ახლა ამ გუნდის ჯერია!
უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონის" ყოფნა მხოლოდ 6 წელიწადს ითვლის და ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ამ გუნდს სეზონის დაწყების წინ ფავორიტთა შორის არ მოვიხსენიებდით. ის ერთადერთი შემთხვევა კი 2004-05 წლების სეზონში მოხდა, როცა "ზესტაფონი" პირველად გამოჩნდა უმაღლეს ლიგაში. ამ სახელწოდების მქონე გუნდი პირველ ლიგაში მოასპარეზე ორი კოლექტივის, ზესტაფონის "მეტალურგისა" და წყალტუბოს "სამგურალის" გაერთიანებით ჩამოყალიბდა; 2003-04 წლების სეზონში "მეტალურგმა" პირველ ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა, "სამგურალმა" კი უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატში ახალი და ამბიციური გუნდი გამოჩნდა; ახალი სამწვრთნელო შტაბით, თითქმის 100 პროცენტით გადახალისებული შემადგენლობითა და, რაც მთავარია, ახალი მეპატრონით...
კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია გახდა, გარკვეული პაუზის მერე რომ დაუბრუნდა საფეხბურთო საქმიანობას. შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ, თავის დროზე (90-იანი წლების დასაწყისში), ფიფას ერთ-ერთი (თუ, ერთადერთი არა) პირველი ლიცენზირებული აგენტი საქართველოში სწორედ ილია კოკაია იყო. წარმატებულ ბიზნესმენს მართლაც შესანიშნავი იდეა ჰქონდა: ზესტაფონის სახით საქართველოში ახალი საფეხბურთო კერა უნდა გაჩენილიყო; აქედან გამომდინარე, გუნდიც უამბიციო ვერანაირად იქნებოდა, პლუს ამას მაშინათვე ჩაფიქრებული იყო ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის სრული რეკონსტრუქცია (ახალი მოედნის საფარის დაგება, ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება, უეფას მოთხოვნების შესაბამისად განათებისა და პრესლოჟის მოწყობა) და გუნდისათვის საწვრთნელი ბაზის აშენება.
მოკლედ, ამბიციური და ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბების გარდა არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა ინფრასტრუქტურის განვითარებას. მოკლედ, ჩანაფიქრი მართლაც ჩინებული იყო და, საბედნიეროდ, დღესდღეობით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამბიციური პრეზიდენტის თითქმის ყველა იდეა რეალობად იქცა; ჰო, მართლაც ასეა - ნებისმიერი მატჩი (მნიშვნელობა არა აქვს, ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ტარდება თუ - ევროტურნირების) ზესტაფონელი ქომაგებისათვის ნამდვილი დღესასწაულია! ის რომ ნებისმიერ საშინაო მატჩზე (მეტოქის სიძლიერის მიუხედავად) სრული ანშლაგი გარანტირებულია, დიდი ხანია აღარ გვიკვირს; ეგ კი არა, "ზესტაფონის" საკმაოდ ხალხმრავალი, რაც მთავარია, ორგანიზებული ფან-კლუბი საყვარელი გუნდის საქომაგოდ არც ერთ საგარეო შეხვედრას არ აცდენს.
...როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ექვსი წლის განმავლობაში "ზესტაფონი" საქართველოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბდა - პირველ ხუთეულს ქვემოთ გუნდს არც ერთი სეზონი არ დაუმთავრებია; თუმცა, ალბათ, იმის დროც მოვიდა, რომ საქართველოს თასსა და ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორობას "უმთავრესი" დაემატოს - ჩემპიონატის ოქროს მედლები! თანაც, გუნდის დღევანდელი შემადგენლობისა და მთავარი მწვრთნელის ფაქტორის გათვალისწინებით, ამისათვის ყველა წინაპირობა არის შექმნილი...
