სისხლით დაწერილი ისტორია.
ტკივილი და ბედნიერება
ეს წამია დასრულდა უაღრესად დრამატული მატჩი სლოვაკურ "დუკლასა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის. ყველანი უზომოდ გახარებულები და ბედნიერები ვართ. ზესტაფონური ფეხბურთის ისტორიაში ეს არის საუკეთესო შედეგი - გუნდმა ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ახლა ლვოვის "კარპატთან" სათამაშოდ უნდა მოემზადოს.
ვინ თქვა, რომ ისტორია იოლად იწერება. სლოვაკებმა მართლაც საშინლად იუხეშეს მთელი თამაშის განმავლობაში. მეტიც, ისინი აშკარად პროვოკაციაზე მიდიოდნენ, რათა ჩვენი ფეხბურთელებისთვის მახე დაეგოთ, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. გუნდმა უაღრესად გაწონასწორებული და შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი აჩვენა. ირაკლი ძარიას ფეხს რომ შეხედოთ, შეიძლება სუსტი ნერვების პატრონებმა ვერც კი გაუძლონ ნანახს - თამაში ხუთი წუთის დასრულებულია, ძარიას კი ჯერ ისევ მოსდის სისხლი ფეხიდან. თორნიკე აფციაურა იმდენი ურტყეს ფეხებში, რომ ალბათ ათ მატჩს ეყოფოდა, მაგრამ ბიჭებს ტკივილი აღარ ახსოვთ და ამბობენ, რომ უზომოდ ბედნიერები არიან.
გაოცებული "კარპატი"
სტადიონზე მისულებს თვალში მოგვხვდა ორი შუახნის უკრაინელი მამაკაცი, რომლებიც გამალებით ნადირობდნენ ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ეხებოდა. რა თქმა უნდა ჩვენ, ქართველმა ჟურნალისტებმა, საიდუმლოდ შევინახეთ და არც არაფერი გვითქვამს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ზოგადად ჩვენი საფეხბურთო კლუბი. სამაგიეროდ, უკრაინელებისგან გავიგეთ, რომ "კარპატი" ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და გუნდის ხელმძღვანელობა მისგან მხოლოდ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ითხოვს. ასე ფიქრობენ "კარპატის" ხელმძღვანელები და მათ კვერს გუნდის ოფიციალური ინტერნეტ-საიტიც უკრავს. "ჩვენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა "ზესტაფონის" თამაშმა. ქართული გუნდების "აქილევსის ქუსლად" ყოველთვის ფიზიკური მომზადება ითვლებოდა და ძალიან გაკვირვებულნი ვართ, რომ "ზესტაფონმა" მეტოქეს სწორედ ამით აჯობა", - გვეუბნებიან უკრაინელები, რომლებსაც ფეხბურთი ნამდვილად არ ესწავლებათ. ჩვენ კი მათ ვეუბნებით, რომ პატარა ქალაქი სავსებით გადარეულია ფეხბურთზე და 5 აგვისტოს მათ ზესტაფონში იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელით. უკრაინელებს ვაგებინებთ, რომ "ზესტაფონი" მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს მათთან შეხვედრაში და იქვე ვატყობთ, რომ ჩვენთან თამაშის პერსპექტივით მაინცდამაინც ნასიამოვნებნი არ არიან.
