ინტერვიუ შოთა ბაბუნშვილთან.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისას "ზესტაფონს" თავდამსხმელ გოგი ფიფიასთან ერთად ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილი დაემატა. ფიფიასთან ინტერვიუ უკვე შემოგთავაზეთ, ამჯერად კი ბაბუნაშვილია რესპონდენტის როლში.
რატომ დაბრუნდა ისრაელიდან სამშობლოში, რა აზრი აქვს ახალ გუნდზე, რა მიზნებისთვის იბრძოლებს, რატომ იყო კიევში... შოთა ბაბუნაშვილთან გავესაუბრეთ ინტერვიუ, ისევე როგორც ზესტაფონელთა თავკაც გია გეგუჩაძესთან, პლზენის "ვიქტორიასთან " 12 ივნისის ამხანაგურ მატჩამდე ჩავწერეთ.
- ჯერ "ზესტაფონამდე" ამბებზე დაგეკითხებით. გასული სეზონი რუსთაველთა გუნდში დაიწყეთ, წამყვანი ფიგურა იყავით, მაგრამ ისრაელში გადაბარგდით, "ოლიმპი" კი ჩემპიონი გახდა. უკეთესი ფინანსური პირობების გამო წახვედით?
- უკეთესი პირობები იყო, უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის ვიბრძოდით, მაგრამ ეს მიზანი ვერ განვახორციელეთ.
- მხოლოდ ნახევარი სეზონით დარჩით ისრაელში, რატომ არჩიეთ დაბრუნება?
- მხოლოდ სამი კვირით მოხერხდა მეუღლისა და ოჯახის წევრების ისრაელში ჩაყვანა. ფაქტობრივად, მთელი ნახევარი სეზონის განმავლობაში მარტო ვიყავი. ძალიან გამიჭირდა და დაბრუნება გადავწყვიტე.
- "ზესტაფონში" როგორ აღმოჩნდით?
- მოგეხსენებათ, წლევანდელი ზამთრიდან მოყოლებული ისრაელში რიგით მეორე ლიგაში ნეშ ციონის "სექციაში" დავასრულე ჩემპიონატი და სამშობლოში დავბრუნდი. არ დაგიმალავთ და სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მაინც "ზესტაფონზე" გავაკეთე.
- თქვენი არჩევანი რამ განაპირობა?
- ვფიქრობდი, რომ ამ კლუბში ყველაფერი დალაგებული იყო. ვფიქრობდი, აქ მაღალი დონის პროფესიონალური კლუბი დამხვდებოდა. ამასთან, ამბიციური გუნდია და სტაბილურობით გამოირჩევა. ამას ვვარაუდობდი და არც შევმცდარვარ. ერთი სიტყვით, ამ და სხვა მიზეზების გამო, "ზესტაფონში" თამაში გადავწყვიტე და იმერულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე.
- სხვა წინადადებებიც მქონდაო, ზემოთ მითხარით. მაინც რომელი კლუბებში შეგეძლოთ კარიერის გაგრძელება?
- ქართული და ებრაული კლუბებიში გადასვლის ვარიანტები მქონდა. არც იმას დაგიმალავთ, რომ ერთი კვირის წინათაც დამირეკა აგენტმა ისრაელიდან და მითხრა, სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდე, კარგი წინადადება გამოჩნდაო. უკვე გაფორმებული მქონდა "ზესტაფონთან" კონტრაქტი და აგენტს ვუთხარი, უკლუბოდ უკვე აღარ ვარ-მეთქი.
- რამდენადაც ვიცი ნეშ ციონის "სექციას" ცოტა დააკლდა მთავარ ლიგაში გადასასვლელად...
- კი წინა გუნდს ქულით ჩამოვრჩით, მეორეადგილოსანმა კი 2 ქულით გაგვისწრო. 2 ქულით მეტი რომ გვქონოდა, მთავარ დივიზიონში გადავიდოდით.
- თქვენთან ერთად ნეშ ციონის "სექციაში" თავდამსხმელები, გაგა ჩხეტიანი და გიორი ჭელიძე იყვნენ. ისინი რჩებიან კლუბში თუ მისამართის შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი?
- გიორგი ჭელიძე წამოვიდა, გაგა ჩხეტიანი ალბათ კლუბს არ შეიცვლის.
- რამდენადაც ვიცი, ავსტრიაში, მოსამზადებელ შეკრებამდე გამგზავრებამდე თქვენ და გოგი ფიფია კიევში ორი დღით იყავით ჩასული. უკრაინაში რა გინდოდათ?
