2010 წლის 9 მაისს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთოთხმეტე ტურის მატჩები. გორში, სტადიონ "ქართლზე" საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ესტუმრა ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს”.
მატჩის პირველივე წუთზე სტუმრები უნდა დაწინაურებულიყვნენ - ჯაბა დვალი ცხინვალელთა გოლკიპერ ზურაბ ბათიაშვილთან პირისპირ აღმოჩნდა, მეკარესთან კონტაქტის შედეგად ზესტაფონელთა ფორვარდი საჯარიმოში წაიქცა, თუმცა მატჩის არბიტრმა ლაშა სილაგავამ ამ ეპიზოდში წესების დარღვევა ვერ აღმოაჩინა. 9-ე წუთზე კი ანგარიში გაიხსნა - ლადო ბურდული სტუმართა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩა და ბურთი ზურაბ მამალაძის კარში გადაგზავნა. ზესტაფონელებმა შეუტიეს და რამდენიმე ეპიზოდში ახლოსაც იყვნენ მიზანთან - ხელსაყრელი მომენტი ირაკლი ძარიამ, ჯაბა დვალმა და ნიკოლოზ გელაშვილმა ვერ გამოიყენეს. თუმცა სტუმართა მომნდომებამ შედეგი მაინც გამოიღო - 45-ე საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისათვის დანიშნული პენალტი გოლად მიმდინარე სეზონში იმერელთა საუკეთესო ბომბარდირმა ნიკოლოზ გელაშვილმა აქცია.
მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე სტუმრები დაწინურდნენ - თავი 53-ე წუთზე ჯაბა დვალმა გამოიჩინა. ამის შემდეგ თამაში დაწყნარდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დროებით. მატჩის დასკვნითი ნაწილი სტუმრებმა ისევ აქტიურად ჩაატარეს და კიდევ ორი გოლიც შეჰმატეს საკუთარ აქტივს - 80-ე წუთზე თავი შეცვლაზე შესულმა ნიკა ჩიხლაძემ გამოიჩინა, 85-ეზე კი ჯაბა დვალმადუბლიც მიითვალა. არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ლადო ბურდულს მართებდა ანგარიშის შემცირება, მაგრამ 11-მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა.
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა 35-ე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 15 მაისს რუსთავში გამართავს. იმერელთა მეტოქე საქართველოს 2010 წლის ჩემპიონი ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”ოლიმპი” იქნება ...