"როსიას" ყურადღებას ნუ მიაქცევთო
მეორე ტაიმის მე-10 წუთი დგას. "ზესტაფონმა" მოხდენილად აიცილა მეტოქის შეტევები და ჩანს, რომ "დუკლა" ამ მატჩის შემომტრიალებელი აღარ არის. სწორედ ამ დროს აღმოსავლეთ ტრიბუნაზე მყოფი სლოვაკი ქომაგების ნაწილი "როსია, როსიას" სკანდირებას იწყებს, რათა ფეხბურთელები მოშალოს და გააღიზიანოს, ხოლო ჩვენ, ჟურნალისტებს რაღაც შიშისმაგვარი ჩაგვისახლონ გულში. ხდება პირიქით: ბიჭებზე ეს შეძახილი დოპინგივით მოქმედებს. ანგარიშში დაწინაურებულ მეტოქეს ბურთსაც ვართმევთ და ინიციატივასაც, ხოლო ძალიან კარგ პიროვნებას, სლოვაკური გაზეთ "სპორტის" ჟურნალისტს იოზეფ ჩერვიცკის საყვედურით მივმართავთ. "ყურადღებას ნუ მიაქცევთ,- გვეუბნება სლოვაკი კალმოსანი, - რუსულ სახელმწიფო პოლიტიკას თავის დროზე ჩვენთვისაც უვნია. მათ კი ("დუკლას" ფანები ჰყავდა მხედველობაში) მხოლოდ ის უნდათ, რომ მეტოქე მწყობრიდან გამოიყვანონ".
გარდატეხა
"ზესტაფონს" მეტოქეზე უარესად ერთი წამითაც კი არ უთამაშია, მაგრამ 55-ე წუთიდან თამაშის სურათი აბსლუტურად შეიცვალა და ბურთზე ქართულმა კლუბმა ტოტალური კონტროლი დააწესა. ჩვენი უპირატესობა თამაშის დასრულების შემდეგ სლოვაკმა ჟურნალისტებმა და თვით "დუკლას" მთავარმა მწვრთნელმა კაროლ მარკომაც აღიარეს. მაინც რამ განაპირობა თამაშის სურათის საჩვენოდ ცვლილება? აქ ორი ფაქტორი უნდა გამოვყოთ: 1) გია გეგუჩაძის მიერ დროულად განხორციელებული ცვლილებები; 2) "ზესტაფონის" შესანიშნავი ფიზიკური მომზადება, რაც ალბათ ხორვატი სპეციალისტის, ივო კატუშიჩის დამსახურება უნდა იყოს. გნებავთ ტრაქტიკასა და სტრატეგიაში, გნებავთ ბურთის კონტროლსა და ტექნიკაში, "ზესტაფონი" ყველაფერში სჯობდა მეტოქეს და ეს ორრაუნდიანი დუელი აბსოლუტურად დამსახურებულად მოვიგეთ.
მარტო არ მიგვატოვეს
მართალია, სლოვაკი გულშემატკივრები ქომაგთა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ ბანსკა-ბისტრიცას მთავარ სპორტულ არენაზე, მაგრამ "ზესტაფონი" ამ თამაშში მარტო მაინც არ ყოფილა. თავი რომ დავანებოთ 50-კაციან ქართულ დელეგაციას, გუნდი ორმა ზესტაფონელმა ქომაგმაც გაამხნევა. ზურაბ ღვინიაშვილმა და ალეკო სარალიძემ ბანსკა ბისტრიცაში მომქანცველი მგზავრობის შემდეგ ჩამოაღწიეს და ჩვენთან ერთად გუნდის მე-12 მოთამაშედაც იქცნენ. ახლა ევროპაში მცხოვრები, ისე კი ძირძველი ზესტაფონელების სიდაბაისლემ და ჩვენი გუნდის თამაშმა ისე მოხიბლა, რომ `დუკლას~ ფანობა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ისინი "ზესტაფონის" ავტობუსის ირგვლივ შეგროვდნენ და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში უკრავდნენ ტაშს.
შეჩერებას არ ვაპირებთ
ლვოვის "კარპატი" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ შეჩერებას ნამდვილად არავინ აპირებს. მიგვაჩნია, რომ ჩვენს გუნდს სავსებით თავისუფლად შეუძლია უკრაინელების გამკლავება. რაც მთავარია, ძალიან ოპტიმისტური განწყობაა თვითონ იმერელთა შემადგენლობაში. თამაშის დასრულების შემდეგ ჩვენ ვესაუბრეთ კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიას, რომელიც გუნდის განვითარების ახალ-ახალ პერსპექტივებზე ფიქრობს და პროგრესისკენ თავდაუზოგავად მიილტვის. მოკლედ, 29 ივლისსა და 5 აგვისტოს "კარპატს" გააფთრებული "ზესტაფონი" ელის.
|