19.06.2010

 

 

შეხვედრა "წითელ ხარებთან".

 

 

 

2010 წლის 19 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი გამართა. ამჯერად მარგველთა მეტოქე ავსტრიული ფეხბურთის ერთპიროვნული ლიდერი, ქვეყნის ჩემპიონი, ზალცბურგის საფეხბურთო კლუბი ”რედ ბული” გახლდათ.

 

ზესტაფონელთა მეტოქე დღევანდელ შეხვედრაში, რომელმაც თავის ქვეყნის ბოლო ოთხი ჩემპიონატიდან სამის მოგება შეძლო, ევროპულ არენაზე იმითაა გამორჩეული, რომ გასულ წელს სწორედ "რედ ბული" გახდა პირველი ევროპული გუნდი, რომელმაც მოახერხა უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის 6-ვე მატჩის მოგება (ზალცბურგელთა მიერ ორ-ორჯერ დამარცხუბელთა შორის ესპანური "ვილიარეალი", იტალიური "ლაციო" და ბულგარული "ლევსკი" აღმოჩნდნენ). გუნდს ჰოლანდიელი სპეციალისტი ჰუუბ სტევენსი წვრთნის, ეს სწორედ ის სტევენსია, რომელმაც თავის დროზე "შალკე-04" და "ჰამბურგი" გერმანული ფეხბურთის ლიდერებად აქცია. გარდა ამისა, ჰოლანდიელს სხვადასხვა წლებში გერმანულ "კიოლნსა" და "ჰერტაში", ჰოლანდიურ "როდასა" და "ეინდჰოვენშიც" უმუშავია.

შეხვედრა ქალაქ ლეოგანგის "შტაინბერგშტადიონზე" სტადიონზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 16:00 (თბილისის დროით - 18:00) საათზე დაიწყო. ზალცბურგელთა ერთადერთი დანაკლისი ნიგერიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მუნდიალზე მოასპარეზე მცველი რაბიუ აფოლაბი გახლდათ. მატჩი მასპინძელთათვის შოკისმომგვრელად დაიწყო - შეხვედრის 5-ე წუთზე ზალცბურგელი მცველების უყურადღებობით ჯაბა დვალმა მშვენივრად ისარგებლა და შოთა ბაბუნაშვილი ავსტრიელთა მეკარე გერჰარდ ტრემელთან პირისპირ დატოვა, იმერელთა ახალწვეულმა კი აუღელვებლად იმერული გუნდის შემადგენლობაში თავის პირველი გოლი გაიტანა. მალევე ნიკოლოზ გელაშვილს მართებდა ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ძალიან ხელსაყრელი სიტუაციის დაგვირგვინება არ მოხერხდა. ტაიმის მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ და 33-ე და 39-ე წუთებზე ზურაბ მამალაძის კარში ორი გოლის გატანაც მოახერხეს - ჯერ იაკობ იანჩერმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 6 წუთში სერბმა მილან დუდიჩმა თავის გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმში ჰუუბ სტევენსმა და გია გეგუჩაძემ მრავალი ცვლილება განახორციელეს თავიანთი გუნდების შემადგენლობაში. ტაიმი ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, ქართველები ბურთსაც და ტერიტორიასაც მეტად აკონტროლებდნენ და სახიფათო მომენტებსაც უფრო ხშირად ჰქმნიდნენ. ავსტრიელები კი სტუმართა კონტრშეტევებზე გამოჭერას ცდილობდნენ. 74-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - გოგი ფიფიას ბრწყინვალე გადაცემით არანაკლებ კარგად ისარგებლა ნიკოლოზ გელაშვილიმა. მანვე 80-ე წუთზე ამჯერად თორნიკე აფციაურის გამოზომილი გადაცემა შეირგო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა - 3-2.

19/06/2010. ”ზესტაფონი” - ”რედ ბული” (ზალცბურგი, ავსტრია) 3-2

”ზესტაფონი”: მამალაძე, ბენაშვილი, ონიანი, ხიდეშელი (კობახიძე, 46), ელიავა, ძარია (ფიფია, 67), დაუშვილი (გორგიაშვილი, 73), აფციაური (ცხადაია, 82), ბაბუნაშვილი (გრიგალაშვილი, 61), გელაშვილი (ჩიხლაძე, 82), დვალი (ლომია, 61).

”რედ ბული”: პირველი ტაიმი - ტრემელი, დუდიჩი, შვეგლერი, სეკაგია, ულმერი, პოკრივაცი, ჩიომერი, ლაიტგები, ზარატე, იანჩერი, ვალნერი; მეორე ტაიმი - ვალკე, აუგუსტინუსენი, შიმერი, ნელისე (მეილინგერი, 70), სვენტო (აშაუერი, 79), ჰირლენდერი, მარტიკე, ადჯელი, ნსალივა, ვლადავიცი, ნგვატ მაჰოპი.

ავსტრიაში გასამართ ბოლო ტესტ-მატჩს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 23 ივნისს მოსკოვის ”დინამოსთან” გამართავს ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005