ნოდარ ახალკაცის თასი ზესტაფონშია.
მიმდინარე წლის 27 მაისს ქალაქ სამტრედიაში გაიმართა ნოდარ ახალკაცის სახელობის საქართველოს თასის 2009-2010 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისა" და ზუგდიდის ”ბაიას” გუნდები დაუპირისპირდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, ნოდარ ახალკაცის სახელობის თასის წლევანდელ გათამაშებაში 1992-1993 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდები იყვნენ ჩართულები. მეოთხედფინალში ცხინვალის ”სპარტაკის” და ნახევარფინალში თბილისის დინამოელთა მძლეველმა მარგველებმა (მწვრთნელი - მალხაზ ღონღაძე) გადამწყვეტი შეხვედრის პირველივე წუთებიდან ხელთ იგდეს სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა და რამდენიმე ეპიზოდში მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ. თუმცა, ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში (50-ე წუთი) გაიხსნა - ზუგდიდელი მცველის საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად ნოდარ გაჩეჩილაძემ აქცია. ამის შემდეგ იმერლებმა ყურადღება ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გაამახვილეს, ზუგდიდელები კი მატჩის გადარჩენას შეეცადნენ. უნდა ითქვას, რომ არა ზესტაფონელთა დაცვისა და გოლკიპერ კახა მეშველიანის საიმედო თამაში, "ბაიას" ფეხბურთელები შეძლებდნენ კიდეც მატჩის დამატებით დროში გადაყვანას. ბოლო წუთებზე უკვე ზესტაფონელებმა წამოიწყეს რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა, მაგრამ ზუგდიდიდან და ზესტაფონიდან სამტრედიაში მრავლად ჩამოსულ გულშემატკივარს დაკმაყოფილება მხოლოდ ნოდარ გაჩეჩილაძის გოლით მოუხდა. "ზესტაფონი" - ნოდარ ახალკაცის თასის მფლობელია!
”ზესტაფონი-2”: მეშველიანი, გრიგალაშვილი, ფერაძე, ტყეშელაშვილი, ლურსმანაშვილი, გაგოშიძე, გაჩეჩილაძე, კიკნაველიძე (ქავთარაძე, 90), სულაქველიძე (შარვაძე, 42), ხანთაძე (რობაქიძე, 77), ღირდალაძე (კუხიანიძე, 67).
სათადარიგოები: გიორგაძე, ფოცხვერაშვილი, ლომთაძე.
|