იქ, სადაც ხალხი ბედნიერია...
"ზესტაფონისა" და "დუკლას" დაპირისპირება უკვე ისტორიაა, მაგრამ მაინც საინტერესოა, თუ ბანსკა ბისტრიცაში ჩატარებულ განმეორებით მატჩზე კიდევ ორიოდე სიტყვას დავწერ და სლოვაკურ შთაბეჭდილებებსაც შემოგთავაზებთ.
იდეალური გარემო
ალბათ, გაინტერესებთ, როგორ ატმოსფეროში არსებობს ის კლუბი, რომელსაც "ზესტაფონმა" ორი მატჩის ჯამში დამაჯერებლად სძლია. ინფრასტრუქტურის მხრივ, "დუკლას" ყველაფერი იდეალურად აქვს. კლუბის განკარგულებაშია კეთილმოწყობილი საწვრთნელი ბაზა და სტადიონი, რომელიც მართალია, მცირე ტევადობისაა, მაგრამ ამ მასშტაბის კლუბისთვის სავსებით საკმარისია. სტადიონს იქვე ორი სათადარიგო მოედანი აქვს, სადაც "დუკლას" ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდები ვარჯიშობენ.
"დუკლა" მხოლოდ საფეხბურთო კლუბი არაა. ბანსკა ბისტრიცაში ფეხბურთზე არანაკლებ პოპულარულია ყინულის ჰოკეია, რისთვისაც "შNP-სთედიუმის" გვერდით თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დარბაზია. ქალაქის ყველაზე სახელგანთქმული სპორტსმენი კი მძლეოსანი, სამხტომში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი დანა ველდაკოვაა, რომლის შესახებაც სლოვაკური რეპორტაჟისას უკვე გიამბეთ.
უვნებელი პროვოკაცია
"დუკლა"-"ზესტაფონის" შეხვედრაზე რომ ბევრი ხალხი არ მივიდოდა, ეს მაშინვე ვიგრძენით, როცა მატჩამდე ბანსკა ბისტრიცას ქუჩებში გავიარეთ. ქალაქში არც თამაშის აფიშა გვინახავს და არც საკლუბო ატრიბუტიკით აღჭურვილი ხალხი.
ჩვენი ვარაუდი გამართლდა და თამაშზე დაახლოებით ათასი კაცი მივიდა, საიდანაც უმავლესობა ძალიან პასიურობდა და "დუკლას" მთელი ენერგიით მხოლოდ ორმოცდაათიოდე ყმაწვილი ქომაგობდა. მთელი მატჩის განმავლობაში ისინი ერთი წამითაც არ გაჩუმებულან და სიმღერებითა თუ შეძახილებით ამხნევებდნენ საყვარელ გუნდს. აქა-იქ სამხრეთაფრიკული ვუვუზელების ხმაც ისმოდა, ყველაზე ხშირად კი "დუკლას" ფანები თავიანთი კლუბის ფერის, ანუ წითელი ბუშტების გაბერვითა და გახეთქვით ერთობოდნენ.
ხანდახან ფან-კლუბის ტრიბუნიდან "რასია რასიაც" გაისმოდა, მაგრამ ყურებს არ დავუჯერეთ და ჩვენი ჩრდილოელი ქვეყნის სახელწოდების მსგავსი სლოვაკური სიტყვა გვეგონა, მაგრამ სლოვაკმა ჟურნალისტებმა აგვიხსნეს, რაღა თქმა უნდა, ჩვენს გულშემატკივრებს რუსეთზე მზე და მთვარე არ ამოსდით, უბრალოდ, ამით თქვენი ფეხბურთელების გაღიზიანებას ცდილობენო. თუმცა გააჩნია მასშტაბებს და რამდენიმე ქომაგის ეს წამოძახილი გასაღიზიანებელზე უფრო მეტად, ღიმილისმომგვრელი იყო. მით უფრო მაშინ, როცა მოედანზე ჩვენთვის საგანგაშო არაფერი ხდებოდა.
