12.06.2010

 

 

ამხანაგური მატჩი ჩეხეთის თასის მფლობელთან.

 

 

2010 წლის 12 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ ჩეხეთის ეროვნული თასის მოქმედი მფლობელი, ქალაქ პლზენის საფეხბურთო კლუბი ”ვიქტორია”.

შეხვედრა, რომელიც მიუნხენის მახლობლად მდებარე დაბა ეჰინგის ”ვილი ვიდჰოფის ” სტადიონზე გაიმართა, ადგილობრივი დროით 18:30 (თბილისის დროით - 20:30) საათზე დაიწყო. ძალიან სასიამოვნო იყო ის გარემოება, რომ შეხვედრას მიუნხენში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი გულშემატკივრების ჯგუფი დაესწრო. ჩეხეთის თასის მფლობელივიქტორია” ქართველებს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდა. ამის ფონზე გასაკვირი იყო ის დიდი სათამაშო უპირატესობა, რომელსაც მატჩის პირველ ტაიმში ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ. გოლის გატანის აშკარა შესაძლებლობა სამჯერ მარტო ჯაბა დვალმა გააცუდა, იმერელთა ფორვარდს ხან მიზანმა უმტყუნა, ხანაც კარის ხაზზე სასწაულები ჩეხთა გოლკიპერმა მიხალ დანეკმა მოახდინა. გოლის გატანა თორნიკე გორგიაშვილს და ნიკოლოზ გელაშვილსაც შეეძლოთ, მაგრამ ვერც მათ გამოიყენეს ხელსაყრელი მომენტები. თუმცა ზესტაფონელთაგან დღეს თავის გამოჩენა სწორედ ამ უკანასკნელმა მოახერხა - 21-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილის "იუველირული" გადაცემის შემდეგ ნიკოლოზ გელაშვილი ჩეხთა საჯარიმოს მიუახლოვდა და მახვილი კუთხიდან ოსტატური დარტყმით ანგარიში გახსნა. ჩეხებმა ქართველებს პირველად 38-ე წუთზე შეუტიეს სახიფათოდ და პირველივე ცდაზე ანგარიშიც გაათანაბრეს - გოლის ავტორად იან რეზეკი მოგვევლინა.

მეორე ტაიმში გუნდებმა მთლიანად გამოცვალეს შემადგენლობები და საქმეში რეზერვი გამოსცადეს. უნდა ითქვას, რომ ქართველებმა აქაც ყველაფერში დაჯაბნეს მეტოქე, ერთადერთი სათამაშო კომპონენტის გარდა, იმ კომპონენტისა, რომელსაც საგოლე მომენტის რეალიზება ჰქვია. ზესტაფონელთაგან საგოლე შეტევათა დაგვირგვინება საბა ლომიას, ნიკა ჩიხლაძესა და ერეკლე ფილიას შეეძლოთ, თუმცა მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და ისიც ქართველთა კარში - 75-ე წუთზე საგოლე გასროლით პლზენში დაბრუნებულმა დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიჩინა თავი, დასანანი მარცხი - 1-2 .

ზესტაფონელებმა ასე თი შემადგენლობით იასპარეზეს :

1 ტაიმი: მამალაძე, ბენაშვილი, ხიდეშელი (კობახიძე, 39), ონიანი, ელიავა, ძარია, გორგიაშვილი, გრიგალაშვილი, აფციაური, გელაშვილი, დვალი.

2 ტაიმი: მამალაძე, დაუშვილი, ცხადაია, კობახიძე, მაკარიანი, მიქაბერიძე, ჭანკოტაძე, ფილია, გორგიაშვილი (გეწაძე, 72), ლომია, ჩიხლაძე.

შემდეგ სპარინგ-მატჩს იმერული გუნდი უეფას თასის 2008 წლის გათამაშების გამარჯვებულისა და რუსეთის თასის მოქმედი მფლობელის, სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" წინააღმდეგ 15 ივნისს გამართავს ..

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005