საფეხბურთო ვანდალები უნდა დაისაჯონ!
"ზესტაფონისა" და ლვოვის "კარპატის" მატჩის მიმდინარეობისას "დავით აბაშიძეზე" უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა. სტადიონზე რომ ნამდვილი საფეხბურთო გარემო იყო და გულშემატკივარი ბოლომდე დაიხარჯა საკუთარი გუნდისთვის, ეს მატჩზე დამსწრე უკრაინელმა ჟურნალისტებმაც არაერთხელ აღნიშნეს.
სამწუხაროდ, მოხდა ორი არასასიამოვნო ფაქტი. პირველი - სტადიონზე გამოირთო ელექტროენერგია, თუმცა ამის გამო საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" არ დაისჯება. ფაქტი თავისთავად არ არის სასიამოვნო, მაგრამ ჯერ ის ვთქვათ, რომ ამაში "ზესტაფონს" არავითარი დანაშაული არ მიუძღვის. ასეთი რამ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მომხდარა. ესპანეთში, არგენტინაში, ბრაზილიაში... დანამდვილებით ვიცით, რომ ამის გამო უეფადან სანქცია არ გვემუქრება. მით უმეტეს, ეს ტექნიკური პრობლემა სულ თხუთმეტიოდე წუთში მოგვარდა და თამაში გაგრძელდა.
მეორე არასასიამოვნო ფაქტს კი საფეხბურთო კლუბისთვის შესაძლოა, მართლაც შორსმიმავალი უარყოფითი შედეგი მოჰყვეს. ვაიგულშემატკივრის მიერ მოედანზე ნასროლ ბოთლს ზესტაფონში წლების განმავლობაში მიმდინარე საფეხბურთო ზეიმისა და
აღმავლობის შეწყვეტა შეუძლია. დიახ, ღმერთმა ნუ ქნას და ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ამ საფეხბურთო ვანდალის თუ ვანდალების მიერ ჩადენილი საქციელის გამო ზესტაფონის სტადიონს ლიცენზია ჩამოართვან. ასეთ შემთხვევაში ქალაქი უფეხბურთოდ დარჩება, რაც მართლაც უდიდესი ტრაგედია იქნება ზესტაფონისთვის. ქალაქის საფეხბურთო საზოგადოება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთსულოვანია: ის ვაიგულშემატკივარი თუ ვაიგულშემატკივრები, რომლებმაც ჩირქი მოსცხეს ზესტაფონური ფეხბურთის მრავალწლიან ტრადიციას, საკადრისად უნდა დაისაჯონ.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელებიც ასე ფიქრობენ. საკითხი სულ მალე გადავა სამართლებრივ ჭრილში და ვიმედოვნებთ, რომ დამნაშავე გამოაშკარავდება. სამართლიანი იქნება, თუ სწორედ მას მოუწევს იმ ფინანსური სანქციის ანაზღაურება, რომელსაც, შესაძლოა, უეფა დააკისრებს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს". მეტიც, ამ ვაიგულშემატკივრების გამოაშკარავება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თითოეული გულშემატკივრის ღირსების საქმედ იქცა. ისინი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიკვეთონ ზესტაფონური ფეხბურთიდან და სტადიონზე საერთოდ ვეღარ უნდა შევიდნენ. ვიმედოვნებთ, რომ ქალაქის სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ ამ ვანდალების გამოსააშკარავებლად და აქედან გამომდინარე, სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს.
|