ინტერვიუ კაროლ მარკოსთან.
გთავაზობთ ინტერვიუს ბანსკა-ბისტრიცას "დუკლას" მთავარ მწვრთნელ კაროლ მარკოსთან, რომელიც სლოვაკურმა გამოცემა "დენნიკ შპორტამ" გამოაქვეყნა. ინტერვიუ ჩაწერილია სლოვაკთა ზესტაფონური მარცხისა და საქართველოდან სამშობლოში გუნდის დაბრუნების შემდეგ.
- სლოვაკეთში დაბრუნებისას ჩვენ პრობლემა შეგვექმნა, ქუთაისის აეროპორტში მყოფ ჩვენს თვითმფრინავს კომპრესორი გაუფუჭდა, ამის გამო ბრატისლავაში ჩვენ მხოლოდ პარასკევს დილით ჩავაღწიეთ, შემდეგ კიდევ ბანსკა-ბისტრიცამდე მგზავრობა ...
- იცოდით, რომ ქართველი ფეხბურთელები ესოდენ გაწაფულები აღმოჩნდნებოდნენ? თქვენმა გუნდმა ხომ მატჩი 0-3 დათმო ... თქვენი აზრი დღევანდელი გადასახედიდან ?
- ქართველთა საიტზე მე უკვე ვიხილე გოლები. პირველი გოლისას ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედა მერფის (უიღბლობის) კანონმა. მეორე გოლი ქართველთა ტიპიურ შეტევით აქციას მოჰყვა, თუმცა ჩვენ არ აღმოვჩნდით მზად - ჩვენმა მცველებმა ჩაიძინეს და სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს გოლის ავტორს (ირაკლი ძარია). ჩვენი გუნდი ძალიან ჩაიკეტა, ბევრმა ფეხბურთელმა თავიანთი შესაძლებლობების 50 პროცენტიც ვერ გამოავლინა.
- ქართველთა ორი გოლი ფორვარდ ჯაბა დვალის ანგარიშზეა ...
- მინდა გითხრათ, რომ სლოვაკურ ლიგაში ასეთი დონის თავდამსხმელები არა გვყავს. ქართველებს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ბევრის საშუალება მათ ჩვენ თავად მივეცით.
- რაში მდგომარეობს "ქართული გაკვეთილი"?
- ბევრი სლოვაკი ფეხბურთელი უცხოურ კლუბებში თამაშზე ოცნებობს. მე ავუხსენი ჩემს ფეხბურთელებს, რომ კარგი ფეხბურთი ჯერ საშინაო ასპარეზზე უნდა ვითამაშოთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება. გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ფეხბურთელთა პროფესიონალიზმის კუთხით და იმ დეტალების დასახვეწად, რომლებმაც მატჩის შედეგზე იქონიეს ზეგავლენა.
- მოახერხებს "დუკლა" სამბურთიანი დეფიციტის გაბათილებას?
- "ზესტაფონის" სახით ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს, თუმცა ჯერ ჩვენ "დუნაისკა სტრედასთან" კვირას გასამართ შეხვედრაზე გვიწევს კონცენტრაცია. ორშაბათიდან კი უკვე ქართველებზე გადავერთვებით, ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული ვითარება, ჩვენ შინ ვთამაშობთ, აგრესიულად და თანმიმდევრულად უნდა შევუტიოთ ქართველებს.
პირველი მატჩის მიმდინარეობითა და შედეგით უკმაყოფილოა სლოვაკთა კაპიტანი მარტინ პოლიოვკაც - "0-3 არ უნდა წაგვეგო, მაგრამ ცუდად ვითამაშეთ და დავიმსახურეთ კიდეც ეს მარცხი. ჩვენ დავუშვით შეცდომები, რომლებიც ქართველებმა კარგად გამოიყენეს. ამაზე ცუდად თამაში წარმოუდგენელია".
|