"ზესტაფონს“ მოგებას სთხოვენ.
ლვოვის “კარპატი”, უეფა-ს ევროლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩის გასამართად, კოპიტნარის აეროპორტში 4 აგვისტოს ნაშუადღევს ჩამოფრინდა. გუნდი ქუთაისში, კერძოდ კი, სასტუმრო “ბაგრატი-1003”-ში დაბინავდა, ხოლო უკრაინული დელეგაციის 100-მდე სხვა წევრი ბათუმისა და იმერეთის მთავარი ქალაქის სასტუმროებში გადანაწილდნენ. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, აჭარის ზღვისპირეთს ლვოვის საქალაქო საბჭოს 30-მა დეპუტატმა და ამდენივე ფანმა მიაშურა, ჟურნალისტები კი, ქუთაისურ “იმერსა” და “ედემში” განთავსდნენ.
საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისა და მცირედი შესვენებისთანავე, ლვოველები ზესტაფონისკენ გაემართნენ, სადაც 19:00 საათისთვის “დავით აბაშიძეზე” მათი ვარჯიში უნდა დაწყებულიყო. უკრაინელი კოლეგებისა და “მსოფლიო სპორტის” ინტერესების გათვალისწინებით, ქართველმა და ბელარუსმა მწვრთნელებმა (“კარპატის” თავკაცი რუსეთში კია დაბადებული, მაგრამ ეროვნებით ბელარუსია) მედიასთან გასაუბრება ამ ვარჯიშის დაწყებამდე “მოილიეს”.
პირველად ზესტაფონური კლუბის საპრესკონფერენციო დარბაზს გია გეგუჩაძე ეწვია.
გია გეგუჩაძე: გუნდში ნორმალური სიტუაციაა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ფეხბურთელებში საკმაოდ კარგი განწყობაა. ერთადერთი, ვისაც ჯანმრთელობის გამო შეექმნა პრობლემა - გოგი ფიფიაა. მას მაღალი ტემპერატურა აქვს და არა მგონია, ხვალ ითამაშოს.
- ზესტაფონში საკმაოდ ცხელა და ვერც მინდორია ისეთ მდგომარეობაში, რომ იდეალური ეთქმოდეს. ეს ყველაფერი ხელს ხომ არ შეგიშლით იმ თამაშის ჩვენებაში, რომელიც შემდეგ ეტაპზე გაგიყვანთ?
- ბუნების წინაშე ყველა უძლური ვართ. საქართველოში ორ კვირაზე მეტია ასეთი სიცხეებია და ის ახალი ბალახი, რომელიც ნიადაგში მოათავსეს, ამოსვლას იგვიანებს. არადა, ერთ-ერთი საუკეთესო გაზონი ზესტაფონშია, მაგრამ გვალვამ ხელი შეგვიშალა.
მე არ ვეკუთვნი მათ კატეგორიას, ვინც თვლის, რომ ასეთ ამინდში თამაში “ზესტაფონს” რაიმე უპირატესობას აძლევდეს. ვფიქრობ, სიცხეში ორივე გუნდს გაუჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ხვალ მინდორზე მყოფები, ყველაფერს გააკეთებენ შედეგის მისაღწევად. ჩემთვის მთავარია, რომ ამ ორთაბრძოლიდან გამარჯვებული “ზესტაფონი” გამოვიდეს.
- როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე მეტოქის თამაშმა და რის დაპირისპირებას აპირებთ 1:0-ით დაწინაურებული “კარპატისთვის”?
- “კარპატი” რთული მეტოქეა, თუმცა არც ისეთი, რომლის დამარცხება არ შეიძლებოდეს. ერთადერთი მადარდებს ანგარიში - კარგი იყო არ წაგვეგო. სიმართლე გითხრათ, 1:0 არც უკრაინელებს აძლევთ მშვიდად ყოფნის საშუალებას. არა მგონია, მეტოქე “თავქუდმოგლეჯილი” წავიდეს შეტევაში, ჩვენ კი, ხვალ თვით მამაზეციერმა მოგვისაჯა შეტევა და გოლების გატანის ბევრი მცდელობა. დარწმუნებული ვარ, მატჩში ყველაზე მეტად კრეატიული ფეხბურთელები იქნებიან გამორჩეულები, როგორც ერთი, ისე მეორე გუნდიდან.
- თქვენს გუნდში ვინ მიგაჩნიათ ასე კრეატიულ ფეხბურთელებად?
- პრაქტიკულად ყველა.
“კარპატის” ვარჯიშამდე მედიელებთან სასაუბროდ ოლეგ კონონოვმაც მოიცალა.
ოლეგ კონონოვი: ჩვენი ამოცანაა, ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. პირველ მატჩში სასურველ შედეგს მივაღწიეთ, შევეცდებით, მეორეშიც იგივე გავაკეთოთ. როგორც ვიცი, “ზესტაფონსაც” დიდი სურვილი აქვს შემდეგ ეტაპზე გავიდეს – ამიტომ, ხვალ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იქნება.
