01.08.2010

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.

თვითრწმენა და ოსტატობა - "ზესტაფონის" კოზირი უკრაინელებთან.

ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე.

 

 

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილეთა შორის, გასული სეზონის ბრინჯაოს პრიზიორის ს.კ. “ზესტაფონის” ჯერიც დადგა. ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას გუნდი ივნისის პირველი რიცხვებიდან შეუდგა. მოგეხსენებათ, იმერლებმა XXI ჩემპიონატში ნაჩვენები სპორტული შედეგით, უეფას ევროლიგაზე საწყისი ეტაპიდან ჩართვის უფლება მოიპოვეს. საამისო კენჭისყრა 21 ივნისს შვეიცარიულ ნიონში გაიმართა და ზესტაფონელების პირველი მეტოქე სან მარინოს “ფაეტანო” გახდა.


ვიდრე ევროტურნირში ჩაერთვებოდნენ, გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა 10 ივნისიდან ორკვირიანი ავსტრიული შეკრება გაიარეს. სანქტ-ულრიხ ამ პილეზეეში მდებარე სასტუმრო “პილერზეეჰოფში” დაბინავებულებმა შუაგულ ევროპაში 4 ტესტ-მატჩი ჩაატარეს.
12 ივნისს, “ზესტაფონი” პლზენის “ვიქტორიას” (ჩეხეთი) შეხვდა და 1:2 წააგო (გოლი ნიკა გელაშვილის ანგარიშზეა). 15-ში ქართველებს რუსეთის თასის მფლობელი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” დაუპირისპირდა. მატჩი მეტოქეთა არაერთი მცდელობის მიუხედავად უგოლო ფრით დასრულდა - 0:0. ჰოლანდიელი ჰუუბ სტევენსის გაწვრთნილ ავსტრიის ბუნდესლიგის 6-გზის გამარჯვებულ და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ზალცბურგის “რედ ბულს” იმერლები 19 ივნისს შეხვდნენ და 3:2 მოუგეს (გელაშვილი (2), ბაბუნაშვილი). რაც შეეხება შეკრების ბოლო სპარინგს, მასში “ზესტაფონმა” რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ მოსკოვის “დინამოს” ჯაბა დვალის ჰეთ-თრიქის წყალობით 3:1 სძლია.
მოკლედ იმ ცვლილებებზე, რომლებიც “ზესტაფონში” მაისის შემდეგ განხორციელდა. კვლავ უცხოეთში დაბრუნდნენ ლევან კორღალიძე და დავით გამეზარდაშვილი. მატებას რაც შეეხება, გია გეგუჩაძემ კლუბის ხელმძღვანელს მხოლოდ 3 ტრანსფერი განახორციელებინა. ს.კ. “ზესტაფონს” 2-2 წლით დაუკავშირეს საკუთარი მომავალი ისრაელიდან დაბრუნებულმა 29 წლის ნახევარმცველმა შოთა ბაბუნაშვილმა, ბოლოს ზუგდიდის “ბაიაში” მოასპარეზე 25 წლის ფორვარდმა გოგი ფიფიამ და მაჰაჩყალის “ანჟის” 26 წლის განაპირა მცველმა კახა ალადაშვილმა.
ჯერჯერობით, მინდორს ვერ დაუბრუნდა ფორვარდი რატი წინამძღვრიშვილი. შეგახსენებთ, იგი გასულ სეზონში მინდორზე ბოლოს ხუთ მაისს გამოჩნდა. ამ დღეს იმერლები შინ თბილისის “ვიტ ჯორჯიას” მასპინძლობდნენ, რატის კი მხარის დაზიანების გამო, შეხვედრის 43-ე წუთზე მოუწია სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება. მოგვიანებით, მას ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მხარის ოპერაცია გაუკეთეს და იგი რეაბილიტაციის პროცესს გადის.
ივლისში “ზესტაფონმა” ევროლიგის 5 მატჩი გამართა. საკმაოდ იოლად დაძლიეს “ფაეტანოს” ბარიერი (5:0, 0:0). II საკვალიფიკაციო რაუნდზე იმერელთა მეტოქე სლოვაკური “დუკლა” იყო, რომელთანაც საქართველოში 3:0 მოიგეს, ბანსკა ბისტრიცაში კი 0:1 წააგეს. ასეთივე ანგარიშით დამარცხდნენ გეგუჩაძის გაწვრთნილები მორიგ საევროლიგო ეტაპზე ლვოვში “კარპატთან”. რაც შეეხება უკრაინელებთან საპასუხო შეხვედრას, იგი ხუთ აგვისტოს ზესტაფონში გაიმართება. ძირითადად სწორედ ამ მატჩისთვის მზადებაზე საუბარს დაეთმო გუნდის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან “მსოფლიო სპორტის” საუბარი.


