ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.
გეგუჩაძე-კატუშიჩის დუეტი ავსტრიაში ამოქმედდება.
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ზამთრის შესვენების პერიოდში ორი სრულფასოვანი შეკრება (თურქეთი, ესპანეთი) გაიარა, მაგრამ გუნდი, რომლისგანაც XXI ეროვნულ ჩემპიონატში გულშემატკივარი მხოლოდ ჩემპიონობას ითხოვდა, საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილებს რაღაც "გადაწვა" ეტყობოდათ. ამის მიუხედავად, იმერლები, კომბინაციურთან ერთად, ზოგჯერ ისეთ შედეგიან თამაშს უჩვენებდნენ, მათი მეტოქის ადგილზე ყოფნა კაცს არ უნდა შეგშურებოდა. თუმცა, ისიცაა, რომ არცერთი ეს "მსხვერპლი" ლიდერთა ოთხეულიდან არ იყო. "მსოფლიო სპორტი" ზესტაფონელთა თავკაცს, გია გეგუჩაძეს ავსტრიულ შეკრებაზე წასვლის წინა საღამოს დაუკავშირდა და საუბარი განვლილი სეზონის შეფასებით დაიწყო.
გია გეგუჩაძე - რთული სეზონი გვქონდა, ნამდვილად არ იყო იოლი. ჩვენი გუნდის პოტენციალიდან გამომდინარე, ალბათ, უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო.
- ხელი რამ შეგიშალათ?
- ამის მრავალი ფაქტორი არსებობს, მაგრამ ალბათ, უპირველესად, ისევ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. ბევრი გვქონდა უხარისხო თამაშები და ვეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ.
- გუნდის პოტენციალით და შუა სეზონში მომზადებით, უმრავლესობა თვლიდა, რომ "ზესტაფონი" პირველ წრეში დაკარგულ, ჩემპიონატის ლიდერობას თუ არ დაიბრუნებდა, რუსთავის "ოლიმპს" მაინც შეეწინააღმდეგებოდა ჩემპიონობისათვის ბრძოლაში. მოხდა ისე, რომ გუნდმა ვერც ერთი შეძლო და ვერც მეორე.
- განსაკუთრებით ჩემპიონატის მე-2 ნახევარში, ხშირი იყო შემთხვევები, როცა შემადგენლობიდან ძირითადის ფეხბურთელები გვაკლდებოდნენ. თუ პირველ ორ წრეში სტაბილურად ვთამაშობდით, ის სტაბილურობაც დაიკარგა. ვიმეორებ, იშვიათად გვიწევდა საუკეთესო შემადგენლობით თამაში, რამაც გავლენა საბოლოო შედეგზეც იქონია.
- იყო მოლოდინი, რომ სათამაშო ფორმის "პიკისთვის" იმ დროს უნდა მიგეღწიათ, როცა "ოლიმპთან" ჩემპიონობისთვის ბრძოლის გადამწყვეტი მატჩები გექნებოდათ. "ზესტაფონის" მიერ მაღალ დონეზე ჩატარებულ ზედიზედ 4-5 მატჩს კი, რაღაც ვერ ვიხსენებთ.
- გავლილი სეზონი უკვე ჩავლილია და იქ რაც მოხდა, მას ვეღარავინ შეცვლის. ფეხბურთელებმა, ვიდრე ხელახლა შევკრებდით, სხვადასხვა დოზით შეძლეს დასვენება. მოგეხსენებათ, ზოგი ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში გვყავდა მივლენილი და მათ ნაკლებად შეეხო დასვენების "ფუფუნება". ეს უმნიშვნელო ფაქტორი არაა. ვისაც მეტი დრო ჰქონდა, მათ სხვაგვარი დატვირთვები მივეცით.
