14.07.2010

 

 

 

“დუკლა” ევროპას 5-წლიანი შესვენების შემდეგ ზესტაფონში უბრუნდება.

 

 

 

ორიოდე კვირის წინ, “ზესტაფონთან” ევროლიგაზე შესახვედრად სან მარინოს “ფაეტანო” ჩამოვიდა და ქალაქში, მატჩის დაწყებისთვის ისე მივიდა, ბათუმის “ზღვიდან არ ამოსულა”. იმერლებმა ის ბარიერი ისე გაიარეს, საკუთარი მეკარე  “არ დაუსველებიათ” (5:0, 0:0). დამდეგი ხუთშაბათის მეტოქე რომ უფრო სერიოზულია, სტუმრების მხრიდან საქმისადმი მიდგომითაც დასტურდება.
 სლოვაკეთის, უფრო კონკრეტულად ბანსკა-ბისტრიცას “დუკლა” საქართველოში დღეს 16:00 საათზე ქუთაისში ჩამოფრინდება და იმავე დღეს ზესტაფონურ საფეხბურთო არენაზე ივარჯიშებს. მანამდე კი, “ქვეყნის მეორე დედაქალაქის” სასტუმრო “ბაგრატი-1003”-ში, სლოვაკთა ევროგანაცხადში მყოფი 20 ფეხბურთელი, გუნდისა და კლუბის 11 წარმომადგენელი და 22 გულშემატკივარი დაბინავდება. როგორც სლოვაკების ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, გუნდის თავკაცის კაროლ მარკოს განკარგულებაში იქნებიან:

მეკარეები: პეტერ ბოროში, იან დურჩო;
მცველები: იაკუბ ბრაშენი, პატრიკ ვაიდა, მარეკ ჰლინკა, ბართოლომეი გონოსი, მარტინ პოლიოვკა, მატუშ ტურნა, იოზეფ ადამიკი, საშა სავიჩი;
ნახევარმცველები: ტომაშ ჰუჩკო, ვრატისლავ გაიდოში, მიხალ პანჩიკი, იაკუბ პოვაჟანეცი, დალიბორ პლევა, პეტერ დურიცა;
თავდამსხმელები: რობერტ პიჩი, მიხალ ფილო, მიხალ დურიში, დუშან უშკოვიჩი.


ამ შემადგენლობაში ვერ მოხვდა “დუკლას” სენეგალელი ფორვარდი, 21 წლის მუჰამადუ სეიე, რომელმაც გუნდში ბოლო ერთი სეზონი ითამაშა და 27 მატჩში გოლით თავი 4-ჯერ გამოიჩინა. “დუკლაში” 2 ფეხბურთელია, რომელსაც სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშევი. მიხალ პანჩიკმა მისი ქვეყნის ღირსება მხოლოდ ერთხელ (2006) დაიცვა, ხოლო სლოვაკთა ყველაზე ხანდაზმულმა ფეხბურთელმა, 35 წლის მარტინ პოლიოვკამ ეს 2-ჯერ გააკეთა.
ვთქვათ “დუკლას” ტიტულზეც. სლოვაკეთის დამოუკიდებელი ჩემპიონატის ჩატარებიდან (1993) ბანსკა-ბისტრიცელებმა საუკეთესო შედეგს 2004 წელს მიაღწიეს, როცა ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ტიტულს რაც შეეხება, იგი ზესტაფონელთა ხვალინდელმა მეტოქემ 2005 წელს, ქვეყნის თასის მოპოვებით დაისაკუთრა, როცა ფინალში ბრატისლავას “არტმედიას” 2:1 მოუგო. “დუკლა” 1999 წელსაც ახლოს იყო ასეთ მიღწევასთან, მაგრამ მაშინ გადამწყვეტი შეხვედრა ასევე დედაქალაქურ “სლოვანთან” წააგო (0:3). იმერელთა მოწინააღმდეგეს კიდევ ერთ დედაქალაქურ გუნდთან აქვს წაგებული ქვეყნის თასის ფინალი. ეს შორეულ 1981 წელს მოხდა - ბანსკა-ბისტრიცას “დუკლა” ჩეხოსლოვაკიის თასისთვის პაექრობაში პრაღის “დუკლასთან” პენალტების სერიაში დამარცხდა (2:4).
ევროტურნირებზე ეს “დუკლას” მე-5 სტარტია. წინა გათამაშებებში ამ გუნდმა 12 მატჩი გამართა, რომელთაგან 3 მოიგო და 7 წააგო (ბურთების ბალანსი 14-27). განსაკუთრებულ წარმატებას სლოვაკებმა 2004-2005 წლების უეფა-ს თასზე მიაღწიეს, როცა საკვალიფიკაციო ეტაპებზე, გზიდან ჯერ აზერბაიჯანის “ყარაბაღი” (3:0, 1:0) ჩამოიცილეს, მერე კი შვეიცარიის “ვილი” (3:1, 1:1). “დუკლამ” მხოლოდ პორტუგალიის “ბენფიკასთან” ვერ გააწყო ვერაფერი (0:3, 0:2) და ამით დამთავრდა გუნდის ბოლოსწინა საევროტურნირო ასპარეზობა.
დღეს 18:30 საათზე სლოვაკებს აქვთ დაგეგმილი ზესტაფონის საფეხბურთო გაზონის “დაჭაშნიკება”. ხუთშაბათს, საღამოს 8 საათზე დასაწყებ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს 11:00 საათიდან დაიწყო. შეგახსენებთ, რომ “დავით აბაშიძეზე” “ზესტაფონი”-“დუკლას” ევროლიგური დაპირისპირების საყურებლად გულშემატკივარს 5 ან 7 ლარის გადახდა მოუწევს.

 

ფრიდონ კერვალიშვილი, გაზეთი ”მსოფლიო სპორტი”
   
FC ZESTAFONI © 2005