მატჩი ბოლნისელებთან.
2010 წლის 25 აპრილს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩები. დათო აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ბოლნისის ”სიონს” უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ტაიმი, მასპინძელთა საგრძნობი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, უგოლოდ - 0-0 დასრულდა. არადა, ნიკოლოზ გელაშვილს ორ ეპიზოდში აშკარა საგოლე მომენტის გამოყენება ნამდვილად მართებდა, პირველ ეპიზოდში ბოლნისელთა მხარეს მათივე კარის ხარიხა აღმოჩნდა, მეორეში კი მასპინძელთა ბომბარდირს მიზანმა უმტყუნა.
მეორე ტაიმიც მასპინძელთა შეტევების ”აკომპანემენტით” წარიმართა, თუმცა ბოლნისელთა ”გატეხვა” იმერლებმა მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხეს - მიმდინარეობდა მატჩის 80-ე წუთი, როდესაც თორნიკე აფციაურის მიერ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებული ბურთი მინდია ბობღიაშვილის კარის ბადეში რატი წინამძღვრიშვილმა გადაგზავნა - ზემოიმერელთა გამარჯვება - 1-0.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში გატანილი გამარჯვების გოლი გახლავთ რატი წინამძღვრიშვილის პირველი გოლი, რომელიც ახალგაზრდა ფორვარდმა გაიტანა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით ასპარეზობისას ოფიციალურ შეხვედრაში.
|
25/04/2010 - ”ზესტაფონი” - ”სიონი”(ბოლნისი) 1-0 |
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის 32-ე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 1 მაისს თბილისში გამართავს. იმერელთა მეტოქე საქართველოს 13-გზის ჩემპიონი, თბილისის საფეხბურთო კლუბი ”დინამო” იქნება ...
|