30.07.2010

 

 

გეგუჩაძე “კარპატის” ვერგადალახვას წარუმატებლობად ჩათვლის.

 

 

 

 

“ზესტაფონის” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ, ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ლვოვის “კარპატთან” (0:1) სტუმრად წაგების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინული ბარიერის დაუძლევლობა, წარუმატებლობა იქნება.


ჩვენ წინ მივდივართ. თუ შემდეგ ეტაპზე ვერ გავალთ, ეს წარუმატებლობა იქნება. თამაშს ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი მთლიანად “ჩავაგდეთ”, ხოლო მეორეში ვცდილობდით ფეხბურთი გვეთამაშა. შესაძლოა, უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით, მოწინააღმდეგეს მატჩის ბოლოს საგოლე მომენტი რომ გამოეყენებინა. როგორც ვვარაუდობდი, ყველაფერი მეორე თამაშში გადაწყდება” – იუწყება გეგუჩაძის მიერ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნათქვამს “სპორტ-ექსპრეს ვ უკრაინე”.
კითხვას, თუ რით ახსნის სადებიუტო “ჩავარდნას”, გეგუჩაძემ ასეთი პასუხი გასცა:
გავარკვევთ. შესვენებაზე კორექტივების შეტანა და ფეხბურთელებთან სერიოზულად საუბარი მოგვიწია. ისინი რაღაც მოდუნებულნი ჩანდნენ და ნელა გადაადგილდებოდნენ”.
“ზესტაფონის” თავკაცს პროგნოზი არ გაუკეთებია – შეძლებენ თუ არა საკუთარ მოედანზე მეტოქის დამარცხებას, უბრალოდ, აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგეს კარგი გუნდი ჰყავს.


ლვოვის “კარპატის” მთავარი მწვრთნელი ოლეგ კონონოვი კმაყოფილი დარჩა, რომ მისმა გუნდმა გოლი არ გაუშვა:
იოლი თამაში არ ყოფილა. კარგია რომ გავიტანეთ და ბურთი საკუთარ კარში არ მივიღეთ. ეს მთავარია. შედეგი კარგია, მაგრამ საწყენია, რომ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ, არადა, ამასთან ახლოს ვიყავით. ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან კარგი დონის გუნდია. მეორე მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადებით”.
ჟურნალისტის ნათქვამზე, რომ “ზესტაფონს” სახლში ბევრი გოლი გააქვს, “კარპატის” თავკაცმა მიუგო – ჩვენ კიდევ ცოტას ვუშვებთო. კონონოვმა განვლი შეხვედრაში საკუთარი შეგირდების არცთუ მაღალ ტემპში თამაში იმით ახსნა, რომ უკრაინის პრემიერლიგაში ზაპოროჟიეს “მეტალურგთან” ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ფეხბურთელებმა ძალები სათანადოდ ვერ აღიდგინეს.
კონონოვის განცხადებით, მთავარი მიზანი სწრაფი გოლის გატანა კი არა, თამაშის მოგება იყო. “კარპატის” მწვრთნელმა თქვა, რომ “ზესტაფონს” არაფრით გაუოცებია, მაგრამ ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, რომელსაც მწვავე შეტევების განხორციელება შეუძლია. იგი ელოდა, რომ მეტოქე ბურთს გააკონტროლებდა და კონტრშეტევებს განახორციელებდა. ის ფაქტი, რომ მასპინძლები მეტოქის კარის მიმართულებით ცოტას ურტყამდნენ, კონონოვს ქართული გუნდის დამსახურებად მიაჩნია.
“კარპატის” დამრიგებელი საკუთარი გუნდის მინუსად თვლის, რომ მცველებსა და ნახევარმცველებს უფრო მეტი გოლი გააქვთ ვიდრე თავდამსხმელებს:
ვაღიარებ, რომ ეს ჩვენი მინუსია. ამის შესახებ მეც ვფიქრობ. რეიკიავიკში ჩატარებული მატჩის გარდა, ბოლო თამაშებში გამოჩნდა, რომ სამუშაო პროცესში რაღაცეებს უნდა გადავხედოთ, რათა თავდამსხმელებმა შეტევები დააგვირგვინონ და თავდაჯერებულები იყვნენ”.


ლაშა თაბაგარი, გაზეთი ”მსოფლიო სპორტი”
   
FC ZESTAFONI © 2005