22.07.2010

 

 

გია გეგუჩაძე: "ჩათვალეთ, ზესტაფონში არ მოგვიგია".

 

 

 

 

ბანსკა-ბისტრიცას “შტიავნიჩკიზე” მატჩისწინა ვარჯიშის დამთავრების შემდეგ, “მსოფლიო სპორტი” “ზესტაფონის” რამდენიმე წევრს გაესაუბრა.


შოთა ბაბუნაშვილი: “საომარი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. გასვლასაც გააჩნია, ჩვენი დიდი სურვილია, მოგებით გავიდეთ, რადგან გუნდის რეიტინგსაც ავწევთ და ქვეყნისასაც”.


სლოვაკი კოლეგები, ვისაც საქართველოში ჩამოსვლის საშუალება არ ჰქონია, ზესტაფონელთა ვარჯიშის ყურებისას, ჯაბა დვალი რომელიაო, იმას კითხულობდნენ. დიდტირაჟიანი და უხვგვერდიანი “სპორტის” რეპორტიორმა – ეს უფრო დიდი და მასიური წარმომედგინა, ისეთ დღეში ჩაუგდია “დუკლას” დაცვაო. რომ იტყვიან, რაცაა ესაა. იმერლების ფორვარდმა მარტო სლოვაკების ყურადღება არ მიიქცია - იგი სამ მატჩში გატანილი 4 გოლით ევროლიგის ბომბარდირებში მე-2 ადგილზეა და გამორიცხული არაა, ხუთშაბათს დაწინაურდეს კიდეც.
- ჯაბა, თავს როგორ გრძნობ – სლოვაკებისგან, ალბათ, ყურადღება შენზე გამახვილდება.
- საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და გუნდელებიც ვუგებთ ერთმანეთს. ვიცი, რომ ძნელი იქნება ხვალ თამაში, მაგრამ მე ხომ არა ვარ მთელი გუნდი?
- მალე მოლდოვასთან უწევს ეროვნულ ნაკრებს თამაში და ხელმძღვანელობიდან ხომ არ შემოგხმიანებიან?
- არა, ჯერჯერობით, არაფერი ვიცი - გამომიძახეს თუ არა. მთავარია, ვითამაშო და ვაჩვენო ის, რაც შემიძლია. დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება - ვინ სჭირდება მის გუნდში.


გია გეგუჩაძემ, რომელმაც გუნდის ფსიქოლოგიური განწყობა მატჩამდე 24 საათით ადრე გამართულ ვარჯიშზე არცთუ ურიგოდ მოახერხა, “მსოფლიო სპორტთან” საუბარი სწორედ საპასუხო შეხვედრისთვის ფეხბურთელების განწყობაზე საუბრით დაიწყო.
გია გეგუჩაძე: განწყობა ახლა მშვენიერია. შეატყობდით ალბათ, რომ თავიდან ბიჭები ცოტა “მძიმედ” იყვნენ - არაა იოლი მგზავრობის კვალის ერთი ხელის მოსმით გაქრობა. იმედი მაქვს, ხვალ ამ სიმძიმისაგან აღარაფერი დარჩება და გუნდი თავისუფლად და ლაღად ითამაშებს.
- გვესმის, რომ “ზესტაფონი” შინ მოპოვებულის შენარჩუნებას შეეცდება, მაგრამ მგონი, დაცვიდან თამაშსაც არ უნდა აპირებდეთ.
- ჩვენთვის ნებისმიერ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ის იქნება კიდევ ერთი ხარისხიანი და შედეგიანი თამაში. ეს ბუნებრივია, მომავალშიც მატებს გუნდს ძალებს. ხვალინდელ თამაშზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ - ჩათვალეთ, რომ ზესტაფონში არ მოგვიგია.
- თქვენ მოედანზეც მიუთითეთ ფეხბურთელებს.
- არ მინდა ამ საკითზე ხაზის გასმა. რაც მთავარია, ფეხბურთელები გავაფრთხილე და მათ ყველაფერი კარგად იციან - სად რას უნდა მოერიდონ.


ვიდრე საკუთარ გუნდს მინდორზე შეუძღვებოდა, ბრატისლავური “სპორტის” ჟურნალისტმა ივან ლეჰოტანმა ბლიცს “დუკლას” 43 წლის თავკაც კაროლ მარკოსთან გაუკეთა ორგანიზება: “პირველ მატჩთან შედარებით, მეტოქეზე გაცილებით ბევრი ვიცი. შევეცდებით დავამარცხოთ “ზესტაფონი”. კარგი გუნდი გგყავთ, მაგრამ დაუმარცხებელი არავინაა”.


ფრიდონ კერვალიშვილი ბანსკა-ბისტრიცადან, გაზეთი ”მსოფლიო სპორტი”
   
FC ZESTAFONI © 2005