ინტერვიუ გოგი ფიფიასთან.
ზესტაფონში სიხარულით დავბრუნდი.
ახლად გახსნილი ქართული სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გოგი ფიფიას ზუგდიდის "ბაიადან" "ზესაფონში" გადასვლაა. ეს ტრანსფერი ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან რამდენიმე წლის წინ ფიფიას მიერ იმერული კლუბის დატოვება გახმაურებულ ამბად იქცა. თავად ფეხბურთელი კი "ლელოსთან" ინტერვიუში "ზესტაფონში" დაბრუნების გამო სიხარულს გამოთქვამს და დარწმუნებულია, რომ თავის ძველ-ახალ გუნდს სარგებლობას მოუტანს.
- რამდენიმე წლის წინ "ზესტაფონთან" მართლაც მომივიდა გარკვეული უთანხმოება, მაგრამ ის ამბავი წარსულს ჩაჰბარდა და ახლა მისი გახსენება აღარც ღირს. ამ გუნდს დიდი სიამოვნებით ვუბრუნდები. მასთან ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ახალ სეზონს დიდი იმედებით ველი. კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ "ზესტაფონში" მაქვს გატარებული და ძალიან მსიამოვნებს, კვლავ ნაცნობ და ახლობელ გარემოში რომ აღმოვჩნდი.
- როცა "ზესტაფონისგან" წინადადება მიიღეთ, არ გაგკვირვებიათ?
- ძველი შემთხვევის მიუხედავად, არ გამკვირვებია, ეს მიწვევა ჩემთვის უფრო იმიტომ იყო მოულოდნელი, რომ ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში ახალი განახლებული მქონდა და არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ "ზესტაფონის" დონის გუნდი ჩემით დაინტერესდებოდა. "ზესტაფონი" ხომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და იქ სიხარულით დავბრუნდი. ეს ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია. მიზეზთა გამო, ბევრი დრო დავკარგე და ახლა ძველ დონეზე ისევ "ზესტაფონში" უნდა ავთამაშდე.
- "ზესტაფონის" გარდა, სხვა საინტერესო შეთავაზებები თუ გქონდათ?
- მქონდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ყველაზე ხელსაყრელი ჩემთვის "ზესტაფონის" წინადადება იყო.
- უცხოური კლუბებიც ხომ არ გეპატიჟებოდნენ?
- იყო ასეთი ვარიანტებიც, მაგრამ ყველა სინჯებს მთავაზობდა და გადავწყვიტე, აღარ გამერისკა. სავსებით შესაძლებელი იყო, დრო ტყუილად დამეკარგა და "ზესტაფონიც" გვერდზე დამრჩენოდა. უცხოეთში წასვლა ნამდვილად არაა ჩემი თვითმიზანი და ამიტომაც უპირატესობა ყველაზე ნაღდ და მიმზიდველ შემოთავაზებას მივანიჭე.
- "ზესტაფონში" მრავლად დარჩნენ ის ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც ამ გუნდში ადრეც გითამაშიათ.
- დიახ, ამითაც ძალიან გახარებული ვარ. "ზესტაფონის" ზოგ მოთამაშესთან ერთად წლების წინაც გვერდიგვერდ ვთამაშობდი, ზოგი მათგანი კი სხვაგან ყოფილა ჩემი თანაგუნდელი. მოკლედ, ძალიან შინაურ გარემოში მოვხვდი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ადაპტაციისთვის დრო საერთოდ არ დამჭირდება.
- თქვენს ამჟამინდელ ფორმას როგორ შეაფასებთ?
- "ზესტაფონმა" შეკრება უკვე დაიწყო. გუნდი ჯერჯერობით თბილისში ვარჯიშობს და ბუნებრივია, მეც ბიჭებთან ერთად ვარ. საკუთარ თავს ვატყობ, რომ ნორმალურ კონდიციებს ვუახლოვდები და სულ მალე ოპტიმალურ ფორმაშიც შევალ. საბედნიეროდ, ტრავმებს დიდი ხანია, აღარ შევუწუხებივარ და ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ევროთასებზე ჩემს შესაძლებლობებს სრულად წარმოვაჩენ. დროა, "ზესტაფონმა" საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვოს და დარწმუნებული ვარ, გუნდი ამ მიზნისთვის ბრძოლას შეძლებს. ამას გარდა, ევროტურნირებზეც შეგვწევს რამდენიმე ეტაპის გადალახვის ძალა.
- უკვე იცით, რომელ ამპლუაში მოგიწევთ "ზესტაფონში" თამაში?
- ჯერ არა, თუმცა ამას ჩემთვის არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მზად ვარ, ვითამაშო როგორც ცენტრფორვარდის, ასევე უკანდახეული თავდამსხმელის პოზიციაზე.
- ახალ გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენცია დაგხვდათ.
- ძალიანაც კარგი, ეს მეტად მახარებს. კონკურენციის გარეშე წარმოუდგენელია, გუნდმა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. მზად ვარ, ჯანსაღ კონკურენციაში მოვიპოვო მოედანზე გასვლის უფლება. "ზესტაფონს" ყველა ამპლუაში მაღალი დონის არაერთი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ მე საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და იმის დასამტკიცებლად ვიბრძოლებ, რომ ტყუილად არ მომიწვიეს. კონკურენცია კი "ზესტაფონში" კი არა, ზუგდიდის "ბაიაშიც" სერიოზული იყო.
- "ბაიაში" გატარებულ პერიოდს როგორ შეაფასებთ?
- შემთხვევით ვისარგებლებ და "ბაიას" ხელმძღვანელობასა და მწვრთნელებს თანადგომისა და ნდობისთვის დიდ მადლობას გადავუხდი. სწორედ ზუგდიდში შევძელი რამდენიმეწლიანი ჩავარდნის აღმოფხვრა. ამ გუნდში ჩემი სჯეროდათ და მეც მაქსიმალურად ვცდილობდი, მისთვის სარგებლობა მომეტანა. "ბაია" დიდი ბრძოლით უმაღლეს ლიგაში დარჩა და მოხარული ვარ, ამაში მოკრძალებული წვლილი მეც რომ შევიტანე. თუმცა გულახდილად ვიტყვი, რომ "ბაიამ" ჩემთვის გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე მე "ბაიასთვის".
|