XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა.
2010 წლის 14 აგვისტოს სტარტი აიღო საქართველოს XXII-ე ეროვნულმა საფეხბურთო ჩემპიონატმა. ახალი სეზონის პირველი შეხვედრა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თბილისის ”დინამოსთან” 15 აგვისტოს გამართა ...
ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე და ეროვნული ჰიმნის ხანგების თანხლებით "ფეარ პლეი" დროშის აღმართვამდე გაირკვა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის საპატიო სტუმართა ლოჟაში არ გამოიძებნა ადგილები საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელთათვის. დასანანია, მაგრამ ქვეყნის მთავარ არენაზე არც ინტერნეტი ფუნქციონირებდა და ტექსტური ონლაინის წაყვანაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახურს მშველელად "მრავალნაცადი" 3-G სისტემის მოდემი მოევლინა ...
შეხვედრა პირველივე წუთებიდან ორმხრივ იერიშებში და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირობაზე ძალიან მაღალ ტემპში წარიმართა. მეტოქის შეტევას გუნდები შეტევითვე პასუხობდნენ. ასეთ პაექრობაში თავდაპირველად დინამოელებმა იხეირეს. აქვე უნდა ითქვას, რომ მასპინძელთა მიერ 7-ე წუთზე გატანილ გოლს წინ უსწრებდა ძალიან საკამათო ეპიზოდი, საუბარია გიორგი ონიანისა და დონალდ ჯუსის შეჯახებაზე, რომლის შემდეგაც ზესტაფონელთა მცველი მოედანზე წაქცეული დარჩა, ხოლო დინამოელებმა მშვიდად გააგრძელეს შეტევა, რომლის დაგვირგვინება თავის თავზე მათე ვაწაძემ აიღო. ზესტაფონელებმა 17-ე წუთზე კახაბერ ალადაშვილის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმით უპასუხეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დინამოელთა კარში დღეს გატანილი გოლი გამოცდილი ნახევარმცველის პირველი გოლია იმერულთა შემადგენლობაში. ტაიმის დარჩენილ წუთებში ორივე გუნდს ჰქონდა დაწინაურების შესაძლებლობები, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრის ნახევარი ფრედ 1-1 დასრულდა.
მეორე ტაიმი გიორგი ხიდეშელის მოედნიდან გაძევებით და ამ გაძევების გამო გია გეგუჩაძის მიერ განხორციელებული იძულებითი ცვლილებებით დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ სტუმრები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ, მატჩის მიმდინარეობაზე ამ გარემოებას დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია - გუნდები განაგრძობდნენ მეტოქის კარის "გასაღების" ძიებას. ამ საქმეში უფრო იღბლიანები მასპინძლები აღმოჩნდნენ - 90-ე წუთზე ნიკოლოზ ფირცხალავამ თავის გუნდს გამარჯვების გოლით შეეწია. კომპენსირებულ დროში კი ზესტაფონელები მინდორზე 9 კაცის შემადგენლობით დარჩნენ - "ბოლო იმედის" ჯარიმისთვის არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ მოედნიდან მამუკა კობახიძეც გააძევა. პირველი მარცხი სეზონში -1-2.
|
15/08/2010 - ”დინამო” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 2-1 |
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXII-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 21 აგვისტოს შინ გამართავს. მარგველთა მეტოქე ცხინვალის საფეხბურთო კლუბი ”სპარტაკი” იქნება.
|