17-18.05.2010

 

 

ინტერვიუ უჩა ლობჟანიძესთან.

უჩა ლობჟანიძე "დნიპროში" შინაური კაცია.

 

 

 

ყველას კარგად გვახსოვს ბოლო წლების სარეკორდო ქართული ტრანსფერი. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მცველმა უჩა ლობჟანიძემ კარიერა დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" განაგრძო. მაშინვე გამოვთქვით ვარაუდი, რომ ამ უაღრესად დისციპლინირებულ, შრომისმოყვარე და კარგი საფეხბურთო თვისებებით დაჯილდოებულ მოთამაშეს უკრაინული ტოპ-კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება არ გაუჭირდებოდა. სავსებით ლოგიკური იყო თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილება, რომელმაც ლობჟანიძე ეროვნულ გუნდში გამოიძახა კარსმომდგარი მატჩებისათვის.
ლობჟანიძე რუსთავის "ოლიმპისა" და "ზესტაფონის" მატჩს დაესწრო და ყოფილი თანაგუნდელები ტრიბუნებიდან გაამხნევა.


- "დნიპროში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ძირითადის ფეხბურთელად ვითვლები და სისტემატურად ვთამაშობ, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
- შენ დღემდე ითვლები ზესტაფონელი გულშემატკივრის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ყოვილი გუნდის საქომაგოდ მოხვედი...
- "ზესტაფონი" ჩემი საყვარელი კლუბია! ყოველთვის მის ქომაგად დავრჩები. რა თქმა უნდა, სისტემატურად ვინტერესდები კლუბის ამბებით. "ზესტაფონის" სიახლეებს საიტის საშუალებით ვეცნობი, რომელიც ძალიან ოპერატიულად მუშაობს. ასევე ვეკონტაქტები ბიჭებს.
- ისევ "დნიპროს" მივუბრუნდეთ. უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში დამკვიდრება იოლი არ უნდა იყოს. არ გაგიჭირდა?
- რა თქმა უნდა, შეგუების მომენტი ყოველთვის არის. თავიდან ძირითადში სწორედ ამის გამო არ ვთამაშობდი სისტემატურად, მაგრამ გაჭირვება არაფერ შუაშია. "ზესტაფონში" ფიზიკურად ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული. თანაც ამ გუნდმა საშუალება მომცა, რეგულარულად მეთამაშა საქართველოს ნაკრებში და საერთაშორისო მატჩების გამოცდილებაც მიმეღო.
მართალი ბრძანდებით, უკრაინის ჩემპიონატში ფიზიკურ მომზადებას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არც ამ კუთხით მიგრძნია თავი დაჩაგრულად.
- "დნიპრო" ძალიან სტაბილურად ასპარეზობდა უკრაინის წლევანდელ ჩემპიონატში. გუნდს მხოლოდ კიევის "დინამოსა" და "შახტართან" გაუჭირდა კონკურენციის გაწევა.
- "შახტარი" და კიევის "დინამო" მაინც ცალკე დგანან. თუმცა, "დნიპროს" ხელმძღვანელობა მაინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნელ-ნელა დაეწიოს კიევისა და დონეცკის კლუბებს. ისიცაა, რომ უკრაინის ნაკრებში უფრო მეტად "დნიპროს" ფეხბურთელებს იწვევენ, რადგან ეს გუნდი უკრაინელებს უფრო სწყალობს, ვიდრე "დინამო" და
"შახტარი".
- ზოგადად, ფეხბურთელებს ადაპტაციის გავლა უჭირთ ხოლმე ახალ კლუბში, თუმცა შენი სიტუაცია სხვაა, როცა კლუბში გხვდება უახლოესი მეგობარი და ისეთი პიროვნება, როგორიცაა ბექა გოცირიძე, ყველა პრობლემა მოხსნილია.

- აბსოლუტურად სწორი შეფასებაა. ბექას მინდა მივულოცო სრული დაბრუნება დიდ ფეხბურთში. ის მართლაც ჩემი უახლოესი მეგობარია. რა თქმა უნდა, სულ ერთად ვართ. "დნიპრო" სხვა მხრივაც ძალიან მეგობრული გუნდია. არანაირი პრობლემა არ არის ურთიერთობის მხრივ. ჯაბა კანკავაც ბრწყინვალე ადამიანია. მასთანაც ვმეგობრობ.
- უკრაინაში მოთამაშე ქართველებზე რას იტყვი?
- სხვათა შორის, უკრაინული მედია ყოველთვის კარგად არის განწყობილი ჩვენების მიმართ. ქართველები უკრაინულ კლუბებში კარგად გამოიყურებიან, იგივე გიგიაძე, გურული. ირაკლი მოდებაძეც ნელ-ნელა იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას.