მწვრთნელები და ფეხბურთელები
უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონის" სადებიუტო სეზონი ისეთი ვერ გამოდგა, კლუბის ამბიციური პრეზიდენტი და ერთგული ქომაგები რომ ელოდნენ. ყოველივე ამას კი ერთდროულად რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: როგორც წერილის დასაწყისშვე ვთქვით, გუნდის შემადგენლობა 100 პროცენტით შეიცვალა და ფეხბურთელებსაც ერთმანეთთან შეთამაშებისათვის გარკვეული დრო სჭირდებოდათ. ახალწვეულთა შორის კი უაღრესად გამოცდილ იმოთამაშეებიც (კახა სიდამონიძე, დავით ჯანაშია, ზაზა ზირაქიშვილი, გიორგი თურმანიძე) იყვნენ და შედარებით ახალგაზრდებიც (ლევან შავგულიძე, თემურ რაქვიაშვილი, ზურაბ ძამსაშვილი, გოჩა სულაკაძე).
ვერ გაამართლა უცხოელმა მწვრთნელმაც: უკრაინელი ვლადიმერ ზემლიანოის ხელმძღვანელობით "ზესტაფონს" მართლაც კოშმარული სტარტი ჰქონდა: 7 მატჩში 1 მოგება და 6 წაგება! მოკლედ, ზემლიანოის განთავისუფლება არავის გაჰკვირვებია და მის ნაცვლად ჯერ გამოცდილი ზაურ ჩუბინიძე (ზესტაფონის მეორე გუნდის, "მარგვეთის" ყოფილი თავკაცი) დაინიშნა, შემდეგ კი იმავე "მარგვეთის" ყოფილი ფეხბურთელი ზაზა გურიელიძე. თუმცა, სულ მალე გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი მოვიდა, რომლის ხელმძღვანელობითაც "ზესტაფონმა" ჯერ სატურნირო მდგომარეობა გამოასწორა (გუნდი აუტსაიდერთა შორის იმყოფებოდა) და საბოლოოდ კი სეზონი V ადგილზე დაამთავრა.
ყველაფერი ეს კი გამოცდილი სპეციალისტის, თემურ მახარაძის დამსახურება იყო - უკვე მეორე ეტაპიდან ერთი-მეორეზე უკეთესი ფეხბურთელები რომ მოიყვანა გუნდში (ზურაბ იონანიძე, ზურაბ ქვაჩახია, სევასტი თოდუა, შალვა ღონღაძე, ვალტერ გუჩუა, კახა ჩხეტიანი, ბექა ნოზაძე). ამ გამოცდილ ახალწვეულებთან ერთად გუნდში გამოჩნდა ახალგაზრდა თენგიზ ჩიკვილაძე და ორი 16 წლის ჭაბუკიც - გიორგი განუგრავა და ბექა გოცირიძე. ურიგო სეზონი არ ჩაუტარებია მოლდოველ ლეგიონერს სერგეი ნუდნის, - უკრაინელი ოლეგ ბეჟენარისაგან განსხვავებით "ზესტაფონის" ძირითადში ადგილი უპრობლემოდ რომ დაიმკვიდრა. იმავე სეზონში "ზესტაფონი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ არცთუ ობიექტური მსაჯობის "წყალობით" ის მატჩი წააგო.
