ზესტაფონელები ტიროლში.
2010 წლის 10 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, თბილისიდან მიუნხენამდე 3,5 საათიანი ფრენისა და მიუნხენიდან ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, დანიშნულების ადგილას, ტიროლის მხარის დაბა სანქტ ულრიხ ამ პილერზეეში ჩავიდა ...
სასტუმრო ”პილერზეეჰოფში” დაბინავებისა და რამდენიმესაათიანი დასვენების შემდეგ გუნდი გაემგზავრა მახლობლად მდებარე სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მინდორზე, სადაც იმერლებმა ალპური შეკრების პირველი ვარჯიში გამართეს. უნდა ითქვას, რომ მასპინძლები ძალიან გულთბილად შეეგებნენ სტუმართა ვარჯიშზე გამოჩენას.
ვარჯიშის დაწყებამდე გია გეგუჩაძემ ფეხბურთელებს ფიზიკურ მომზადებაში გუნდის ახალი მწვრთნელი, ხორვატი სპეციალისტი ივო კატუშიჩი წარუდგინა. ვარჯიში ხალისიან ატმოსფეროში წარიმართა, ”ზესტაფონის” ოცდახუთივე ფეხბურთელი ჯანმრთელადაა, ხვალიდან გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადადის.
პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ზეგ, 12 ივნისს, მიუნხენის მახლობლად მდებარე დასახლება ეხინგში, ჩეხეთის თასის მოქმედი მფლობელის, პლზენის "ვიქტორიის" წინააღმდეგ ადგილობრივი დროით 18:30 საათზე (თბილისის დროით - 20:30 საათი) გამართავს.
|