ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.
ხუთშაბათს სლოვაკური “დუკლას” დამაჯერებელი ძლევის (3:0) შემდეგ, “ზესტაფონმა” ევროლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლის სერიოზული განაცხადი გააკეთა. არ ჰგვანან დასავლეთკარპატელები იმ გუნდს, იმერლებისთვის სამბურთიანი ჰანდიკაპის განეიტრალება რომ შეძლონ. იმედია, გია გეგუჩაძის გაწვრთნილები ახალი საფეხბურთო სასწაულის შემოქმედები არ გახდებიან და მეტოქეს საპასუხო შეხვედრაშიც ღირსეულად ეპაექრებიან. მით უფრო, ნიონში 16 ივლისს გამართულმა საევროტურნირო კენჭისყრამ “ზესტაფონს” სავარაუდო მოპაექრეთაგან ყველაზე სასურველი - კიდევ ერთი კარპატული გუნდი არგუნა. სლოვაკური ბარიერის გადალახვის შემდეგ ქართველები ლვოვის “კარპატს” შეხვდებიან.
იურიდიულად გაფორმებული არც უკრაინელებს აქვთ მესამე ეტაპზე გასვლა, თუმცა მაინც ძნელად დასაჯერებელია, რომ სანდრო გურულის გუნდი “რეიკიავიკთან” სტუმრად მოპოვებულ საგრძნობ უპირატესობას (3:0) შინ გაანიავებს. ზესტაფონელთა თავკაც გია გეგუჩაძესთან ინტერვიუ სწორედ გუნდის საევროლიგო პერსპექტივებზე საუბარს დაეთმო.
- “დუკლაზე” გარკვეული წინასწარი მონაცემები გექნებოდათ. გაამართლა მეტოქემ მოლოდინი, თუ პირიქით...
- ვიტყვი, რომ “დუკლამ” მოლოდინი მართლაც გაამართლა. ხისტი, მებრძოლი, ძალიან დისციპლინირებული გუნდი შეგვხვდა და საკმაოდ რთული თამაშიც გვქონდა ხუთშაბათს. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე დიდი ანგარიშით დავამარცხეთ, ეს უფრო ჩვენი გუნდის კარგი თამაშის დამსახურება იყო, ვიდრე “დუკლას” ცუდი გარჯისა.
- როგორ ფიქრობთ, იმის გარდა, რომ მეტოქეზე მეტი გოლი გაიტანეთ, რის ხარჯზე შეძელით მისი დამარცხება?
- ახალს არ ვიტყვი, რომ ქართველებს იმპროვიზაციის უნარი გაგვაჩნია, ტექნიკურად საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ და ალბათ ფეხბურთელების გარკვეულმა ტაქტიკურმა განათლებამაც მისი როლი ითამაშა ჩვენს საბოლოო წარმატებაში.
- არა გვგონია მეტოქეს “თამაში დაემალოს”. რა შეიძლება თქვენმა სლოვაკმა კოლეგამ საშინაო შეხვედრაში დაგიპირისპიროთ?
- დღესაც ვისაუბრეთ ფეხბურთელებთან ვარჯიშის დაწყებამდე და შევთანხმდით, რომ “დუკლას” ბარიერი ჯერ არაა გადალახული და გუნდში არავინ თვლის, რომ ყველაფერი მომთავრებულია. სლოვაკებს არ ჰყავთ ისეთი გუნდი, რომელიც შეურიგდება ასეთ მარცხს. ისინი ყველა ვარიანტში შეეცდებიან საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაციას და ვფიქრობ მატჩის დაწყებისთანავე შტურმის მოლოდინში უნდა ვიყოთ.
- ამ დროს “ზესტაფონს” საკმაოდ სწრაფი და მოძრავი შუა და წინა ხაზი ჰყავს, რომელიც კონტრშეტევაზე ბევრ პრობლემას შეუქმნის მეტოქეს...
- რა თქმა უნდა ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ჩვენი კოზირების რეალიზაციას და დაცვაში ჩარჩენასაც არ ვაპირებთ.
- რამდენად სერიოზულია შოთა ბაბუნაშვილის ტრავმა?
- საშიში არაფერია, საბედნიეროდ ყველაფერი უკანაა და ფეხბურთელი კვლავ ჯანზეა.
- თუმცა, იქედან გამომდინარე, როგორ ჩაერთო კარგა ხნის სათამაშო პრაქტიკის მოკლებული თორნიკე აფციაური, აშკარაა, რომ გუნდში სერიოზული და ჯანსაღი კონკურენციაა...
- გეთანხმებით, აფციაურს 23 ივნისიდან სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია და იმის გათვალისწინებით, რომ ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მისი კვლავ მწყობრში ყოფნა ძალიან გვახარებს.
- მორიგ სავარაუდო მეტოქეზე რა აზრის ხართ. ალბათ ლვოვის “კარპატს” არ უნდა გაუჭირდეს ისლანდიელების დამარცხება?
- მე მაინც ყოველთვის მირჩევნია საუბარი მოწინააღმდეგეზე, როცა ჩვენი ბარიერია გადალახული. ცრურწმენაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ მირჩევნია “დუკლასთან” საპასუხო მატჩის შემდეგ ვისაუბროთ ამ თემაზე.
- მაშინ იმ ხუთეულიდან, ვისაც შეიძლებოდა სლოვაკებთან თქვენს წყვილში გამარჯვებული შეხვედროდა, რომელს ისურვებდით მეტოქედ - ტურინის “იუვენტუსს”, სოფიის ცსკა-ს, რუმინულ “ტიმიშოარას”, “რეიკიავიკი”-“კარპატის” თუ “ელფსბორგი”-“ისკრას” შორის გამარჯვებულს?
- “ზესტაფონი” ყოველთვის მზადაა ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ. რაც უფრო მეტი გამოწვევა იქნება, მით უკეთესი.
- დავიჯეროთ, “იუვენტუსი” გერჩივნათ?
- ამას იმიტომ ვამბობ, რომ გუნდი ისევ ჩამოყალიბების პროცესშია და გვსურს რეალურად ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობები. რთულ მეტოქესთან პაექრობა გაცილებით მეტს მოგვცემს დღეს, ვიდრე იოლთან. სწორედ ამიტომ არ გაურბის “ზესტაფონი” ძლიერ მოწინააღმდეგეს.
|