ჩვენი მეტოქე - სლოვაკი ”მებრძოლები”.
უეფას ევროპის ლიგის 2010-2011 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზესტაფონელთა მეტოქე სლოვაკეთის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი "დუკლა” იქნება. ამ გუნდების პირველ შეხვედრას 15 ივლისს ზესტაფონი უმასპინძლებს, განმეორებითი მატჩი კი 22 ივლისს ბანსკა-ბისტრიცაში გაიმართება.
ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას უმთავრესი საფეხბურთო კლუბი 1965 წელს დაარსდა. გუნდს სახელი რამდენჯერმე შეეცვალა, 1992 წლიდან კი მას ”დუკლა ბანსკა-ბისტრიცა” ჰქვია.
გუნდის პრეზიდენტი იან კოვაჩიკი გახლავთ, ხოლო მთავარი მწვრთნელი კაროლ მარკო. სწორედ მათ სახელებს უკავშირდება გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებები.
დამოუკიდებელი სლოვაკეთის ჩემპიონატში გუნდმა საუკეთესო შედეგი 2004 წელს აჩვენა. მაშინ ”დუკლამ” საპატიო მეორე ადგილი დაიკავა. გუნდმა ორჯერ მოიგო სლოვაკეთის თასი, პირველად ჩეხეთ-სლოვაკეთის ერთიანობის ეპოქაში (1981 წელს), მეორედ კი ხუთი წლის წინათ.
”დუკლას” მშობლიური არენა ”SNP-სტადიონია”, რომელიც 7 380 მაყურებელს იტევს და ”დუკლას” მატჩებისას ყოველთვის ბოლომდე ივსება. შეიძლება ქომაგმა ”დუკლას” წაგება აპატიოს, მაგრამ უგულოდ გარჯას - ვერასოდეს. სწორედ აქედან მოდის გუნდის ზედმეტსახელი ”ვოიაცი”, რომელიც ქართულად ”მებრძოლებს” ნიშნავს.
გუნდში ორი ლეგიონერი ირიცხება - სენეგალში დაბადებულ-გაზრდილი მუჰამადუ სეიე, რომელმაც სლოვაკეთის მოქალაქეობა მიიღო და სერბი საშა სავიჩი. ”დუკლას” დაცვაში მთავარი კაცი მარტინ პოლიოვკაა. ამ გამოცდილ უკანახაზელს გუნდის სიმბოლოდ მიიჩნევენ. მან 150-ზე მეტი მატჩი ითამაშა სლოვაკთა შემადგენლობაში, მანამდე კი ტრნავას ”სპარტაკის” წამყვანი ფეხბურთელი იყო.
სლოვაკეთის ნაკრებში 1 მატჩი ჩაატარა ”დუკლას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა მიხალ პანჩიკმა. მან ”მებრძოლთა” ღირსება 176-ჯერ დაიცვა და 3 გოლიც გაიტანა. თავდამსხმელმა მიხალ დურიშმა 93 შეხვედრაში 12 გოლი შეაგდო, ის შედეგიანად ირჯებოდა სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაშიც ...
”დუკლა” განსაკუთრებით სახიფათო საშინაო შეხვედრებშია. იმედი გვაქვს, სლოვაკებს ”ზესტაფონის” მიერ სან-მარინოში ნაჩვენები შედეგი დააბნევთ, ჩვენ კი რაც შეიძლება კომფორტული სხვაობით უნდა მოვიგოთ 15 ივლისს გასამართი საშინაო შეხვედრა.
გამოყენებულია ”დუკლას” ოფიციალური ვებ-გვერდის ფოტომასალა
|