ოლეგ კონონოვი: "ზესტაფონში ნაღდი საფეხბურთო გარემოა".
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისა" და ლვოვის "კარპატის" მატჩის დასრულების შემდეგ საშუალება მოგვეცა უკრაინული გუნდის მთავარ მწვრთნელს, ოლეგ კონონოვს გავსაუბრებოდით. ძალიან გვაინტერესებდა, როგორ შეფასებას მისცემდა სპეციალისტი ზესტაფონში ნანახს.
გარდა ამისა ძალიან გვინდოდა გაგვეგო, თუ რას ფიქრობს კონონოვი "კარპატის" ქართველი ლეგიონერის, სანდრო გურულის შესახებ.
- ზესტაფონში ნამდვილი საფეხბურთო გარემო დაგვხვდა. მე გავეცანი აქაურ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას, ვნახე, რომ გუნდი სწრაფი ტემპით პროგრესირებს. გარდა ამისა, მომეწონა თქვენი ფეხბურთელების თამაში, რაც პრესკონფერენციაზე აღვნიშნე კიდეც. ვფიქრობ, "ზესტაფონს" დიდი პერსპექტივა აქვს.
- ვუერთდებით გია გეგუჩაძის ნათქვამს - ევროტურნირებზე ჩვენც "კარპატს"~ ვუქომაგებთ. ისე, საინტერესოა, ორრაუნდიანი ორთაბრძოლის მოგება რის ხარჯზე მოახერხეთ.
- თავდაპირველად გეტყვით, რომ ჩვენ ორი ურთულესი თამაში გადავიტანეთ. ის კი არა, ევროტურნირების გამო ჩემპიონატის კალენდარული შეხვედრა ლუგანსკის "ზარიასთან" სულაც დუბლებით ვითამაშეთ. ეს იყო ორი თანაბარი გუნდის ბრძოლა. ვფიქრობ, გამარჯვება მოგვიტანა სათამაშო დისციპლინის განუხრელად დაცვამ, განსაკუთრებით მეორე შეხვედრაში. აქ თამაში ყველას გაუჭირდება. საფეხბურთო გარემოა და ძალიან მაგრად ქომაგობენ.
- თქვენს გუნდში თამაშობს ქართველი ფეხბურთელი სანდრო გურული. რას იტყვით მის შესახებ?
- რაც დრო გადის, სანდრო უფრო და უფრო იხვეწება, ნამდვილი პროფესიონალი ხდება. ახლა ის უფრო გაწონასწორებული ადამიანია, ვიდრე რამდენიმე ხნის წინ. რა თქმა უნდა, თითოეულ ფეხბურთელს უნდა, რომ მუდმივად იყოს ძირითად შემადგენლობაში. ამჯერად მოხდა ისე, რომ ძირითადში ზენიოვი გავამწესეთ, თუმცა სანდროს მალევე მოუხდა თამაშში ჩართვა და ვფიქრობ, კარგად გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას. საერთოდაც უნდა გითხრათ, რომ იგი ბოლო მატჩებში კარგად გამოიყურება.
- გურული "კარპატისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია?
- რა თქმა უნდა, ასეა.
|