ალეკო კაკაურიძე, გაზეთი "ოლიმპი"

 

უჩა ლობჟანიძე: ნაკრებისთვის ფეხბურთელებს მწვრთნელი არჩევს და ეს ყველამ უნდა გავიგოთ!

 

უკრაინის ჩემპიონატი დასრულდა და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ქართველი ლეგიონერები საქართველოში დაბრუნდნენ. უჩა ლობჟანიძე რუსთავში,"ოლიმპი"-"ზესტაფონის" მატჩის დროს ვნახეთ. სტადიონზე მისულმა ჯერ ის იკითხა, "ზესტაფონის" გულშემატკივრები სად სხედანო და მერე მათთან ერთად დაჯდა. ეს არ არის უბრალო ნიუანსი იმ ფონზე, როცა ბევრმა ფეხბურთელმა გულშემატკივრის დაფასება არ იცის...

- "დნიპროში" პირველი უკრაინული სეზონი დაასრულეთ. მარტივი კითხვა: რა იყო კარგი და რა - ცუდი?
- ცუდი ბევრი არაფერი, მაგრამ მაინც იყო. "ზესტაფონში" ჩემი მეგობრები, ნაღდი გულშემატკივრები დავტოვე და ხშირად ვეღარ ვხედავ. ამაზე გული ძალიან მწყდება, მათ გარეშე გამიჭირდა... "ზესტაფონი" ხომ მხოლოდ გუნდი არ იყო, ყველა ერთმანეთის მეგობრები ვიყავით, ხალხისგანაც უდიდესი სითბო მახსოვს... დადებითი მოვლენა კი ბევრად უკეთეს ლიგაში გადასვლაა. "დნიპროში" კარგი სიტუაციაა, ფეხბურთელები თბილად შემხვდნენ, თუმცა თავიდან გამიჭირდა, რაც ახალ გუნდში ყველა ფეხბურთელისთვის პრობლემაა. თან ენობრივმა ბარიერმაც შემიშალა ხელი. თუმცა მთავარი მაინც თამაშია და ნელ-ნელა პრობლემა მოვაგვარე, მათამაშებენ და მენდობიან.
- თქვენმა თაობამ ინგლისური უფრო იცის, ვიდრე რუსული. ეს არახალი პრობლემაა...
- სიტუაცია დალაგდა მას მერე, რაც მათამაშებენ, ბიჭებსაც უფრო შევეწყვე, ენაც ნელ-ნელა ავითვისე და უკვე ყველაფერი მესმის, მესმის და, ასე თუ ისე, ვლაპარაკობ კიდეც. თუმცა რუსულად ინტერვიუს ჯერ ვერ ვიძლევი.
- აბა, "დნიპროს" ვებგვერდზე გამოქვეყნებული თქვენი ინტერვიუ რომელ ენაზე ჩაიწერეს?
- დნეპროპეტროვსკში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი მეხმარებოდა, ის თარგმნიდა.
- თქვენი ათლეტურობიდან გამომდინარე, ბევრი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინის ჩემპიონატში დამკვიდრება არ გაგიჭირდებოდათ...
- რომ ვთქვა, იოლად მოვერგე და პრობლემა არ მქონია-მეთქი, ტყუილი იქნება. "დნიპრო" სერიოზული გუნდია, დიდი კონკურენციაა და ასე იოლად ძირითადში ვერ მოხვდები. ვერ ვიტყვი, რომ უკვე ძირითადის ფეხბურთელი ვარ. ყველა შეხვედრაში უნდა დაუმტკიცო მწვრთნელს, რომ მომდევნო ტურში თამაშს იმსახურებ.
- თქვენი სტილიდან გამომდინარე, უკრაინაში თამაში მაინც გაგიადვილდებოდათ - შეტევებში ჩართვაზე მეტად, მცველებს ბურთის წინ გადაგდება ევალებათ...
- ეს ბევრისგან გავიგე, უკრაინაში დაცვითი ფეხბურთი უყვართ, შენი სტილია და შეტევაში ჩართვა არ მოგიწევსო... "დნიპროსთან" დაკავშირებით, ეს მცდარი შეხედულებაა. პირიქით, მწვრთნელი შეტევებში ჩართვას მთხოვს, სხვანაირად არც შეიძლება.
- საქართველოდან უცხოეთში წასულ ფეხბურთელთა სარეკორდო ტრანსფერების სიაში, გიორგი ქინქლაძის შემდეგ დამკვიდრდით - "დნიპრომ" "ზესტაფონს" 2 მილიონი ევრო გადაუხადა. ბუნებრივია, ეს ფაქტი გეამაყებათ...
- რა თქმა უნდა, ამგვარი შეფასება მსიამოვნებს, მაგრამ მთავარია, ითამაშო და გაიზარდო. სარეკორდო ტრანსფერის შემდეგ სკამზე მოხვედრა არასასიამოვნოა. ასე რომ, რეკორდული ტრანსფერი არანაკლები პასუხისმგებლობაცაა.
- ...და ამ ტრანსფერის შემდეგ უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ეწერა - შესაძლოა, ლობჟანიძე კობახიძესავით "კრივბასში" გაანათხოვრონო...
- ეს არასწორი ინფორმაცია იყო, მსგავსი ლაპარაკი გუნდში არასდროს ყოფილა. თავიდან ფეხი ვიტკინე, ვერ ვთამაშობდი, სეზონის მსვლელობისას დავშავდი და, ალბათ, უთამაშებლობიდან არასწორი დასკვნა გამოიტანეს. თუმცა მალე მოვმჯობინდი, ჩემმა კონკურენტმა ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მწვრთნელმა მე დამაყენა და მას მერე მენდობა. ზოგი მატჩი კარგად ჩავატარე, ზოგშიც ისე ვერ ვითამაშე, როგორც საჭირო იყო, მაგრამ სათამაშო პრაქტიკამ უფრო თავდაჯერებული გამხადა.
- ვარჯიშებიც ხისტია?
- მოდი, ასე ვიტყვი - სათამაშო სიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოებული. როგორც თამაშის დროს არ გინდობენ, ასევეა ვარჯიშებზეც. მატჩის წინ, მთავარი ვარჯიშის დროს, თავი ჩვეულებრივი თამაშზე მგონია.
- თემურ ქეცბაიამ ავსტრიაში კამერუნთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მიგიწვიათ. თუმცა მოულოდნელი იყო, ესტონეთთან რომ არ მიგიწვიეს. თქვენი აზრით, რატომ არ დაგიძახათ ქეცბაიამ?
- მწვრთნელმა ყველაზე უკეთ იცის, ვის და რატომ იწვევს, ან არ იწვევს. ალბათ, ქეცბაიას ჰქონდა რაღაც მიზეზი... ნაკრებში წინა ციკლის დროს მოვხვდი, გუნდს შედეგი არ ჰქონდა და შესაბამისად, მეც ვერ გამოვიყურებოდი კარგად.
- თბილისში კვიპროსთან მატჩი რომ ჩააგდეთ, ქეცბაიაზე გავლენა ალბათ ამან მოახდინა...
- არ ვიცი, შესაძლოა... ნაკრებისთვის ფეხბურთელებს მწვრთნელი არჩევს და ეს ყველამ უნდა გავიგოთ. მე კი ყოველთვის ვეცდები, მიწვევა დავიმსახურო.