სამწვრთნელო "როტაცია" მომდევნო სეზონშიც გაგრძელდა: სეზონი თემურ მახარაძემ დაიწყო, მაგრამ, მიზეზთა გამო, ამ სპეციალისტს ერთი წლის განმავლობაში სამჯერ მოუხდა "ზესტაფონიდან" წასვლა და უკან დაბრუნება! იმ სეზონში სხვადასხვა რაოდენობის მატჩებში გუნდს კობა ჟორჟიკაშვილი და მერაბ კოჭლაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ამასობაში კი "ზესტაფონში" ახალ-ახალი სახეები ჩნდებოდნენ: გრიგოლ ჭანტურია, გოგა ფიფია, ირაკლი ძარია, გიორგი ხიდეშელი, ალექსი ბენაშვილი, ძმები კვასხვაძეები და სხვა. 2006/07 წლების სეზონი, წინას მსგავსად, "ზესტაფონმა" მეოთხე ადგილზე დაასრულა; ოღონდ, ამჯერად, თემურ მახარაძემ მთელი სეზონი "გადაბმით" იმუშავა და ცოტა იღბალსაც ხელი რომ შეეწყო, გუნდი აშკარად უკეთეს შედეგს მიაღწევდა. თავად განსაჯეთ: "ზესტაფონი" თასის ფინალში ზედიზედ მესამედ (!) დამარცხდა, ჩემპიონატში კი მხოლოდ 1 წაგება ჰქონდა, მაგრამ საპრიზო სამეულში მოსახვედრად 1 ქულა დააკლდა! ასევე, შემადგენლობაც უფრო სოლიდური გახდა და ეს გამოცდილი ქართველი ახალწვეულების (ედიკ საჯაია, როინ ონიანი) დამსახურებაც იყო და რამდენიმე ლეგიონერისაც; ყოველ შემთხვევაში, ბრაზილიელი ჟილვან ვიეირა და გაბონელი პოლ კესანი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლეგიონერებადაც შეიძლება მივიჩნიოთ.
...და აი, 2008 წლის გაზაფხულზე, "ზესტაფონმა" პირველი ტიტულის მოპოვება შეძლო - თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით გუნდმა ნანატრი თასი მოიპოვა! ჩემპიონატშიც არ უასპარეზიათ ურიგოდ: პირველად მოახერხეს მედლების მოპოვება და ერთი ქულა დააკლდათ მეორე ადგილამდე; ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩინებულად შეერწყნენ გუნდს ახალწვეულებიც: უჩა ლობჟანიძე, ნიკოლოზ გელაშვილი და ბუბა დაუშვილი.
თუმცა ამის მერე, "ზესტაფონი" რამდენჯერმე მოექცა ყურადღების ცენტრში და მთლად სკანდალურს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ არასასიამოვნო კი მართლაც იყო რამდენიმე ფეხბურთელის გუნდთან ურთიერთობის გაწყვეტა. ყოველ შემთხვევაში, იგივე გოგა ფიფია თუ გრიგოლ ჭანტურია გუნდს "ტკბილად" ნამდვილად არ დაშორებიან; ამას გარდა, არცთუ სასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა ზოგიერთ ლეგიონერთან დაკავშირებითაც - ბრაზილიელი ედსონ სანტოსისა და პოლ კესანის, ცოტა არ იყოს, უცნაურ ბრალდებებს ვგულისხმობთ...
საიუბილეო, XX ჩემპიონატში "ზესტაფონში" მთავარი მწვრთნელი სეზონის განმავლობაში შეიცვალა: 12 ტურის შემდეგ თემურ მახარაძე ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქართველმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ შეცვალა. აქედან გამომდინარე, გუნდში სხვა საკადრო ცვლილებებიც მოსალოდნელი იყო და "ზესტაფონში" გამოჩნდნენ: ლევან მელქაძე, მიხეილ კაკალაძე, შოთა გრიგალაშვილი, ზურაბ მამალაძე. "ზესტაფონის" ქომაგთა სამწუხაროდ, ის სეზონი წარმატებულად ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა: გუნდმა ვერც თასი შეინარჩუნა, სუპერთასის მატჩიც წააგო და ჩემპიონატიც მეოთხე ადგილზე დაასრულა.
