24.05.2010

 

 

ლაურეატი მცველი, ფორვარდი, განათება და ქომაგი.

 

 

 

 

2010 წლის 24 მაისს გაზეთმა "ოლიმპმა" გამოაქვეყნა XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ლაურეატთა სია. სასიხარულოა, რომ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა შორის საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” წარმომადგენლებიც გვხვდებიან.

 

გაზეთ ”ოლიმპის” ვერსიით XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურებნა:

მეკარე - მაქსიმე ქვილითაია; მარჯვენა მცველი - შოთა კაშია; მარჯვენა ცენტრალური მცველი - გურამ კაშია; მარცხენა ცენტრალური მცველი - გიორგი ონიანი; მარცხენა მცველი - თენგიზ ჩიკვილაძე; მარჯვენა ნახევარმცველი - ირაკლი კლიმიაშვილი; მარჯვენა საყრდენი ნახევარმცველი - დავით იმედაშვილი; მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველი - გივი კვარაცხელია; მარცხენა ნახევარმცველი - გიორგი კახელიშვილი; უკანდაწეული ფორვარდი - ანდერსონ აკინო; ცენტრფორვარდი - ნიკოლოზ გელაშვილი.

XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულია რუსთავის ”ოლიმპის” ფეხბურთელი ანდერსონ აკინო, საუკეთესო მწვრთნელად მიჩნეულია თემურ მახარაძე, საუკეთესო მეკარედ - მაქსიმე ქვილთაია, საუკეთესო მცველად - გურამ კაშია, საუკეთესო ნახევარმცველად - დავით იმედაშვილი, ხოლო საუკეთესო თავდამსხმელად - ზესტაფონელი ნიკოლოზ გელაშვილი.

წლის აღმოჩენად მიჩნეულია დინამოელი გიორგი თექთურმანიძე, საუკეთესო არბიტრად - ლაშა სილაგავა, ჩემპიონატის იმედგაცრუებად - თბილისის ”ლოკომოტივის” წარუმატებელი ასპარეზობა, ხოლო 3 უმნიშვნელოვანეს მოვლენას შორის, რუსთავის ”ოლიმპის” ჩემპიონობასა და ტრადიციული საფეხბურთო ქალაქების (ქუთაისი და ფოთი) ელიტაში დაბრუნებასთან ერთად, ზესტაფონის სტადიონზე განათების დამონთაჟება და საღამოს მატჩების გამართვაა დასახელებული.

ძალიან სასიამოვნოა ”საუკეთესო ქომაგების” ნომინაციაში ზესტაფონელი ქომაგების გამარჯვება. გთავაზობთ მცირე ამონარიდს გაზეთ ”ოლიმპის” დღევანდელი პუბლიკაციიდან: "არა აქვს მნიშვნელობა, იგებს თუ აგებს "ზესტაფონი", მისი გულშემატკივრები ყოველთვის გუნდთან ერთად არიან, ჭირშიც და ლხინშიც ამხნევებენ თავისიანებს! გულშემატკივართა კლუბის ხელმძღვანელის კოტე ბოჭორიშვილის თამადობით ვულოცავთ მათ ამ აღიარებას!"


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005