2010 წლის 16 ივლისს შვეიცარიულ ნიონში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ უეფას ევროპის ლიგის 2010-2011 წლის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში “ზესტაფონსა” და სლოვაკურ “დუკლას” შორის გამარჯვებული უკრაინული ლვოვის “კარპატისა” და ისლანდიურ “რეიკიავიკის” დუელში უძლიერესს დაუპირისპირდება.
მომდევნო რაუნდისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა”, რომელმაც მშობლიურ კედლებში სლოვაკურ “დუკლას” 3:0 მოუგო და ბანსკა-ბისტრიცაში გასამართი განმეორებითი მატჩის წინ კარგი ფორა შეიქმნა. კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება უკრაინული “კარპატი”, რომელმაც ისლანდიურ “რეაიკიავიკს” ასევე 3:0 სძლია, ოღონდ – სტუმრად.
ასე რომ, შესაძლებებლია, რომ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ქართულ-უკრაინულ დუელი (თუკი “ზესტაფონმა” სლოვაკეთში არ წაიფორხილა, ლვოველებთან პირველ მატჩს სტუმრად 29 ივლისს ჩაატარებს, ხოლო 5 აგვისტოს კი შინ დაუხვდება) ვიხილოთ. ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ ლვოველთა (დასავლეთ უკრაინელები 1969 წელს საბჭოთა კავშირის თასს ფლობდნენ) ღირსებას ქართველი თავდამსხმელი სანდრო გურული იცავს, რომელმაც ისლანდიელთა კარში პირველი გოლის გატანა შეძლო.
მესამე საკვალიფიკაციო წრის 35 წყვილის გამარჯვებულები დასკვნით საპლეიოფო რაუნდში გააღწეევენ, სადაც მათ ამ ეტაპზე პირდაპირ დაშვებული 24 კლუბი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდიდან გამოთიშული 15 გუნდი დაუხვდება. პლეი-ოფის კენჭისყრა 6 აგვისტოს შედგება.