18.09.2006

ახლა ”ზესტაფონ”-ში  საკადრო საკითხებს მე ვწყვეტ!

 

თემურ მახარაძის და ”ზესტაფონი”-ს  ურთიერთობა ლათინოამერიკული სერიალების სიუჟეტივით განვითარდა და ტრადიციული ჰეფიენდით დასრულდა. გულშემატკივარიც ბედნიერია, რომ მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. ეს საქართველოს ფეხბურთის  ისტორიაში პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც  გულშემატკივართა მოთხოვნით  მწვრთნელი გუდში დააბრუნეს.
-  მახარაძესთან ყოველთვის გროვდება კითხვები, არადა ჩრდილში დგომის მოყვარულია და სამზეოზე გამოსვლას ერიდება. ”ზესტაფონ”-ში  დაბრუნების  შემდეგ თემურ მახარაძესთან  გასაუბრება რომ გვსურდა და მხოლოდ ახლა მოვახერხეთ, სწორედ მისი თავმდაბლობის ბრალია.
ჯერ რა მაქვს სათქმელიო, ამ პასუხით ცდილობდა ინტერვიუ თავიდან აერიდებინა. მაგრამ სხვაგვარად აღარ გამოდიოდა....

    • ბატონო თემურ, ჯერ ძველზე უნდა გკითხოთ - ”ზესტაფონ”-მა შარშანდელი ჩემპიონატის მეორე წრე თქვენი ხელმძღვანელობით  მშვენიერად  ჩაატარა, თასის ფინალში გავიდა და მოულოდნელად გუნდიდან წახვედით. მაშინ თქვენ მომხდარზე საუბარი არ ისურვეთ და იქნებ ახლა მაინც გვითხრათ, რატომ გადადგით ეს, ერთი შეხედვით, ალოგიკური ნაბიჯი?
    • მაშინ ”ზესტაფონი”  ძალიან კარგად ათამაშდა. თითქმის ყველა ლიდერს მოუგეთ, სამეულს ვუახლოვდებოდით და მოთამაშეებიც ფორმის პიკზე იყვნენ. რა მოხდა შემდეგ? ეს იყო გაუგებრობა და ”ზესტაფონიდან” წასვლა თავად ვამჯობინე. ხაზს ვუსვამ, მწვრთნელობიდან არავის გავუთავისუფლებივარ. იმ დროს ჩემი პირადი ინტერესიც  კი გვერდზე გადავდე და წინ გუნდი დავაყენე.
    • სწორედ ესაა საინტერესო, რატომ უნდა იყოს გუნდის ინტერესებში წარმატებული მთავარი მწვრთნელის წასვლა? დრომ გამოაჩინა კიდეც, ”ზესტაფონმა” თქვენთან დაშორებით ბევრი დაკარგა.
    • დამიჯერეთ, მაშინ მართლა ასე სჯობდა გუნდისთვის.
    • მოდით, მაშინ ეს გავარკვიოთ: დაარსების შემდეგ ამ გუნდში პერსპექტიული ახალგაზრდები მოიყვანეს, თქვენ უფრო გამოცდილებს ენდობოდით და შემადგენლობაში ახალგაზრდების არდაყენება და საერთოდ  საკადრო პოლიტიკა თქვენი წასვლის მიზეზი გახდა. მათმა მფარველებმა წყალი შეგიყენეს?
    • მე გეტყვით სიმართლეს; ხომ იცით, ქართველები ვართ და ნებისმიერ ადამიანს ჰგონია, რომ ფეხბურთი ყველაზე უკეთ ესმის. ჩემზე იყო ზეწოლა, ჩარევის მცდელობები მე კი არ მსურდა, ამის გამო გუნდში ვითარება დამეძაბა, ინტრიგებში გარევა არ მსურდა და ვითარებას გავეცალე.
    • ახლა   თუ არის ზეწოლა?
    • რომ ყოფილიყო, ’ზესტაფონში” არც დავბრუნდებოდი. ახლა მუშაობა მიხარია და ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდა. ყველა წვრილმანი გაირკვა და ახლა ”ზესტაფონის” და მისი ფარმკლუბების საკადრო პოლიტიკაც მთავარ მწვრთნელს ექვემდებარება.
    • თქვენ ზესტაფონში ბევრი გულშემატკივარი დაგიტოვებიათ. მათ მოითხოვეს თქვენი დაბრუნება.
    • მე ამ ხალხის მიმართ მხოლოდ მადლობა მეთქმის. ესეც არ დაივიწყოთ - ”ზესტაფონის” პრეზიდენტ ილია კოკაიას რომ არ მოესურვებია, არც მიმიწვევდა.
