბურთელების პროგრესს ვხედავ რაც მთლიანობაში გუნდის პროგრესია. ერთი სიტყვით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.

- სატრანსფერო პერიოდი აგვისტოს ბოლოს მთავრდება. წინ კიდევ ორი კვირაა. ფეხბურთელებს კიდევ დაიმატებთ?

- გარკვეულ პოზიციებზე მოთამაშეები გვჭირდება, მაგრამ არც ის გვინდა, რომ ისეთი ფეხბურთელი დავიმატოთ, რომელიც გუნდს არ გააძლიერებს. ამ ეტაპზე პოტენციური ახალწვეული შეგულებული არ გვყავს. თუ თავად რომელიმე ფეხბურთელმა გამოთქვა სურვილი, მაშინ ვიფიქრებთ ამაზე. სეზონი უკვე დაიწყო, ვაკვირდებით სხვა გუნდის ფეხბურთელებს და შესაძლოა ისინი ზამთრის სატრანსფერო პაუზისას მოვიწვიოთ გუნდში. პარარელურად ვაკვირდებით ჩვენი კლუბის დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებს. ზაფხულის მოსამზადებელი შეკრებისას, დუბლებიდან რამდენიმე ფეხბურთელი გვყავდა მოწვეული, შანსი, სათამაშო პრაქტიკაც მივეცით, წავახალისეთ. ვაკვირდებით და ვნახოთ, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.

- ლვოვში მინიმალური წაგების (0:1) შემდეგ, ბევრი ელოდა, რომ ამ ბარიერს გადალახავდით. სამწუხაროდ, მოგების ნაცვლად ზესტაფონშიც დამარცხდით. ამ მატჩში გუნდი შემოჭილად გამოიყურებოდა და ამას რით ახსნით. ეს იყო აუცილებელი მოგების მოთხოვნით გამოწვეული ფსიქოლოგიური წნეხი თუ სხვა მიზეზებთან გვაქვს საქმე?

- გეთანხმებით, ეს ფსიქოლოგიური წნეხი იყო. ჩვენი კლუბის ყველა წევრის გარემოცვა, მიიჩნევდა, რომ ეს ბარიერი უნდა დაგვეძლია. სწორედ ამას ითხოვდა და მოელოდა "ზესტაფონისგან". შესაბამისად, ძალიან დიდი იყო ფსიქოლოგიური ტვირთი, რასაც შეგვიძლია ზეწოლაც კი ვუწოდოთ. ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ჩვენი ფეხბურთელები შებოჭილები იყვნენ მოედანზე.

- შემადგენლობით, ნაჩვენებით თამაშებითა და შედეგებით "ზესტაფონი" ჩემპიონობისათვის ბრძოლაში მთავარ პრეტენდენტად არის მიჩნეული. თუმცა სეზონი წარუმატებლად დაიწყეთ. თქვენს გუნდს შარშანაც გაუჭირდა ევროტურნირებიდან ეროვნულ ჩემპიონატზე გადართვა. მსგავსი განმეორდა თუ სხვა ფაქტორებთან გვაქვს საქმე?

- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ შარშანდელივით გვიჭირს ევროტურნირებიდან ეროვნულ ჩემპიონატზე გადართვა. "დინამოსთან" მატჩში, ჩვენი ფეხბურთელების განწყობაც არ ყოფილა ცუდი. ჩვენ პირდაპირ უშუალ კონკურენტთან მოგვიწია დაპირისპირება. ძალიან გვინდოდა ეს მატჩი მოგვეგო, მაგრამ ასე არ მოხდა. ამ წაგების ახსნა არაერთი მიზეზით შეიძლება. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ფსიქოლოგიური მომენტია. ალბათ, ზოგმა მოთამაშემ ჩათვალა, რომ იოლად მოვიპოვებდით ამ შეხვედრაში გამარჯვებას. გარკვეულ მომენტებში გაგვიჭირდა, შეცდომებიც დავუშვით და ყველაფერმა ამან ჩვენი წაგება განაპირობა. ჩვენს გუნდს ამ მატჩში მოგება მართებდა. წარმატებისთვის მხოლოდ ძალისხმევა საკმარისი არ არის. ამ შეხვედრაში გვინდოდა თამაშის სადავეები გვქონოდა, თამაშის მსვლელობა და ტემპი ჩვენ უნდა გვეკარნახა. თუმცა ეს არ მოხერხდა, შეცდომები დავუშვით და დავმარცხდით.

