ყვირილისპირა ცალკარა
თემურ მახარაძემ ”ზესტაფონ”-ში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა.მატჩის ანაგარიში სანახევროდ თუ ასახავს იმ უპირატესობას, რომელსაც ყვირილისპირულ დერბიში მასპინძლები ფლობდნენ.
ზესტაფონელთა ახალმა დამრიგებელმა უმალ დაატყო ხელი გუნდს, ტაქტიკური სიახლეც შემოგვთავაზა- საყრდენად ძამსაშვილი გაამწესა, დაცვის მარჯვენა ფრთა კი დებიუტანტ საჯაიას ჩააბარა. თურმანიძეს და ჭელიძეს ფლანგებზე აქტიურობა დაევალათ . ჰოდა , მასპინძლებმა სწრაფად დაალაგეს თამაში, რაშიც მათ ხელი მეტოქემაც შეუწყო. ვერ გეტყვით, მომავალში რა იქნება, ამ კონკრეტულ შეხვედრაში კი საჩხერლებმა არც თუ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს . ასე , წარმოიდგინეთ, 90 წუთის განმავლობაში სტუმრებს ერთთავად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უხდებოდათ ზრუნვა და ერთი ხეირიანი შეტევაც კი არ განუხორციელებიათ. შეიძლება ვცდებოდეთ, მაგრამ ,რომ გვკითხოთ, საჩხერელთაგან საკუთარ მოვალეობას 4-5 ფეხბურთელი თუ ასრულებდა, გამორჩეული კი მიხეილ მესხი გახლდათ.
მე-16 წუთე ძამსაშვილმა შორეული დარტყმით დააფრთხო სტუმრები. მართალია, მამალაძემ თავიდან უხერხულად მოიგერია ბურთი, მაგრამ განმეორებითი ნახტომით მას კრუხივით გადაეფარა. სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ ზესტაფონელებმა გააძლიერეს მეტოკეზე ზემოქმედება. სულ მალე მამალაძე თურმანიძის მიერ სახიფათოდ დარტყმულს დაეუფლა. მერე იყო და, იმავე თურმანიძემ მარჯვნიდან საპირისპირო ფლანგზე გადაიტანა ბურთი, საიდანაც ჭელიძემ შეუჩერებლივ დაჰკრა საჩხერელთა კარისაკენ- მამალაძემ ამ შემთხვევაში იყოჩაღა. მაგრამ გოლმა დიდხანს მაინც არ დაახანა. ფიფიამ უმალ მოიხელთა ბურთი, საჯარიმოში შეჭრილმა მემარნიშვილი მოატყუა და უნაკლოდ დაარტყა მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში -1-0.
ერთი შეხედვით , გაშვებული ბურთი მერე სტუმრებს მეტი ფხა უნდა გამოეჩინათ, მაგრამ ... არაფელი მსგავსი. საჩხერელები ზედმეტად აკადემიურად ირჯებოდნენ, შუახაზელები ბევრს სცოდავდნენ, აღარც მიქაძე და კაკალაძე ჩანდნენ მოედანზე, ისინი ფაქტობრივად მოწყვეტილნი იყვნენ თავისიანებს.
თამაში ისევ ზესტაფონელების უპირატესობით გაგრძელდა. 26-ე წუთი იყო, მამალაძემ ძამსაშვილის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული ძნელი ბურთი კუთხურზე მოიგერია. შესვენებამდე შექმნილი სახიფათო მომენტების ნუსხა აქ ამოიწურა...
მეორე ტაიმში ფეროელებს არაერთხელ უნდა დაესაჯა მეტოქე უნიათო თამაშისთვის. მოედანზე ცალკარობანა იყო გაჩაღებული. ყველა საგოლე ეპიზოდის აღწერა შორს წაგვიყვანს, ოთხზე კი ღირს ყურადღების გამახვილება. 51-ე წუთზე ფიფიამ ისეთი პოზიციიდან ააცილა მიზანს, საიდანაც ამის გაკეთება თითქოს შეუძლებელი იყო.
58-ე წუთზე - მეორე გოლი ”ჩიხურა”-ს კარში - ჭელიძემ ზუსტი გადაცემა გაუკეთა სათამაშოდ ახლადშემოსულ იონანიძეს და მანაც შუაგულ საჯარიმოდან თავით გაგზავნა ბურთი ფაქტობრივად ცარიელ კარში - 2-0.
70-ე წუთზე ჭელიძემ მახვილი კუთხიდან ტყვიასავით ურტყამს სტუმართა კარისკენ, ბურთი ერთ-ერთი მცველისაგან კუთხურზე გადავარდა.
75-ე წუთი, იონანიძე დუბლის შესრულების საუცხოვო შანსს უშვებს ხელიდან - ახლოდან აცილებს ცარიელ კარს...
|