არტიომ ფედეცკი: “საქართველოში თამაში “სუფთა ფურცლიდან” უნდა დავიწყოთ”
უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ლვოვის “კარპატის” მცველი არტიომ ფედეცკი მიიჩნევს, რომ “ზესტაფონთან” (1:0) ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის მოგების მიუხედავად, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და მის გუნდს საქართველოში იოლი თამაში არ ელის.
“მთელი ბრძოლა წინაა. “ზესტაფონი” ძალიან ორგანიზებული გუნდია, რომლის ფეხბურთელები ინდივიდუალურად კარგად არიან მომზადებულნი. საქართველოში იოლი თამაში არ გველის. თუმცა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად”- განაცხადა ფედეცკიმ sport.glavred-თან საუბრისას.
- “ზესტაფონთან” საშინაო შეხვედრა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ კვირაში ორი მატჩის ჩატარებამ გუნდი დაღალა...
- არა მგონია. პირადად მე, თავს ნორმალურად ვგრძნობ და დაღლილობას არც სხვა ფეხბურთელები უჩივიან. ჩვენ ასეთ გრაფიკში თამაშს უნდა მივეჩვიოთ. ყველას უჭირს. თუმცა, სათადარიგოთა სკამი ამისთვის არსებობს. ჩვენ არცთუ ცუდი შემსრულებლები გვყავს. მსგავს რიტმში ბევრი მოთამაშე უნდა გამოვიყენოთ.
- სამი წლის წინ “კარპატიმ” საკონტროლო შეხვედრაში “ზესტაფონთან” 0:3 წააგო. პირველი მატჩის წინ, იმ თამაშის ვიდეოჩანაწერი არ გინახავთ?
- არა. ის მატჩი არ გაგვირჩევია. ეს უკვე ისტორიაა. ჩვენ “ზესტაფონის” ამჟამინდელი თამაშების ვიდეოჩანაწერები გვქონდა, რომლებშიც ამ გუნდმა სლოვაკები დაამარცხა. აღნიშნულმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ ქართველების შეუფასებლობა არ შეიძლება. ვფიქრობ, საშინაო მატჩში 1:0 გამარჯვება კარგი შედეგია. თუმცა, ეს დაპირისპირება უნდა დავივიწყოთ და 5 აგვისტოს, საქართველოში თამაში “სუფთა ფურცლიდან” უნდა დავიწყოთ.
გამოყენებულია ”კარპატის” ოფიციალური ვებ-გვერდის ფოტომასალა
|