“ზესტაფონმა” სლოვაკეთი ევროლიგას დააშორა.
დავიწყოთ იქედან, რომ ს/კ “ზესტაფონმა” ევროლიგაზე სლოვაკური ბარიერის გადალახვით კლუბის ისტორიაში არნახული ნაბიჯი გადადგა. ამ იმერულ გუნდს დღემდე ზედიზედ 2 საევროტურნირო ეტაპი არ დაეძლია. საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორმა სლოვაკ “კოლეგას” კლასით აჯობა. ბანსკა-ბისტრიცაში წაგებულ მატჩშიც გია გეგუჩაძის გაწვრთნილები “დუკლასთან” შედარებით გამოცდილ და ისეთ გუნდად გამოიყურებოდნენ, რომელმაც კარგად იცოდა რა უნდოდა და როგორ მიეღწია ამ მიზნისათვის.
სიმართლე გითხრათ, იმერელთაგან სტუმრად მოგებასაც (შინ ხომ “ზესტაფონმა” 3:0 იმარჯვა) ველოდი. ასეთი ოპტიმიზმი უმეტესწილად სლოვაკთა გამოუვალმა მდგომარეობამ განაპირობა - 3-ბურთიანი უარყოფითი ბალანსის მქონე გუნდი, როგორც წესი შეტევებით იწყებს საშინაო საპასუხო შეხვედრას. აქ კი, მრისხანე შუა და წინა ხაზების მქონე გუნდს კონტრშეტევებზე დიდი ხეირის პოვნა შეეძლო.
რომ იტყვიან, კაროლ მარკომ მოლოდინი გაგვიცრუა - მის გუნდს თავიდანვე დაეტყო, რომ იგი ორრაუნდიან დაპირისპირებაზე მეტად, კონკრეტული ბრძოლის მოგებას ცდილობდა. ბუნებრივია, სლოვაკები სრულ ბედნიერებაზეც არ იტყოდნენ უარს, მაგრამ ამ “ზესტაფონთან” ეს უკვე ფუფუნება იქნებოდა.
ისე არ იფიქროთ, “დუკლა” წინასწარ შერიგებული იყო ხვედრს. ამაში დასაჯერებლად იმ ზესტაფონელთა ფეხების ნამატჩევს ნახვაა საკმარისი, რომლებიც იარებს იშუშებდნენ. მათგან ყველაზე ულმობლად ირაკლი ძარიას მოექცნენ - მას ერთ-ერთი სლოვაკის ბუცის ქაცვმა ბარძაყი მტკაველის სიგრძეზე გაუსერა. ნაკლები არც ზესტაფონში დუბლის გამკეთებელ ჯაბა დვალს მოხვედრია. მისი ჩაგემატომებული ფეხი რომ “ფერზე” მოვიდეს, ექიმთა დიდი ხნის ჯადოქრობაა საჭირო.
ქართველები თითქოს შემდეგ ეტაპზე გასვლით გახარებულნი უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ამავე დროს აღშფოთებას ვერ ვმალავდით სერბი არბიტრის დრაგომირ სტანკოვიჩის “სიბრმავის” გამო: “ცუდი მსაჯობა როგორ უნდა გაგიკვირდეს კაცს, ისეთი პრეცენდენტები გვინახავს უფრო მაღალ დონეზე თამაშებისას, მაგრამ სერბმა არბიტრმა სლოვაკები რომ იტყვიან მიუშვა ჩვენს ბიჭებზე. კიდევ კარგი, რომ ესენი უხეშობაში არ აჰყვნენ და ტრავმებიც ისეთი არაა, დიდი ხნის მკურნალობა რომ სჭირდებოდეს”.
აი, რა უთხრა მატჩის წინა დღეს ბრატისლავურ გაზეთ “სპორტს” სლოვაკთა ექსტრავაგანტურმა თავკაცმა კაროლ მარკომ: “მე ბიჭებს ვეუბნები - ითამაშეთ ისე, რომ მატჩის შემდეგ მინდორი თავაწეულებმა დატოვოთ”. 22 ივლისის დაპირისპირება თავაწეულებმა ზესტაფონელებმა დატოვეს, ხოლო დუკლელთა უმეტესობა მინდორზე გაგორებული ნანობდა ევროტურნირზე გამომშვიდობებას. ცოტა გონს რომ მოვიდნენ სლოვაკები, იმ ტრიბუნასთან მივიდნენ მადლობის სათქმელად, მთელი თამაში “როსია, როსიას” რომ გაიძახოდა.