აი, გასული სეზონის დაწყების წინ კი "ზესტაფონს" ყველა ერთ-ერთ უპირველეს ფავორიტად მივიჩნევდით: გუნდმა ნაყოფიერი უცხოური შეკრებაც გაიარა, მართლაც ჩინებულად და ღირსეულად იასპარეზა ევროტურნირებზე (სხვა ქართული გუნდებისგან განსხვავებით) და შემადგენლობაც სოლიდურად გააძლიერა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დაბალანსებული შემადგენლობა უმაღლეს ლიგაში არც ერთ გუნდს არ ჰყავდა; თანაც, გია გეგუჩაძემ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოიყვანა, თითოეულ მათგანს ოსტატობა თუ გამოცდილება ნამდვილად რომ არ დაეწუნებოდათ: თორნიკე აფციაური, ჯაბა დვალი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, რატი წინამძღვრიშვილი, ლევან კორღალიძე, დავით გამეზარდაშვილი.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, "ზესტაფონის" ამბიციებს ასრულება არ ეწერა - გუნდმა ჩემპიონატში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, თასზეც სენსაციურად გამოვარდა "ვიტ ჯორჯიასთან" (როცა პირველ მატჩში მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა). თუმცა, მაშინვე (2009-10 წლების სეზონის დასრულების შემდეგ) ნათელი იყო, რომ ახალ ჩემპიონატში თუ ვინმე უნდა ყოფილიყო ნომერ პირველი ფავორიტი, სწორედ "ზესტაფონი"...
სატრანსფერო კამპანია
ახალი სეზონისათვის მზადება "ზესტაფონმა" ყველაზე ადრე დაიწყო; თანაც, ასევე სხვა გუნდებისაგან განსხვავებით, ადგილზე რომ ემზადებოდნენ და ზოგს, სპარინგ-პარტნიორების მოძებნა უჭირდა, "ზესტაფონი" ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრა და ერთი-მეორეზე ძლიერ ევროპულ გუნდებთან ღირსეულზე ღირსეულად ჩაატარა საკონტროლო მატჩები. ყველაფერი ეს კი ნათლად აისახა წლევანდელ ევროტურნირებზე: გუნდმა ევროპის ლიგის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და, ჩვენი აზრით, მესამის დაძლევაც შეიძლებოდა...
რაც მთავარია, გია გეგუჩაძემ ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და სამი ისეთი ფეხბურთელიც (შოთა ბაბუნაშვილი, კახა ალადაშვილი, გოგა ფიფია) დაიმატა, "ზესტაფონს" უთუოდ რომ გააძლიერებს. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ უმაღლეს ლიგაში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს სწორედ "ზესტაფონი" უჩვენებს; არც ის არის უმნიშვნელო ფაქტი, რომ ამ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს სისტემატურად იწვევენ საქართველოს ეროვნული თუ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში.
ნუ დაგვავიწყდება კიდევ ერთი არცთუ უმნიშვნელო გარემოებაც: სადაც კი უმუშავია, გია გეგუჩაძე ყოველთვის განსაკუთრებულ ნდობას უცხადებდა ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც "ზესტაფონია", რომლის დუბლშემადგენლობაში თავგამოჩენილ ახალგაზრდებს პირველ გუნდში დაწინაურების პერსპექტივა ელოდებათ: საბა ლომიას, ნიკოლოზ ჩიხლაძეს, გიორგი ჭანკოტაძეს, მამუკა კობახიძეს. მათზე ოდნავ უფროსი თორნიკე გორგიაშვილი კი უკვე მეორე წელიწადი "ზესტაფონის" სრულუფლებიანი წევრია.
კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ და ნუ დაგვავიწყდება ბოლო წლებში განხორციელებული ორი მართლაც "ხმაურიანი" (ჩვენი საზომებით) გარიგება, რის შედეგაც "ზესტაფონის" ფეხბურთელები (ბექა გოცირიძე, უჩა ლობჟანიძე) საკმაოდ სოლიდურ ფასად უკრაინულ "დნიპროში" გადავიდნენ.
ლელოს პროგნოზი
ნაყოფიერად გავლილი მოსამზადებელი პერიოდი, ევროტურნირების მატჩებში სათამაშო პრაქტიკის მიღება, ფინანსურად უპრობლემო გარემო, ამბიციური პრეზიდენტი, კვალიფიციური მწვრთნელი, დაბალანსებული შემადგენლობა და საკუთარ მოედანზე გარანტირებული ანშლაგი, - ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, XXII ჩემპიონატის ერთ-ერთ კი არა, უმთავრესზე უმთავრეს ფავორიტად სწორედ "ზესტაფონი" მიგვაჩნია!
|