შუა იმერეთის რაიონული ცენტრი, უეფას ევროლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩის სამზადისშია, რომელშიც “ზესტაფონი” ლვოვის “კარპატს” უმასპინძლებს (პირველი მატჩი იმერლებმა 0:1 წააგეს). ამ დონის (საუბარია საწყისი ეტაპიდან მე-3 მეტოქემდე მიღწევაზე) საევროტურნირო შეხვედრა თბილისსგარეთ პირველად ტარდება, რაც ზესტაფონური კლუბის მესვეურთა მიმართ ნდობის ნიშანია. როგორც ს.კ. “ზესტაფონის” პრეს--სამსახურმა “მსოფლიო სპორტს” განუცხადა, სპეციალურად ამ მატჩისთვის უეფამ კლუბს ახალი მოთხოვნები წაუყენა, რომლებიც 5 აგვისტოს 20:00 საათისათვის სრულად იქნება შესრულებული.
ზესტაფონში პირველად გამოჩნდება უეფას ახალი ინსტრუქციებით ტრენინგგავლილი 30 სტიუარდი. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 100-ით მოიმატებს ავტოსადგომის ოდენობა. სტადიონზე სპეციალურად ფოტორეპორტიორებისთვის დაიდგა კარავი, საპრესკონფერენციო დარბაზი ამიერიდან 50 ჟურნალისტს დაიტევს. მოიმატა სტადიონზე მაყურებლისთვის განკუთვნილი სკამების რაოდენობამ - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 4558 ადგილი იქნება. ძველ და ახალ სკამებზე დაჯდომის უფლების მოსაპოვებელი ბილეთები (5 და 7 ლარის ღირებულების) 4 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან გაიყიდება.
უკრაინელები ოთხშაბათს 15:00 საათზე, კოპიტნარის აეროპორტში 130-კაციანი დელეგაციით ჩამოფრინდებიან. გუნდი და მომსახურე პერსონალი - სულ 35 პერსონა, ქუთაისში, კერძოდ კი სასტუმრო “ბაგრატი-1003”-ში დაბინავდება. “კარპატის” მხარდამჭერთა შორის იქნება ლვოვის საქალაქო საბჭოს 30 დეპუტატი, რომლებიც წინას¬წარი ინფორმაციით ბათუმში იცხოვრებენ. “ზესტაფონი”-”კარპატის” გასაშუქებლად საქართველოს უკრაინიდან 20 ჟურნალისტი ეწვევა. რაც შეეხება დელეგაციის დანარჩენ წევრებს (45), ისინი კარპატელთა სხვადასხვა ფანკლუბს წარმოადგენენ.
“კარპატი” მატჩისწინა ვარჯიშს ზესტაფონის საფეხბურთო არენაზე 4 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყებს. სტუმართა შემდეგ “დავით აბაშიძეზე” გია გეგუჩაძის გაწვრთნილები მივლენ. მეტოქეთა თავკაცებს ჟურნალისტებისთვის პრეს-კონფერენციაც აქვთ გეგმაში. თავად მატჩს რაც შეეხება, იგი ხუთშაბათს 20.00 საათზე დაიწყება და მას ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა, ტომი შერვენის თავკაცობით განსჯის.