პიკს რაც შეეხება, თავად განსაჯეთ - აუცილებელია, რომ ევროლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გავიაროთ და ამისთვის გუნდი პირველ ივლისს უკვე მზად იყოს. მერე კი, რაც შეიძლება შორს წასვლა გვაქვს მიზნად დასახული და იმედი გვაქვს, ისე მოვამზადებთ ფეხბურთელებს, ევროტურნირზე თავს არ შევირცხვენთ.
- გამოუცდელი ფეხბურთელები არ გყავთ, რომ მათი ყველა მატჩისთვის განწყობა გაგჭირვებოდათ. უცნაურია, მაგრამ ისეთი "უხერხული" მეტოქეები გყავდათ ("ლოკომოტივი", "გაგრა"), რომლებსაც თქვენგან განსხვავებით, კონკურენტები შედარებით იოლად უგებდნენ.
- სადაც კრიტიკულად მეუბნებით, იქ სასიკეთოდაც შემიძლია ვილაპარაკო. მოხარული ვარ, რომ გუნდმა კარგი ხარისხის თამაშები აჩვენა. იყო თამაშები, როცა ვერ ვახერხებდით ფეხბურთელების მოტივაციას - ეს მინუსად შეიძლება ჩაითვალოს; ბუნებრივია, ჩვენს წინააღმდეგ გაცილებით მოტივირებულად გამოდიოდნენ ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები. მთლიანობაში, ამ შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობთ, რასაც საგოლე მომენტების რეალიზებაზე აქცენტის გაკეთებაც ემატება.
- სეზონის დამთავრების შემდეგ, გუნდის ბირთვი შეინარჩუნეთ. ეს კი ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე შეთამაშების პრობლემას პრაქტიკულად გამორიცხავს. ეროვნულ ჩემპიონატზე ახალი სეზონის დაწყებისთვის კიდევ დაიმატებთ ვინმეს, თუ მათ დასჯერდებით, ვინც უკვე დაიმატეთ?
- სელექციის პროცესს არ ვწყვეტთ. გვაქვს პოზიციები, რომლებიც გაძლიერებას ითხოვს - ეს განსაკუთრებით დაცვის ხაზს შეეხება. სამწუხაროდ, შეტევაშიც ისე მოხდა, წინამძღვრიშვილი გამოგვაკლდა და ევროლიგაზე მის იმედად ყოფნა გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ალბათ, შეტევაშიც გვარგებდა ფეხბურთელის დამატება. ნახევარდაცვაში ბევრი შემქმნელი ფეხბურთელი გვყავს და ის მიზანი, რომ ერთ პოზიციაზე 2 თანაბარი შესაძლებლობის ფეხბურთელი გვყავდეს, აქ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მოგეხსენებათ, წინ ხანგრძლივი სეზონი გველოდება და შუა ხაზში როგორი კონკურენციაც გვაქვს, არც სხვა ამპლუებში გვაწყენდა.
- ახალი ფეხბურთელების დამატებას ავსტრიული შეკრებისას შეიძლება ველოდოთ, თუ უფრო მოგვიანებით - ჩემპიონატის დაწყებამდე.
- ახლა კონკრეტულად ვინმეზე საუბარი არ არის. ჩვენ სელექციას ვაგრძელებთ და სიახლე ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.
- საუბარი იყო ფიზმომზადების ხორვატი მწვრთნელის, ივო კატუშიჩის "ზესტაფონში" მოსვლაზე.
- ყველაფერი დადებითად გადაწყდა - გუნდს კატუშიჩი უცხოურ შეკრებაზე შეუერთდება.
- ამ სპეციალისტის შესახებ მისი "დინამოში" მუშაობიდან გაიგეთ, თუ კატუშიჩის მუშაობის მეთოდებზე მანამდეც იცოდით.
- უფრო გარედან ვიცოდით კატუშიჩზე და პრაქტიკულად, ყველაფერი თბილისში მისი მუშაობით დადასტურდა. ჩემი აზრით, ხორვატი სპეციალისტის მომზადებული "დინამო" ფიზმომზადებით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო.
|