პირველი ეტაპი გადალახულია.
2010 წლის 8 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა 2010-2011 წლის უეფას ევროპის ლიგის პირველი ეტაპის განმეორებითი შეხვედრა. იმერელთათვის განმეორებითი მატჩი პირველივით წარმატებული ვერ გამოდგა - შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა ...
პირველი შეხვედრის მსგავსად, განმეორებითი მატჩიც ქართველთა დიდი უპირატესობით წარიმართა. უკვე 8-ე წუთზე თავის გუნდის დაწინაურება საბა ლომიას შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ზესტაფონელთა ახალგაზრდა ფორვარდის დარტყმული "ფაეტანოს" კარის ძელმა მოიგერია. 20-ე წუთზე გიორგი ხიდეშელის თავურის შემდეგ ბურთმა სან-მარინოელთა კარის ძელი კიდევ ერთხელ "მოინახულა". კარის აღების შესაძლობლობა გიორგი მიქაბერიძეს, გოგი ფიფიასა და ირაკლი ძარიას მიეცათ, მაგრამ ამ ეპიზოდებშიც "სპორტული იღბალი" მასპინძელთა მხარეს აღმოჩნდა. მასპინძლებმა სტუმართა კარის მიმართულებით პირველად 42-ე წუთზე გაისროლეს - მატია რინალდის 35 მეტრიდან დარტმულს ზურაბ მამალაძე მშვიდად დაეუფლა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მარგველთა დაწინაურება ისევ საბა ლომიას მართებდა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა, მეკარე ფედერიკო გოცის გასცდა და ბურთიც კარში ზუსტად გადაგზავნა, მაგრამ კარის ხაზიდან ბურთის მოგერიება მასპინძელთა მცველმა მოახერხა. 64-ე წუთზე სტუმართა შემადგენლობაში ამ გუნდებს შორის გამართული პირველ მატჩში ორი "დუბლის" ავტორები, ჯაბა დვალი და ნიკოლოზ გელაშვილი, გამოჩნდნენ. ამ უკანასკნელს მწვანე მინდორზე შესვლისთანავე შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ამჯერად ფედერიკო გოციმ გამოიჩინა თავი და თავის გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. იმერლებმა მატჩის დასკვნითი წუთებიც შეტევებში გაატარეს, არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ჯაბა დვალმა კიდევ ერთხელ "შეაწუხა" სან-მარინოელთა კარის ძელი, მაგრამ საბოლოოდ მატჩი უგოლოდ - 0-0 დასრულდა.
უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იმერელთა მეტოქე სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას საფეხბურთო კლუბი ”დუკლა” იქნება. ქართულ-სლოვაკური დაპირისპირების პირველ შეხვედრას 15 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონი უმასპინძლებს, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება ...
|
08/07/2009 - ”ფაეტანო” (ფაეტანო, სან მარინო) - ”ზესტაფონი” - 0-0 |
დაწვრილებით:
|
|