- დიახ, მართლაც ვიყავით უკრაინაში, მაგრამ ეს ვიზიტი ისევ და ისევ ზესტაფონელთა გუნდს უკავშირდებოდა. საქმე ის არის, რომ გუნდს გვიან შევუერთდით, ავსტრიაში გასამგზავრებლად სავიზო პრობლემის მოგვარებას თბილისში ვერ ვასწრებდით და კიევში ყველაფერი მალევე გაკეთდა.
- უკვე რამდენიმე დღეა "ზესტაფონში" ვარჯიშობთ. ახალ გუნდზე რა წარმოდგენა შეგექმნათ?
- პროფესიონალური გუნდია და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, კარგი მწვრთნელი გვყავს, ფეხბურთელები, პირობებიც კარგია და მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
- "ზესტაფონში" დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. შესაბამისად, ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად ბრძოლა მოგიწევთ. საამისოდ მზად ხართ?
- კონკურენცია ყველა ამბიციურ გუნდშია. პროფესიონალი ვარ და სასტარტო შემადგენლობაში დასამკვიდრებლად მზად ვარ ამ კონკურენციაში ჩავერთო. იმედი მაქვს, შესაძლებლობა მომეცემა და ჩემსას დავამტკიცებ.
- ახალ გუნდში არაერთ ფეხბურთელს იცნობთ...
- დიახ, ყველას კარგად ვიცნობ ფიფიასთან, ელიავასთან, აფციაურთან, ონიანთან ერთად ადრე ვთამაშობდი. ეროვნულ ჩემპიონატში საკმაო ხანია ვთამაშობ და გუნდში ადაპტაცია ჩემთვის ბარიერი არ იქნება.
- ფეხბურთელებთან ერთად ახალი გუნდის მწვრთნელიც არ უნდა იყოს თქვენთვის უცხო. გია გეგუჩაძესთან ადრეც მუშაობდით...
- დიახ, თბილისის გუნდში "დინამოში" მასთან ერთად ვმუშაობდი და ის პერიოდი კარგად დამამახსოვრდა, მწვრთნელმა იცის ჩემი შესაძლებლობები და ერთად მუშაობა "ზესტაფონშიც" არ გაგვიჭირდება.
- ავსტრიაში 2 კვირის განმავლობაში მოემზადებით და ძლიერ მეტოქეებთან გაქვთ საკონტროლო მატჩები. ამ შეკრებას რა მნიშვნელობას ანიჭებთ?
- პლენის "ვიქტორიასა" და "ზალცბურგზე" რომ არაფერი ვთქვათ, "ზენიტი" და მოსკოვის "დინამო" ჩინებული გუნდებია და მათ წინააღმდეგ თამაში, ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა. ამ საკონტროლო შეხვედრებში გამოჩნდება ჩვენი გუნდის რეალური ძალა, ნაკლს მეტად დავინახავთ და მის გამოსწორებაზე ვიზრუნებთ.
- ახალ გუნდში რა პოზიციაზე წარმოგიდგენიათ თქვენ თამაში?
- ნახევარდაცვის შუაში ყველაზე სარგებლიანი ვარ. ისე კი, ნახევარდაცვაში ორივე ფრთაზე მაქვს ნათამაშები. სად ვითამაშებ "ზესტაფონში", ამას მწვრთნელი გადაწყვეტს... სადაც გუნდს დავჭირდები, მზად ვარ, იმ პოზიციაზე ვითამაშო.
- რა მიზნისთვის იბრძოლებს "ზესტაფონი"?
- ჩემპიონობა, თასის მოპოვება და ევროპის ლიგაზე რაც შეიძლება მეტი ბარიერის გადალახვა. ამბიციური გუნდი ვართ და ეს მიზანი ჩვენი გუნდის შესაძლებლობებს სულაც არ აღემატება.
- ევროტურნირზე მაინც რამდენი ეტაპის გავლა მიგაჩნიათ რეალურად?
- უმთავრესად პირველ ეტაპზე უნდა ვიფიქროთ. ამ რაუნდში ისეთი გუნდები ნამდვილად არ არიან, რომელთა დამარცხება არ შეგვიძლია, მაგრამ, მეტოქის სათანადოდ შეფასებაა საჭირო... რაც შეეხება კითხვას, შარშან ამ გუნდს ძალიან ცოტა დააკლდა მეორე ეტაპს გადასალახავად და ეს წელს მაინც უნდა შევძლოთ. წილისყრაზეც ბევრი რა არის დამოკიდებული. თუ წილისყრაში გაგვიმართლებს ორზე მეტი ბარიერის გადალახვაზეც შეიძლება ფიქრი.
|