28.07.2010

 

 

ქართველებმა "უკრაინაზე" ივარჯიშეს.

 

 

 

28 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე, "კარპატთან" ხვალ გასამართი შეხვედრის წინ, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ლვოვის მთავარ არენაზე - სტადიონ "უკრაინაზე" მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშმა ქართული და უკრაინული მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

იმერელთა წვრთნამ ერთ საათზე ოდნავ მეტხანს გასტანა, ფეხბურთელებმა ნაყოფიერად იმუშავეს ბურთთან ერთად და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტებიც დახვეწეს. სასიხარულოა, რომ ამ უპრინციპულესი მატჩის წინ ცხრამეტივე ჩვენი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

როგორც მოგახსენეთ, ვარჯიშს ქართული და უკრაინული მედიის წარმომადგენლები მრავლად დაესწრნენ და წვრთნის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე იმერთა მთავარ მწვრთნელ გიორგი გეგუჩაძეს შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვეს:

- რას იტყვით "კარპატის" შესახებ?

- "კარპატის" თამაში არაერთხელ მინახავს როგორც წლეულს, ასევე წინა წლებშიც. გუნდი აშკარად პროგრესირებს, ლვოველებს უყვართ და გამოსდით შემტევი ფეხბურთი.

- როგორ შეაფასებთ სტადიონ "უკრაინას" მინდვრის მდგომარეობას?

- კარგი მინდორია, მაგრამ უკანასკნელი დღეების უამინდობის გამო ოდნავ დამძიმებულია ...

- გასვლით შეხვედრაში ფრე მისაღები შედეგი იქნება თქვენი გუნდისათვის?

- ჩვენთვის მისაღები იქნება ის შედეგი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანს.

- "ზესტაფონში" არ ასპარეზობენ ლეგიონერები. ეს გარემოება გუნდს ერთფეროვანს ხომ არ ხდის?

- ამის განსჯა თქვენთვის მიმინდვია, ჩვენს გუნდში მრავლად არიან შემოქმედი ფეხბურთელები, მე არ მივიჩნევ, რომ ჩვენი გუნდი ერთფეროვან ფეხბურთს თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ ”კარპატი” - ”ზესტაფონის” ხვალინდელი შეხვედრა ადგილობრივი დროით 19:15, ხოლო თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა უკრაინული ტელეარხი "ფუტბოლის" ეთერში იქნება შესაძლებელი.

 

ალეკო კაკაურიძე და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005