- "დნიპროში" გადასვლის შემდეგ, თეორიასა და ტაქტიკაში უფრო განსწავლული გახდით?
- საქართველოდან გაუნათლებელი ნამდვილად არ წავსულვარ. ბავშვობაშიც, "დინამოშიც" და განსაკუთრებით "ზესტაფონში" გია გეგუჩაძესთან მუშაობით ბევრი რამ ვისწავლე. ტაქტიკურად მართლა არ მიჭირს, ახალ გარემოსთან შეგუება კი უფრო მიჭირდა, მაგრამ ესეც მოგვარდა და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, უკრაინის ჩემპიონატში "ზესტაფონის" ბევრი ფეხბურთელი ითამაშებდა. აქ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია.
- ფეხბურთში ბექა გოცირიძის დაბრუნებამ ძალიან გაგვახარა. ის დუბლებში ათამაშდა და გოლების გატანაც დაიწყო. თქვენი აზრით, ჩვეულებრივ დატვირთვებზე ასე სწრაფად როგორ გადაერთო?
- ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდა და მონდომებითაც ვარჯიშობს. დუბლებისა და ძირითადი გუნდის თამაშების გრაფიკი ისეა შედგენილი, მის თამაშებს ყოველთვის ვერ ვესწრები, მაგრამ მთელი გუნდი ლაპარაკობს, რომ გოცირიძის დაბრუნება სასწაულია და რომ კარგად ათამაშდა... ბოლოს ძირითად გუნდში ვარჯიშობდა და იცით, რამ გამაოცა? თითქოს, არანაირი პაუზა არ ჰქონია, ჩვეულებრივი დატვირთვები აქვს და არანაირი პრობლემა არ ეტყობა, უკვე ფორმაში შევიდა და ჯანზეცაა. ძალიან მიხარია. ჯერ ერთი, რომ მეგობრები ვართ და მეორეც - ნიჭიერია და მისი დაკარგვა საცოდაობა იქნებოდა. უკვე დარწმუნებული ვარ, ბექა მალე "დნიპროს" ძირითადშიც დაბრუნდება. ამაზე კლუბში უკვე ლაპარაკობენ. იმედია, მერე ბექას ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების დროც დადგება.

მერაბ მამულაშვილი,გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005