მიმდინარე წლის 19 მაისს ქალაქ ზესტაფონში გაიმართა ნოდარ ახალკაცის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისა" და თბილისის ”დინამოს” გუნდები დაუპირისპირდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, ნოდარ ახალკაცის სახელობის თასის წლევანდელ გათამაშებაში ჩართულები 1992-1993 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდები არიან. მეოთხედფინალში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 1993 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდი (მწვრთნელი - მალხაზ ღონღაძე) ცხინვალის ”სპარტაკს” დაუპირისპირდა და ორი შეხვედრის ჯამში შიდაქართლელები დაამარცხა - 2-1; 3-2. ნახევარფინალში კი ახალგაზრდა ზესტაფონელ ფეხბურთელებს თბილისის დინამოელები შეხვდნენ. თბილისში გამართული პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით (3-2) დასრულდა, ზესტაფონელთაგან თავი ჯემალ ხანთაძემ და ნოდარ გაჩეჩილაძემ გამოიჩინეს. განმეორებითი შეხვედრა კი ზემოიმერელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე დამსახურებული გამარჯვებითაც დასრულდა - 4-1 ( გოლები: დავით ფერაძე -2, ბერდია შარვაძე და ნოდარ გაჩეჩილაძე). შედეგად, მარგველები ნოდარ ახალკაცის სახელობის თასის ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 27 მაისს გაიმართება, ზუგდიდის "ბაიას" გუნდს დაუპირისპირდებიან.