    • სიმართლე რომ გითხრათ, ახალი ჩემპიონატის დაწყების დროს, რუსთავის ”ოლიმპიდან” ნოდარ აკობიას წასვლის შემდეგ ვრცელდება ხმები, მახარაძემ რუსთაველთა მწვრთნელობა იმიტომ არ ისურვა, ”ზესტაფონში” ბრუნდებოდაო.
    • არ დაიჯეროთ, ტყუილია! მაშინ ”ზესტაფონში” დაბრუნებაზე არც ვფიქრობდი. ეს არარეალურიც მეგონა. რუსთავის ”ოლიმპი” კი ძალიან სიმპათიური გუნდია და სოლიდური დამფინასებელიც ჰყავს. თუმცა ეტყობა, ესეც ბედი იყო, იქ რომ არ წავედი. საერთოდ, მე მხოლოდ იმ გუნდში მირჩევნია მუშაობა, რომელიც ჩემი მომზადებულია.
    • ”ზესტაფონიც” არ მოგიმზადებიათ....
    • სამაგიეროდ, ამ გუნდის ფეხბურთელებს ხუთი თითივით ვიცნობ და დაბრუნებას ამიტომაც დავთანხმდი. თუმცა, არც ისაა დასამალი, რომ ამ დროისთვის ”ზესტაფონი” რთული მდგომარეობაში იყო. გუნდის დაკომფლექტება დამთავრებული და შეკრებაც ჩავლილი იყო.
    • პარაგვაელი მოთამაშეები თქვენ გაუშვით?
    • მე ისინი არც მინახავს. ჩემს მოსვლამდე გაუშვეს. ეტყობა, არ მოეწონათ.
    • ეროვნული ნაკრები ბევრი მეკარესთვის ლამის სასაფლაოდ იქცა, ნაცვლად იმისა, რომ მათი წინსვლისთვის შეეწყო ხელი. ამ ყოველივეს ”ზესტაფონისა” და ეროვნული  ნაკრების  მეკარე გრიგოლ ჭანტურიას გამო  გეკითხებით. საფრანგეთთან და უკრაინასთან წაგების შემდეგ იგი განტევების ვაცად გადაიქცა. ფსიქოლოგიურად  ხომ არ დაითრგუნა?
    • რა დასამალია და ეს მეც ძალიან მადარდებს. მეშინოდა, გიას რამე მსგავსი არ მოსვლოდა. იგი საქართველოში გამორჩეული მეკარეა და მისი მჯერა. ჭანტურია ”ზესტაფონისთვის” დიდი ძალაა, მაგრამ ეტყობა, ბოლომდე მეც არ ვიცნობდი. სხვა თუ მის ადგილზე გატყდებოდა, მან ამ სტრესს გაუძლო . ეს მისი უდიდესი ღირსებაა. არა მარტო გაუძლო, ძველებურზე მეტი შემართებით  ვარჯიშობს და სურს დაამტკიცოს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშს იმასახურებს. ეს არ შეიძლება არ მახარებდეს.
    • თქვენ გამოცდილი მოთამაშეებს რომ ენდობით, ყველასათვის ცნობილია. ამ დროს ძირითადში დააბრუნეთ 18 წლის გიორგი განუგრავა, რომელიც მანამდე ”ზესტაფონ”- 2-ში ვარჯიშობდა. ეტყობა, მისი ძალიან გეჯერათ!
    • რა თქმა უნდა! გიორგი ნიჭიერი ბიჭია. როდესაც ”ზესტაფონი” ჩამოყალიბდა, ის მაშინვე ერთ-ერთ საყრდენ ფიგურად მოიაზრებოდა გიორგი გუნდის წინსვლაში დიდი როლი ითამაშა, ისევე როგორც ”ზესტაფონმა” მის ჩამოყალიბებაში. მოსვლისთანავე უპირველესად სწორედ იგი დავაბრუნე ძირითად გუნდში.
    • მართალია, ჩემპიონატი ახლა დაიწყო, მაგრამ უშუალო კონკურენტ ”ოლიმპთან” და ”ვიტ-ჯორჯიასთან” დაკარგული ხუთი ქულა, ეგება, სეზონის ბოლოს  მწარედ გაგახსენდეთ. საჩემპიონო ბრძოლაში თითოეული ქულა მნიშვნელოვანია....
    • დიახ, ეს ასეა, ქულებს ვინ ჩივის, ამ მატჩების შემდეგ  ბიჭები ფსიქოლოგიურად გატეხილები დამხვდნენ. მათ საკუთარი ძალების რწმენა უნდა დავუბრუნოთ და შემდეგ ბრძოლა გაგვიადვილდება.

     

გაზეთი ”სპორტი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005