02.08.2010

 

 

გურული “ზესტაფონმა” გააკვირვა.

 

 

 

როგორია ლვოვის “კარპატის” ფეხბურთელების განწყობა “ზესტაფონთან” ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩის შემდეგ? საერთო აზრი ასეთია – საქართველოში ძნელი მატჩი ექნებათ. ლვოველთა ქართველი ნახევარმცველი სანდრო გურული კი ამბობს, “ზესტაფონისგან” ასეთ კარგ თამაშს არ ველოდიო.


ანდრეი ტლუმაკი
(მეკარე): “ვიცოდით, რომ ქართველებს კარგი, ტექნიკური გუნდი ჰყავთ, შეთამაშებულნი არიან და მინდორზე ეს ჩანდა კიდეც. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. ლვოვში მოვიგეთ და საქართველოშიც გამარჯვებისთვის წავალთ”.


იგორ ხუდობიაკი (ნახევარმცველი, გოლის ავტორი პირველ მატჩში): “ვფიქრობ, ჩვენი თამაში ბოლომდე ვერ ვაჩვენეთ. უწინარესად, პრესინგი არ გამოგვივიდა. კარგად ვერ ვიხსნებოდით. და მაინც, უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო, ბოლოს იდეალური მომენტი მქონდა და ვერ გავიტანე. მცველს ვერ ვხედავდი და მეგონა, ბურთი უკვე მიდიოდა კარში, მაგრამ... ამ მომენტმა გამაწბილა, მაგრამ კარგია, რომ კარი მშრალად შევინახეთ. შესაძლოა, ტრიბუნებიდან ისე ჩანდა, თითქოს “ზარიასთან” მატჩისთვის ძალებს ვინახავდით, მაგრამ ასე არ იყო. ზესტაფონშიც მოსაგებად ვითამაშებთ და იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება”.


სანდრო გურული: “ზესტაფონი” კარგი გუნდია, მათ ასეთ თამაშს არ ველოდი. ვფიქრობ, ლვოველი გულშემატკივრებიც სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ ქართველების თამაშით. მე კი ემოციებში ვიყავი, რადგან ქართული გუნდის წინააღმდეგ პირველად მომიწია ბრძოლა. მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რათა ზესტაფონშიც სასურველ შედეგს მივაღწიოთ”.

ილია ნანობაშვილი, გაზეთი ”მსოფლიო სპორტი”
   
FC ZESTAFONI © 2005