27.06.2010

 

 

ზესტაფონელთა სამზადისი.

 

 

 

2010 წლის 1 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართება უეფას ევროპის ლიგის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი, რომელშიც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უმასპინძლებს კლუბ ”ფაეტანოს” სან-მარინოდან.

 

დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე დასასრულს უახლოვდება ევროპული ტურნირის უმნიშვნელოვანესი მატჩების მასპინძლობისათვის მზადება. სასიხარულოა, რომ სათანადო მზადყოფნაში ხვდება ქალაქში უეფას ევროპის ლიგის დაბრუნებას სტადიონის მწვანე საფარი. იმის მიუხედავად, რომ ივნისი იმერეთში საკმაოდ ცხელი გამოდგა, კლუბის ხელმძღვანელობის, სტადიონის ადმინისტრაციისა და თანამშრომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად არენა სათანადო მდგომარეობაშია. ამის გარდა, "დავით აბაშიძეზე" ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოებისა, რომელთა შედეგად შელამაზდა სტადიონისა და სათამაშო მოედნის ღობეები, დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები სათადარიგო მოთამაშეთა და მწვრთნელთა განსათავსებლად. არენის აღმოსავლეთ ტრიბუნაზე არსებული "წითელ სექტორებში" მთლიანად იქნა გამოცვლილი სკამები, რომელთა დიდი ნაწილიც იქმა დაზიანებული ახლახან დასრულებული სეზონის მსვლელობისას. წითელი სკამების ნაცვლად დამონტაჟებულია თეთრი ფერის პერსონალური სავარძლები. ასევე გამოიცვალა სკამები "მცირე VIP-სექტორში", რის შედეგად "დავით აბაშიძის" დასავლეთ ტრიბუნამ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დროშის შეფერილობა მიიღო. სასიამოვნოა, რომ სტადიონზე წარმართულ სამუშაოებში ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღეს გუნდის გულშემატკივრებმაც.

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველ გუნდს, გია გეგუჩაძემ კოლექტივი ზესტაფონში დღეს შეკრიბა და 20:00 საათზე ქალაქის მთავარ არენაზე ავარჯიშა კიდეც.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005