- პირველი მატჩის შედეგით კმაყოფილი ხართ, თავად თამაშის ხარისხზე რას იტყვით?
- გოლი რომ არ გავუშვით, ეს ძალიან კარგია. კიდევ უკეთესი იქნებოდა, მეტი სხვაობით მოგვეგო, მაგრამ მეტოქემ ამის საშუალება არ მოგვცა. თამაშის ხარისხს რაც შეეხება, იგი წყვეტილ ხასიათს ატარებდა - კარგ დასაწყისს, როცა გოლი გავიტანეთ, ჩემი გუნდის თამაშში ჩავარდნა მოჰყვა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. მეტწილად მეტოქის დამსახურებაა, რომ მეტი გოლი ვერ გავიტანეთ, თუმცა, იყო მომენტები, როცა ჩვენც გადავურჩით გოლის გაშვებას.
- ვინმეს თუ გამოარჩევდით ზესტაფონელთა შორის?
- ვერ ვიტყვი, რომ მეტოქეთაგან ვინმესი განსაკურებულად მეშინია. მთლიანობაში, ისეთი მოწინააღმდეგე გვყავს, რომ “კარპატის” მთელმა შემადგენლობამ დიდი ყურადღებით უნდა ითამაშოს. “ზესტაფონი” საკმაოდ ორგანიზებული გუნდია და მისი ყველა წევრი არცთუ ცუდ ფეხბურთს თამაშობს.
- მინდორზე რას იტყოდით?
- ერთი შეხედვით, ხარისხი არცთუ სასურველია. ვივარჯიშებთ და გამოჩნდება, თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს მინდორი, იგი მეტოქისთვისაც ისეთი იქნება, როგორც ჩვენთვის.
ზესტაფონელთა პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს დილის 10 საათიდან დაიწყო და ადგილობრივი მასშტაბის რეკორდიც დაფიქსირდა. პირველ დღეს 1500 ბილეთის გაყიდვა, ზესტაფონისთვის დღემდე არნახული შედეგია. მოკლედ, შუა იმერეთის ამ სუფთად საფეხბურთო არენაზე 5 აგვისტოს 20:00 საათისთვის ანშლაგს ელიან ...
დავუბრუნდეთ ისევ “დავით აბაშიძეს”, სადაც სავარჯიშოდ პირველად სტუმრები შევიდნენ. ლვოველთა შემადგენლობაში ჩვენი გარკვევა უკრაინის მთავარი სპორტული გამოცემის “კომანდას” ჟურნალისტმა ვასილი მიხაილოვმა იკისრა. მისი თქმით, საქართველოში ჩამოსულ “კარპატის” ოცეულში ვიტალი რუდენკოს არყოფნას, სამწუხარო, მაგრამ საპატიო მიზეზი აქვს. ლვოველთა მეორე კიპერის სიდედრი და სიმამრი ავტოკატასტროფაში მოყოლილან და ორივე გარდაცვლილა.
იმ 20 ფეხბურთელის ჩამონათვალი, რომლებიც იგორ კონონოვმა საათზე მეტხანს ავარჯიშა 200-მდე ზესტაფონელი მაყურებლის თვალწინ, ასეთია:
მეკარეები - ანდრეი ტლუმაკი, რომან მისაკი;
მცველები - არტიომ ფედეცკი, ნემანია ტუბიჩი, ივან მილოშევიჩი, იგორ ოშიპკო, აველარი, ოლეგ ტარასენკო, ტარას პეტრივსკი;
ნახევარმცველები - დენის კოჟანოვი, სამსონ გოდვინი, სანდრო გურული, გრიგორი და ბორის ბარანეცები, ნენო, ანდრეი ტკაჩუკი, მიხაილო კოპოლოვეცი, იგორ ხუდობიაკი;
ფორვარდები - სერგეი ზენიოვი, ბატისტა.
უკრაინელი კოლეგის თქმით, ამ შემადგენლობიდან ჰოლანდიის ნაკრებთან ტესტ-მატჩში სათამაშოდ, მირონ მარკევიჩმა მხოლოდ ფედეცკის უხმო. სხვათა შორის, უკრაინაში უკმაყოფილებას ვერ მალავენ ნიდერლანდელთა საქციელის გამო, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრაში ლამისაა მეორე შემადგენლობით თამაშს აპირებენ.
ქართველთა ვარჯიშს რაც შეეხება, გეგუჩაძემ სტადიონზე 26 ზესტაფონელი ფეხბურთელი გაიყვანა. ბუნებრივია, მათ შორის არ იყო გოგი ფიფია, რომელსაც მაღალი სიცხის გამო “კარპატთან” დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს. ძველ ტრავმას იშუშებს ალექს ბენაშვილი. მათ გარდა, ზესტაფონელთა თავკაცის განკარგულებაში ყველა ის ფეხბურთელი იქნება, რომლებმაც ბოლო საევროტურნირო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა.
|