გვესმის, რომ (მანამდე ასეთი რამ სერბებმა ბელგრადში თბილისის “დინამოს” მასპინძლობისას მოიმოქმედეს) ყველაზე უკეთ “დაამუღამეს” ქართველები რუსეთის ხსენებაზე შესაძლოა მწყობრიდან რომ გამოიყვანო. თუმცა მხოლოდ “შესაძლოა”, რადგან როცა მოწინააღმდეგეს ჰგონია “როსიას” ძახილით პროვოცირებას გიკეთებს, უკვე კარგა ხანია ცდება - გრუზინცები (ასე გვქვია ქართველებს სლოვაკურ ენაზე) ასეთ იაფ ხრიკზე უკვე არ წამოეგებიან. იმ გადამთვრალი ბანსკა-ბისტრიცელების გულისხმიერებაში რომ დაგარწმუნოთ, რომლებიც ზესტაფონელთა სხვა ქართველებივით პროვოცირებას გეგმავდა, ერთს გეტყვით. ქართული დელეგაციის წევრმა გოგა მერკვილაძემ “ზესტაფონის” ავტობუსთან თავმოყრილ სლოვაკ ფანებს სამი-ოთხჯერ ისეთი “ზესტაფონი, ზესტაფონი” შემოაძახებინა, ბარეორ ქართველს რომ გაუჭირდება.
სხვათა შორის, აქვე ვნახეთ 2 ზესტაფონელი გულშემატკივარი, რომლებიც სლოვაკეთში სხვადასხვა მიზნით იყვნენ და საყვარელი გუნდის სანახავად მრავალი კილომეტრის დაფარვას არ მოერიდნენ. ალექსანდრე სალარიძე ევროპაში მივლინებით იმყოფება, რაც შეეხება ზურაბ ღვინიაშვილს, იგი საქართველოდან 10-ზე მეტი წლის წინ წავიდა და ემიგრანტის რანგში სლოვაკეთში სახლობს და მუშაობს.
ზემოთ “დუკლას” თავკაცის ექსტრავაგანტულობა ვახსენე. კაცი რომ ქართველების ვარჯიშის საყურებლად საკუთარ ველოსიპედზე “ამხედრებული” მოვიდა, ამაზე უკვე ვწერდით. მოგვიანებით კაროლ მარკო არც სავარჯიშო “ფიშკების” გაწყობას და იგივე მიზნით მინდორზე სარების ჩასმას თაკილობდა. მატჩის დღეს 43 წლის სპეციალისტი ბოტასებში და ჰალსტუხიანად მოვიდა სტადიონზე და მაშინ კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ შუაგულ ევროპაში ვიყავით.
ამ შუაგულ ევროპაში მდებარე 80-ათასიანი ქალაქის წლიური ბიუჯეტი 33 მილიონი ევრო ყოფილა. შედარებისთვის 200-ათასიანი ქუთაისის (ამას ასე ქართველი ხმის მთვლელები ამბობენ, თორემ ქვეყნის მეორე დედაქალაქში მეოთხედით ნაკლები ისე იქნება, როგორც არაფერი) წლიური საბიუჯეტო შემოსავალი ჰა, ჰა, ამდენივე მილიონ ლარს შეიძლება უტოლდებოდეს. ბანსკა-ბისტრიცა მეტწილად ტურიზმით სულდგმულობს, მასში დიდ სამრეწველო დაწესებულებებს იშვიათად ნახავთ. აქაურები თავს სლოვაკური ლუდის ლიდერით “ურპინერით” იწონებენ. ლუდთან ასოცირდება სლოვაკეთის საფეხბურთო სუპერლიგის სახელწოდებაც - “ცორგონი” სლოვაკურ ნიტრაში ჩამოისხმება და ჩემპიონატის გენერალური სპონსორიცაა ...
სლოვაკები სათამაშო მინდვრის გარეთ საკმაოდ სტუმართმოყვარენი აღმოჩნდნენ. პრინციპში, მათ ქართველებს სტუმრად ნანახის ნაცვლად უზღვეს. “ზესტაფონს” დახვედრაც პოპრად-ტატრის საერთაშორისო აეროპორტში მოუწყვეს და გაცილებაც (იყო ვარიანტი პოპრადში ჩაფრენილები უკან ჟილინადან გამოფრენილიყვნენ). ესაა რომ, ქართველთა უკან გამოსამგზავრებლად, ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ წერტილში (718 მეტრი) მდებარე აეროპორტის მუშაკებს, თითქმის 2 საათით გვიან მოუწიათ სამუშაოს დამთავრება. თბილისში ჩამოსულებს კი, ერთი უსიამოვნო ამბის გაგება მაინც მოუწიათ. დედაქალაქის ერთ-ერთ ავტოსადგომზე მიბარებული კლუბის ავტობუსი მძღოლს აუდიო, ვიდეო და ტელეტექნიკისაგან პირწმინდად გაქურდული დაუხვდა. ამის გამო, 23 ივლისის დილის 4 საათზე საქართველოში დაბრუნებულ ფეხბურთელებს შინ კერძო ტაქსებით და დაქირავებული მიკროავტობუსებით დაბრუნება მოუწიათ.
სხვათა შორის, ლვოვის “კარპატის” დელეგაციამ “ზესტაფონი” სლოვაკეთში უკვე დაზვერა. უკრაინელებთან საევროლიგო მატჩებს რაც შეეხება, მათგან პირველი 29 ივლისს ლვოვში, მეორე კი იქედან ერთ კვირაში ზესტაფონში შედგება. იმერლებს ორიოდე დღის წინ დამყარებული პირადი რეკორდის გაუმჯობესების კარგი შანსი აქვთ - ამისათვის “კარპატიც” “ფაეტანოსა” და “დუკლას” გზას უნდა გაუყენონ.
|