სტუმრობა ლვოვში.
2010 წლის 29 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” 2010-2011 წლის უეფას ევროპის ლიგის მესამე ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. მატჩი, რომელსაც ლვოვის სტადიონმა "უკრაინამ" უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა...
შეხვედრის პირველი ტაიმის საწყისი წუთები ზესტაფონელთათვის წარუმატებელი გამოდგა, მიმდინარეობდა შეხვედრის მეექვსე წუთი, როდესაც იგორ ხუდობიაკმა თავური დარტყმით თავის გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ორივე გუნდი ცდილობდა თამაშის გამწვავებას, თუმცა განსაკუთრებული ხიფათი როგორც როინ კვასხვაძის, ასევე ანდრიი ტლუმაკის კართან ნაკლებად იქმნებოდა. ყველაზე მეტად გამოსარჩევია ჯაბა დვალის სახიფათო გარღვევა, როდესაც ქართველთა ფორვარდი მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ უკანასკნელ მომენტში ბურთი დაიკარგა ...
მეორე ტაიმი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე ეპიზოდში მასპინძლები გვარიანად ანერვიულეს კიდეც. ანგარიშის გათანაბრება ნიკოლოზ გელაშვილს მართებდა, მაგრამ ანდრიი ტლუმაკთან პირისპირ გასულმა, მცველთან ორთაბრძოლაში, ხეირიანად დარტყმა ვერ მოახერხა. ამ ეპიზოდიდან ორიოდე წუთში, თორნიკე აფციაური ურტყამდა სახიფათო პოზიციიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში ქართველ შემტევს სიზუსტემ უღალატა. 90-ე წუთზე იგორ ხუდობიაკის დარტყმის შემდეგ აშკარა გოლს ზესტაფონელები ზაალ ელიავამ გადაარჩინა. მასპინძელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.
უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩი დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე 5 აგვისტოს 20:00 საათზე გაიმართება ...
|
22/07/2009 - ”კარპატი” (ლვოვი, უკრაინა) - ”ზესტაფონი” - 1-0 |
დაწვრილებით:
|
|