"დუკლას" ქომაგებზე მაინც კარგი მეტი უნდა ვთქვათ: მატჩის ბოლოს მათ საკუთარი ფეხბურთელებიც ტაშით გააცილეს და "ზესტაფონის" მოთამაშეებიც აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს ...
ჟურნალისტებზე არავინ იზრუნა
ობიექტურობისთვის, თავიდანვე ვთქვათ, რომ რასაც ახლა გიამბობთ, ეს მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევა იყო და ყველა სხვა სიტუაციაში სლოვაკებმა იდეალურად გვიმასპინძლეს.
უსიამოვნო კი მხოლოდ ის დისკომფორტი იყო, რაც ჟურნალისტებს შეუქმნეს. სტადიონის პრესლოჟაში მაგიდები და ნოუთბუქებისთვის საჭირო დენის წყარო არ იყო, რამაც პირველ რიგში, სლოვაკი ჟურნალისტები აღაშფოთა. "დუკლას" პრესსამსახურმა ამის შემდეგ სხვა სექტორში გაგვიშვა, სადაც მაგიდები და როზეტები კი დაგვხვდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ იმ დღეს იქ ვინმეს შესვლა არ იყო გათვალისწინებელი. "სათადარიგო პრესლოჟა" რბილად რომ ვთქვათ, დაულაგებელი იყო. იქ იმდენი ჭუჭყი დაგვხვდა, რამდენიც ალბათ, მთელ ბანსკა ბისტრიცაში ერთად აღებული არ გვინახავს. განსაკუთრებით "შთამბეჭდავი" სკამის ქვეშ მიგდებული მკვდარი ჩიტის დანახვა იყო.
არადა, "ზესტაფონის" სტადიონზე მასმედიის თანამშრომლებს ყოველთვის იდეალურ პირობებს უქმნიან...
გამარჯვება უდანაკარგოდ
მატჩის მიმიხილვა "ლელოს" გუშინდელ ნომერში შემოგთავაზეთ და კიდევ გავიმეორებთ, რომ თამაშისას ერთხელაც კი არ ყოფილა მომენტი, როცა "ზესტაფონის" ჯამური წარმატება ეჭვის ქვეშ დამდგარიყო. პირველ ტაიმში მასპინძლები ასე თუ ისე, ნორმალურად თამაშობდნენ და ანგარიშიც გახსნეს, მეორე ნახევრის პირველ წუთებში კი გია გეგუჩაძის მიერ განხორციელებული ცვლილებამ თამაში გაათანაბრა და გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. ქართველ ფეხბურთელებს სანერვიულოდ საქმე მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდათ, გოლის ავტორ დურიშს ბურთი ძელისთვის რომ არ გაერტყა და ოდნავ უფრო ზუსტად დაერტყა, მაგრამ გამარჯვებისთვის იღბალიც საჭიროა.
არც ისეა საქმე, რომ საგოლე შანსები მხოლოდ "დუკლამ" გაანიავა. "ზესტაფონის" შემტევებს კარიერის საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებიათ, მაგრამ მეტოქის შევიწროებას მაინც ახერხებდნენ და სულაც არ იქნებოდა გასაკვირი, "ზესტაფონს" სლოვაკეთიდან ფრე რომ წამოეღო.
შეხვედრა საკმაოდ უხეში გამოდგა და ამ მხრივ უპირველესად, მასპინძლებმა "გამოიჩინეს თავი". საბედნიეროდ, ჩვენები სერიოზულ ტრავმებს გადარჩნენ და რაც ყველაზე დასაფასებელია, ერთხელაც არ აჰყვნენ სლოვაკთა პროვოკაციას. ამის საშიშროება განსაკუთრებით მაშინ იყო, როცა "დუკლას" ფეხბურთელები ქართველთა დაშავებისას ფეხბურთის დაუწერელ კანონს ივიწყებდნენ და ბურთს მოედნის მიღმა არ აგდებდნენ. ასეთი რამ ხუთშაბათს ერთხელ და ორჯერ არ მომხდარა.
