2010 წლის 20 მაისს დასრულდა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი. ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” უმასპინძლა.
საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დასკვნითი მატჩის პირველი ნახევარი ზესტაფონელი ალექსი ბენაშვილის "ბენეფისად" იქცა - იმერელთა ნახევარმცველმა ჯერ 8-ე წუთზე შორიდან დარტყმულით დააწინაურა თავის გუნდი, ხოლო 41-ეზე, ისარგებლა რა ზუგდიდელთა დაცვის შეცდომით, თავის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.
მეორე ტაიმიც მასპინძელთა საგრძნობი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. თუმცა, გოლები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა მხოლოდ მატჩის მიწურულს იხილა. 87-ე წუთზე თავი ზესტაფონის საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა გიორგი ჭანკოტაძემ გამოიჩინა, 90-ეზე კი მისივე გადაცემით მატჩს საბოლოო წერტილი ნიკა ჩიხლაძემ დაუსვა - 4-0.
არბიტრ მამუკა ურუშაძის საფინალო სასტვენის შემდეგ გულშემატკივარმა მიულოცა საყვარელ გუნდს კლუბის ისტორიაში მეორედ საპრიზო სამეულში მოხვედრა და წარმატება უსურვა მას კარსმომდგარ ევროპის ლიგის გათამაშებაში.