01.05.2010

 

 

პრინციპულ მეტოქეთა მორიგი შეხვედრა.

 

 

 

2010 წლის 1 მაისს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთორმეტე ტურის მატჩები. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ესტუმრა უშუალო კონკურენტ თბილისის ”დინამოს”.

 

შეხვედრის დებიუტშივე თავის გუნდის დაწინაურება ნიკოლოზ გელაშვილს მართებდა, თუმცა დინამოელთა გოლკიპერთან პირისპირ გასული ფორვარდისა და გიორგი ლორიას დუელი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ბურთს მეტად სტუმრები აკონტროლბდნენ, თუმცა 18-ე წუთზე ანგარიში დინამოელებმა გახსნეს - გურამ კაშიას დატმული საჯარიმოს შემდეგ როინ კვასხვაძემ ბურთი ვერ დაიმორჩილა და იმერელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ჯორჯ აკირემიმ ისარგებლა. მალევე ჯაბა დვალს შეეძლო გათანაბრება, მაგრამ მისი თავური ოდნავ ასცდა დინამოელთა კარს. 35-ე წუთზე კი მასპინძელთა სწრაფი კონტრიერიში ისევ ჯორჯ აკირემიმ დააგვირგვინა და თავის გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევარი სტუმართა აქტიურობით იო დასამახსოვრებელი, იმერლები ბურთსაც და ტერიტორიასაც უფრო ხშირად აკონტროლებდნენ, თუმცა აშკარა საგოლე მომენტამდე საქმე იშვიათად მიდიოდა. გამოსარჩევია ჯაბა დვალის სახიფათო თავური დატმები, მაგრამ თუ პირველ ეპიზოდში გიორგი ლორიას საიმედო თამაშია აღსანიშნავი, მეორეში იმერელთა ფორვარდს მიზანმა უმტუნა. დინამოელთა გამარჯვება - 2-0.

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "ჩემს ხელში ასეთი ცუდი და უხარისხო თამაში არასოდეს უთამაშია "ზესტაფონს". პრობლემები ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ და იმედია, უკეთეს გზებს მოვძებნით. შესაძლოა, ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გუნდი ისევ შენების პროცესშია. ევროტურნირებისთვის ფეხბურთელების დამატებას და გაძლიერებას ვაპირებთ".

კახა კაჭარავა ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "როდესაც "დინამო" - "ზესტაფონია", ორივე გუნდი ცდილობს, ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს. მე-2 ნახევარში შედარებით იკლო ტემპმა. ჩვენ საქმის ნახევარი შესვენებამდე გავაკეთეთ. ევროტურნირებისთვის გუნდი გაძლიერდება. რაც შეეხება ძმები კაშიების გუნდიდან შესაძლო წასვლას, პირადად, დიდი სურვილი მაქვს, ორივენი დარჩნენ. თუმცა, საფეხბურთო ცხოვრება ასეთია: გუნდის შემადგენლობა ხშირად იცვლება".

 

01/05/2010 - ”დინამო” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 2-0

დაწვრილებით:

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 5 მაისს გამართავს. მარგველთა მეტოქე ქვენის ექს-ჩემპიონი თბილისის ”ვიტ-ჯორჯია” იქნება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005