გეგუჩაძის ბიჭებმა შეძლეს და "კარპატისთან" პირველ შეხვედრას უდანაკარგოდ ხვდებიან. "ზესტაფონს" არც სერიოზულად ტრავმირებული ჰყავს ვინმე (სეზონის დაწყებამდე დაშავებული რატი წინამძღვრიშვილს თუ არ მივიღებთ მხედველობაში) და არც დისკვალიფიცირებული.
სრული კომფორტი
გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთვქათ, რომ ბანსკა ბისტრიცა ულამაზესი ქალაქია. ქალაქს არქიტექტურა განსაკუთრებული ნამდვილად არა აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, ბუნებაა ზღაპრული. ბანსკა ბისტრიცა საკურორტო ზონაა და ძალიან ჰგავს ბაკურიანს. მის ირგვლივ კიდევ რამდენიმე პატარა "ბაკურიანია", ოღონც გაცილებით უკეთესი ინფრასტრუქტურით.
80-ათასიან ბანსკა ბისტრიცაში არის ყველაფერი, რაც იქ ცხოვრებას სასიამოვნოსა და კომფორტულს ხდის – ვისაც სურს, ყველა დასაქმებულია, ქალაქში ყველანაირი გართობის მოყვარული იპოვის სასურველ ადგილს, ბანსკა ბისტრიცაში უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია და შესაბამისად, არც შოპინგისთვისაა შორს წასვლა საჭირო, არის უმაღლესი სასწავლებელი, სპორტულ მოედნებსა და სკვერებს კი თვლა არა აქვს.
ვისთვისაც სული ხორცზე მნიშვნელოვანია, ისინი დიდ კათოლიკურ ტაძარში იკრიბებიან, მაგრამ მესაზე დამსწრეთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი პრიორიტეტი ძალიან ცოტა იქაურს აქვს.
ბანსკა ბისტრიცას ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობა ღია ცის ქვეშ მოწყობილი მეორე მსოფლიო ომის მუზეუმია, სადაც საბჭოთა და გერმანული ტანკები და თვითმფრინავებია წარმოდგენილი. ბრძოლები უშუალოდ ამ ქალაქშიც მიმდინარეობდა.
ლვოველებმა დაგვზვერეს
მატჩს "ზესტაფონის" მომავალი მეტოქის, ლვოვის "კარპატის" წარმომადგენლებიც დაესწრნენ კლუბის ტრანსფერების მიმართულების დირექტორის, ვიაჩესლავ ლევჩუკის ხელმძღვანელობით. შეხვედრის დაწყებამდე მან გვითხრა, ეჭვიც არ მეპარება, რომ ზესტაფონში მოგვიწევს ჩამოსვლა და ისიც გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოვფრინდებით და სასტუმრო "ბაგრატში" დავბინავდებითო. "კარპატის" ოპერატორმა კი "დუკლა"-"ზესტაფონის" მატჩი გადაიღო. ცუდი არ უნდა იყოს, რომ ლვოველებს იმერული კლუბის არცთუ საუკეთესო თამაშის ვიდეოჩანაწერი ჩაუვარდათ ხელში. ლევჩუკმა "ზესტაფონის" წარმომადგენლებს "ზესტაფონი"-"დუკლას" ზესტაფონორი მატჩის ჩანაწერის სანაცვლოდ, ისლანდიურ "რეიკიავიკთან" გამართული შეხვედრის ფირი შესთავაზა...
"ზესტაფონი" არსებობუს ისტორიაში ევროასპარეზზე ყველაზე შორს წავიდა და იმედია, მიღწეულზე არ შეჩერებულა. "კარპატი" რასაკვირველია, ძლიერი გუნდია, მაგრამ გადაულახავი ბარიერი ნამდვილად არაა და "ზესტაფონს" შემდეგი რაუნდისთვისაც შეუძლია ბრძოლა. წინ უკრაინელებთან ორი უშეღავათო დაპირისპირებაა...
|