- ზოგი მიიჩნევს, რომ "ზესტაფონს" მცირედი ჩავარდნა აქვს. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ამა თუ იმ მატჩში დავმარცხდებით და უმალ იწყება საუბარი ჩავარდნაზე. არ მესმის, ერთი ან ორი წაგება, რატომ უნდა ჩაითვალოს ჩავარდნად. მართალია, ჩვენ ყველა მატცსი მოსაგებად ვიბრძვით, მაგრამ, ეს ფეხბურთია ხან მოიგებ და ხან წააგებ. თუ ყველა წაგებას ჩავარდნად მოვნათლავთ და სასოწარკვეთას მივეცემით, ასე არაფერი გამოვა. თამამად შემიძლია გთხრათ, რომ "ზესტაფონს" ჩავარდნა არ აქვს, გუშინ წავაგეთ, ხვალ, ზეგ და მის მერე მოვიგებთ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ სრულად ჩამოყალიბებული გუნდი, სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. აშკარად ჩანს, რომ გუნდში პროგრესია და ეს განვლილ მატჩებშიც გამოჩნდა და მომდევნო თამაშებიც წარმოჩნდება.

- მომდევნო ტურში ცხინვალის "სპარტაკთან" ორი ცენტრალური მცველის, გიორგი ხიდეშელისა და მამუკა კობახიძის გარეშე მოგიწევთ თამაში. ვის ვიხილავთ დაცვის ცენტრში. ერთ-ერთი ალბათ მურთაზ დაუშვილი იქნება, რომელმაც "დინამოსთან" შეხვედრაში, ხიდეშელის გაძევებისას, სწორედ ამ პოზიციაზე ითამაშა...

- სხვათა შორის, ხიდეშელის გაძევებისას, თავად ფეხბურთელებმა მოიფიქრეს, დაუშვილი დაცვაში დადგა, ძარიამ უკან დაიწია. ამას ჩემი ჩარევა არ დასჭირვებია და ეს მიღწევად მიმაჩნია და მახარებს.

- ამ სეზონშიც მაქსიმალურ მიზანს ისახავთ, ოქროს მედლები და თასი. ორ ფრონტზე იბრძოლებთ...

- თავისთავად ცხადია, ორ ფრონტზე ვიბრძოლებთ. მთავარია ყველაფერი სათანადოდ გავაანალიზოთ. თავად ფეხბურთელებმაც სწორად უნდა აღიქვან ყველაფერი და საკუთარ თავზე იმუშაონ. ჩვენი გულშემატკიარი მკაცრი და მომთხოვნია. უკეთესი შედეგის მოლოდინში, მათ მოთმინება მინდა ვუსურვო. ვიცი, კარგად ახსოვთ ბოლო წლებში გუნდის თამაში და შედეგები, ხედავენ პროგრესს. ფაქტია, რომ ჩვენ ერთ ადგილს არ ვტკეპნით, წინ მივდივართ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და კიდევ მეტის მიღწევა გვინდა. საამისოდ ბრძოლაში გულშემატკივრის თანადგომა გვჭირდება და იმედი მაქვს ისინი კიდევ უფრო მეტად დაგვიჭერენ მხარს.

- სეზონი დაიწყო და დანარჩენ 9 გუნდზე მეტ-ნაკლები წარმოდგენა გაქვთ. ჩემპიონობისა და თასისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტებად რომელ გუნდებს მიიჩნევთ?

- ძალიან მიხარია, რომ გუნდები გაძლიერდნენ. რა თქმა უნდა, მიზნის მიღწევას ეს გვირთულებს. თუმცა რაც უფრო მეტი კარგი და რთული თამაში გვექნება სეზონის განმავლობაში, მით უკეთ ვიქნებით მზად ევროტურნირებისთვის.კარგი გუნდების მომრავლებით ჩემპიონატის დონეც აიწევს და ინტერესი მეტი იქნება. არ მინდა ფავორიტები გამოვარჩიო, იოლ ბრძოლებს არ ველით და ვნახოთ.

დავით ცაბაძე, გაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005