27.07.2010

 

 

ზესტაფონელები ლვოვში დაბანაკდნენ.

 

 

 

27 ივლისს, ჩარტერული რეისით, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უკრაინაში გაემგზავრა. დილის 11:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 3 საათში ქართული გუნდი ლვოვის აეროპორტში ჩაფრინდა.

 

ლვოვის აეროპორტიდან ავტობუსით ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ქართველები ლვოვის გარეუბან ვინნიკიში ჩავიდნენ და სასტუმრო ”სვიატოსლავში” დაბინავდნენ.

უნდა ითქვას, რომ ზემოიმერლები უკრაინაში შეთხელებული შემადგენლობით გაემგზავრნენ. გუშინ საღამოს საგურამოში გამართულ ვარჯიშზე ალექს ბენაშვილმა მუხლის ტრავმა მიიღო. გუნდის სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ, გია გეგუჩაძის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გალიჩინაში 19 ფეხბურთელით გამგზავრების შესახებ.

დღეს საღამოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უკრაინულ მიწაზე თავის პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. ვარჯიში ვინნიკის ბოგდან მარკევიჩის სახელობის სტადიონზე გაიმართა და 19:30 საათზე დაიწყო. წვიმისა და სიცივის მიუხედავად, წვრთნისა და მზადების პროცესი პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005