ზესტაფონი კარპატებზე ვერ ავიდა.
2010 წლის 5 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა 2010-2011 წლის უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი შეხვედრები. ზემოიმერლებმა "დავით აბაშიძეზე" ლვოვის "კარპატის" უმასპინძლეს ...
... თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამდენი ბილეთი ზესტაფონის სტადიონზე არ გაყიდულა. “დავით აბაშიძეზე” ანშლაგი იყო, რაც ქართველი ფეხბურთელებისთვის არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი გახლდათ. ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას ტრიბუნაზე ყოფნა კი, ეროვნული გუნდის კანდიდატი იმერელთათვის კიდევ ერთი სტიმული იყო.
ცენტრიდან ბურთის გათამაშება და... ქართველებმა პირველი საგოლე მომენტი შექმნეს. ჯაბა დვალმა, მოედნის ცენტრიდან ბურთი სტუმართა ზურგსუკან გადააგდო, “რეაქტიულმა” გელაშვილმა ბოლო მცველსაც გაასწრო და მეტოქის საჯარიმოში შესული წაიქცა. არც გვერდითს აუწევია ალამი და არც არბიტრს ჩაუსტვენია.
თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და ასევე გაგრძელდა. ბურთს ზესტაფონელები მეტს აკონტროლებდნენ, მაგრამ უკრაინელების საპასუხო “ჩხვლეტები” უფრო ხიფათიანი იყო. ლვოველთა შეტევაში, განსაკუთრებით დენის კოჟანოვი აქტიურობდა, რომელსაც მხარს კარგად უბამდა გამოცდილი ბატისტა. მე-16 წუთზე ქართველები გოლს გადაურჩნენ. უკრაინელთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან, ოშიპკომ ჩაწოდება მოასწრო და შუა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ტკაჩუკმა თავით დაარტყა. ბურთი კარს ზემოდან გადასცდა.
მატჩი ორმხრივი აქტიურობით მიმდინარეობდა, მაგრამ სტადიონზე დენის გამორთვასთან დაკავშირებულმა უსიამოვნო ინცინდენტმა, ფეხბურთელთა მიერ აღებული ტემპი ცოტათი ჩააცხრო. ზუსტად 20 წუთი ჰყავდა მატჩის მთავარ მსაჯს ფეხბურთელები შეყვანილი გასახდელებში. შეხვედრა სტუმრების შეტევებით გაგრძელდა და თუ ბატისტას, კოჟანოვსა და ფედეცკის, საგოლე დარტყმამდე არ მისვლიათ საქმე, საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.
ტაიმის ბოლომდე, გელაშვილი ოციოდე მეტრიდან დაემუქრა სტუმართა კიპერის სამფლობელოს, თუმცა მიზანმა მცირედით უმტყუნა. კიდევ ერთი უცნაურობა, რაც მატჩის პირველ ტაიმში მოხდა, ის იყო, რომ სტუმრებს, ტრავმების გამო, ორი იძულებითი შეცვლის შესრულება მოუწიათ. ჯერ იყო და, განაპირა მცველი ოშიპკო დაშავდა, ტაიმის კომპენსირებულ დროში კი, ზენიოვი და ალადაშვილის შეჯახება, უკრაინელის თამაშიდან გასვლითა და მის ნაცვლად სანდრო გურულის შემოსვლით დამთავრდა - ასე აღმოჩნდა მინდორზე 12 ზესტაფონელი 10 ლვოველის წინააღმდეგ.
ტაიმი ისე მიილია, მეტოქეთა კიპერებს თამაშში ხეირიანი ჩართვის საშუალება არ მისცემიათ - “სეივამდე” საქმე არ მისულა. ასევე გაგრძელდა მეორე ტაიმში. გუნდები უახლოვდებოდნენ მოპირისპირე კარის მისადგომებს, მაგრამ კარში დარტყმამდე რაღაც აკლდებოდათ. 57-ე წუთზე, ნიკა გელაშვილს ამ ხარვეზის გამოსწორება შეეძლო, მაგრამ მარჯვენა ფლანგიდან “კარპატის” საჯარიმოში შესულმა, კარის ჩარჩოს მცირედით ააცილა.
ამასობაში, გეგუჩაძემ თამაშის კიდევ უფრო გამწვავების პირველ შანსს მიმართა - ძარია ბაბუნაშვილით შეცვალა. ცოტა ხანში კი, მინდორზე სამთთვიანი შესვენების შემდეგ, რატი წინამძღვრიშვილი შეიყვანა.
აშკარა იყო, რომ მინდორზე ორი თანაბარი კლასის გუნდი თამაშობდა. სტუმრები პრესინგის წყალობით ცდილობდნენ ქართველთა აქტიურობის ჩაცხრობას.
68-ე წუთზე, კვასხვაძეს პირველად მოუწია თამაშში სერიოზულად ჩართვა. არტიომ ფედეცკის სახიფათო საჯარიმო დარტყმას ქართველთა კიპერი დაეუფლა. 81-ე წუთზე ქართველი მეკარე გურულის ძლიერ დარტყმულს გადაეღობა, თითქმის იქვე კი, ზესტაფონელთა საპასუხო შეტევა აფციაურის სოლო-რეიდითა და ოდნავ უზუსტო დარტყმით დასრულდა.
მატჩის ბოლოსკენ, მასპინძლების შეტევებმა მეტი სიმწვავე შეიძინა. წინ ხშირად მიდიოდა გიორგი ხიდეშელი, აქტიურობდა წინამძღვრიშვილი, მასავით შეცვლაზე შემოსულმა ბენაშვილმა, შორი საჯარიმო დარტყმით, კინაღამ დალაშქრა ტლუმაკის კარი.
თითქოს, გოლი სტუმართა კარისთვის “მწიფდებოდა” და ქართველებმა კი გაუშვეს. კომპენსირებული დროის მე-2 წუთზე, “კარპატის” სწრაფი კონტრშეტევა ლამაზი გოლით დასრულდა. მარცხნიდან “მარაოსავით” გაშლილმა კომბინაციამ გურულიდან ბატისტასთან გადაინაცვლა, ბრაზილიელმა ხუდობიაკი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი საგოლე დარტყმა დენის კოჟანოვს შეასრულებინა - 0:1...
|
05/08/2009 - ”ზესტაფონი” - ”კარპატი” (ლვოვი, უკრაინა) - 0-1 |
დაწვრილებით:
|
ტარას კუზმენკოს და უეფას ოფიციალური საიტის ფოტოები
|