- კმაყოფილი ხართ თუ არა ჩემპიონატისთვის მზადებით?
- ეროვნული ჩემპიონატი უფრო ადრე რომ დაწყებულიყო, ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა. ვთვლი, რომ უფრო დინამიურად წარიმართებოდა ჩვენი ევროტურნირისთვის მზადება.
- წინადადებით თუ მიმართეთ სათანადო ორგანოს საქართველოში?
- არ მიგვიმართავს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ფაქტორი მომავალში გასათვალისწინებელია. თუნდაც ის, რომ ლვოვის “კარპატი” უკვე საშინაო ჩემპიონატში თამაშობს, ეს მას სათამაშო პრაქტიკის მიღების საშუალებას აძლევს. ჩვენ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთა დამატებითი დატვირთა კარგი იქნებოდა და სათამაშო პრაქტიკა ამაში მისწრებაა.
- ბოლო წლებში “ზესტაფონი” ჩემპიონობის რეალურ კანდიდატად ითვლებოდა, მაგრამ სანატრელ ტიტულამდე ქულები არ გყოფნიდათ. როგორ ფიქრობთ, ახალ სეზონში თქვენი საჩემპიონო შანსი მეტია თუ მეტოქეების?
- ჩემპიონობის პრეტენზია “ზესტაფონს” წელსაც არ განელებია და ტიტულის მოპოვების სურვილი ნამდვილად გვაქვს. ცუდი ისაა, რომ ხელის შემშლელი ფაქტორი უფრო მეტია ხოლმე, ვიდრე ხელის შემწყობი. უპირველესად, მიზეზებს ჩვენს თავში უნდა ვეძებდეთ და საჩემპიონო კონცენტრირება და პასუხისმგებლობა სულ სხვა უნდა იყოს, ვიდრე მანამდე გვქონდა.
წინასწარ ვამბობ, რომ მერე ვინმემ წარუმატებლობის მიზეზის ძებნაში არ ჩამოგვართვან - სასურველი იქნებოდა, თუ სათამაშო მოედნების ხარისხს დიდი ყურადღება დაეთმობა. მგონი, ბევრი დამეთანხმება - დროა, იმ დონეზე გავიდეთ, რომ ქვეყანაში მინდვრის პრობლემა აღარ იყოს.
- ვის მიიჩნევთ ჩემპიონობისთვის თქვენს კონკურენტებად?
- ალბათ, ისევ ტრადიციული გუნდები იქნებიან კონკურენტები - იგივე თბილისის “დინამო”, “ვიტ ჯორჯია”. თამაშებზე თვალი არ მიდევნებია, მაგრამ გაგონილი მაქვს, რომ ზუგდიდის “ბაია” გაძლიერდა სერიოზულად, ქუთაისის “ტორპედოშია” კარგი სიტუაცია და იმის მიუხედავად, რომ წლეულს დაუბრუნდა უმაღლეს ლიგას, ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ვფიქრობ, რაც მეტი კარგი გუნდი იქნება ჩემპიონატზე, მით უკეთესი ყველასთვის.
- კონდიციების 10-ბალიანი სისტემით შეფასებით, რამდენ ბალს დაუწერდით “ზესტაფონს”?
- 7-ს. ჯერ კიდევ ვიკრებთ ძალებს და კიდევ დავუბრუნდები ნათქვამს - 8-ც იქნებოდა და 9-ც, ჩემპიონატის რამდენიმე თამაში რომ გვქონდეს ნათამაშები.
- ასეთი კონდიციების გუნდს, რა შანსი აქვს ლვოვის “კარპატთან”, ვისთანაც ევროლიგაზე საპასუხო შეხვედრა მომავალ ხუთშაბათს უწევს.
- ჩვენ უკრაინელების ძლევის სურვილიც გვაქვს და ამის ძალაც შეგვწევს. მთავარია, უწინარესად, ისევ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, რათა ლაღად ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რომლის თამაში შეგვიძლია.
- ალბათ, ლვოველებზეც შეიძლება იმის თქმა, რომ “ისე არ წვიმს, როგორც ქუხს”. არა გვგონია, “კარპატს” უკრაინაში თამაში დაემალოს. განსაკუთრებით მე-2 ტაიმში, “ზესტაფონმა” მეტოქეს აჯობა.
- მე ვთვლი, რომ ჩემს განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელები ლვოველებს ოსტატობით აღემატებიან. მინდა, რომ მათი ეს ოსტატობა სრულად იყოს გამოვლენილი მინდორზე. რაც არ უნდა დიდი ფსიქოლოგი იყო, ძნელია ფეხბურთელი დააჯერო, რომ მას შეუძლია გავიდეს მინდორზე და მოუგოს მეტოქეს, თუ თავად არ დარწმუნდება რა დონის გუნდთან აქვს საქმე. სწორედ ამ თვითრწმენის დამსახურებაა, რომ ლვოვში “ზესტაფონმა” თამაში გამოასწორა.
ამით სულაც არ ვამბობ, რომ “კარპატი” სუსტი გუნდია - ძალიან კარგად შეკრული, შეთამაშებული, შემტევი გუნდია და კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს. მაგრამ ის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც ჩვენი ფეხბურთელები არიან ნაკლები - მით უფრო მაშინ, როცა საკუთარი ძალების რწმენა აქვთ.

ფრიდონ კერვალიშვილი, გაზეთი ”მსოფლიო სპორტი”
   
FC ZESTAFONI © 2005